აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც ტრამპს ემუქრებოდა -CNN
ამერიკელმა სამართალდამცველებმა ვაშინგტონში დააკავეს ქალი, რომელსაც ბრალად ედება „რესპუბლიკური“ პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მიმართ მუქარა და ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვოდ ტარება.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„დედაქალაქის პოლიციის სამმართველომ განაცხადა, რომ ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში ტეხასის მცხოვრები ტრამპის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ლიცენზიის გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავა“, – ციტირებს ტელეარხი ადგილობრივი პოლიციის ანგარიშს.
როგორც CNN-ი აღნიშნავს, ბრალდებულს კრისტინა მონტოია ჰქვია. ის ტრამპს 20 ივლისიდან ემუქრებოდა. ამასთან, პოლიციაში არ აკონკრეტებენ, თუ რა შინაარსის მუქარებზეა საუბარი.
13 ივლისს ერთ-ერთი გასვლითი მიტინგის დროს პენსილვანიის შტატში ტრამპი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყურში დაჭრეს. მსროლელი 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი იყო. ის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა ადგილზე მოკლა.