1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აშშ-ის სამხედრო დახმარებამ, შესაძლოა რუსების წინსვლა შეანელოს – რას წერს უცხოური პრესა
აშშ-ის სამხედრო დახმარებამ, შესაძლოა რუსების წინსვლა შეანელოს – რას წერს უცხოური პრესა

აშშ-ის სამხედრო დახმარებამ, შესაძლოა რუსების წინსვლა შეანელოს – რას წერს უცხოური პრესა

220
0

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის «BBC»-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აშშ-ის სამხედრო დახმარებამ, შესაძლოა რუსების წინსვლა შეანელოს, მაგრამ პანაცეად ვერ გამოდგება“ (ავტორი – ჯეიმს უოტერჰაუსი, კიეველი კორესპონდენტი). მასალაში აქცენტი გაკეთებულია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებაზე – უკრაინისათვის დაგვიანებული დახმარების ორნაირ მნიშვნელობაზე და ევროპის სამომავლო როლზე უკრაინისადმი სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გამოხატა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიმართ, სამხედრო დახმარების 61-მილიარდიანი დოლარის პაკეტის მიღების ნიშნად, რომელმაც რამდენიმე თვით დაგვიანდა. მისი თქმით, აშშ-ის დახმარებას ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
ქვეყნის მომავალს ხშირად, რა თქმა უნდა, იმავე ქვეყნის პოლიტიკოსები წყვეტენ, მაგრამ ისეთი გარემოება, როცა ერის არსებობა დამოკიდებულია მისგან 3800 კმ-ით დაშორებულ საკანონმდებლო ორგანოზე, სიტუაციას უჩვეულოდ ხდის.

ამერიკული დახმარების ორი მხარე

უკრაინისათვის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული სამხედრო დახმარების პაკეტის ექვსთვიანი ლოდინი ძვირადღირებული და გარკვეულწილად იმედგამაცრუებელიც აღმოჩნდა: საბრძოლო მასალების ამოწურვამ უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა და ტერიტორიის დამატებით დაკარგვა გამოიწვია.
ერთი მხრივ, იმ დროს, როცა კიევი იარაღის უკმარისობას განიცდის, დახმარების ეს პაკეტი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ამერიკული იარაღის მიწოდება უკრაინის არმიას შესაძლებლობას მისცემს უფრო მეტს მიაღწიოს, ვიდრე უბრალოდ თავი დაიცვას. მაგრამ მეორე მხრივ, პაკეტის მიღება არ ნიშნავს ყველა პრობლემების გადაწყვეტას. სავარაუდოდ, ის მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის არმიის წინსვლას და გადაარჩენს ავდეევკის მარცხის შემდეგ სხვა მეზობელ ქალაქებს – ჩასოვ იარს, კონსტანტინოვკას და კრამატორსკს. სამწუხაროდ, მიღებული პაკეტი საკმარისი არაა რუსეთის უკანდასახევად და ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად, მაგრამ იძლევა სამომავლოდ ამის გაკეთების შესაძლებლობას.
კიევში და ვაშინგტონში ერთნაირად ფიქრობენ, რომ ამ ამერიკული დახმარების გარეშე უკრაინა ნამდვილად დამარცხდებოდა.

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“

კიეველები, ვისაც მე ვესაუბრე, კმაყოფილები არიან, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დახმარებას გვიან, მაგრამ მაინც მხარი დაუჭირა.

თუმცა ისინი შეშფოთებულები არიან იმით, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მომხდარმა მოვლენებმა არამარტო რუსეთის დომინირება აჩვენა, არამედ ევროპის უუნარობაც – უზრუნველყოს აშშ-ის მხარდაჭერის მსგავსი დონე უკრაინისათვის.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის ჰიპოთეტურ შესაძლებლობაზე, რომ სამომავლოდ აშშ-ის კონგრესში უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი შეიძლება აღარ გავიდეს, – ამბობს ნიკოლაი ბელესკოვი, უკრაინის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, – სწორედ ამიტომ დიდმა ბრიტანეთმა და კონტინენტურმა ევროპამ უნდა გაზარდონ იარაღის წარმოება უკრაინის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“.
„დემოკრატია დროს ითხოვს…“

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი უკრაინისადმი დახმარების საკითხში ისევ ერთიან პოზიციაზე დგას, მთავარ პრობლემას ვაშინგტონ-ბრიუსელ-ლონდონ-პარიზ-ბერლინისთვის ყოველთვის დრო წარმოადგენს, ანუ რა დრო დაჭირდება კიევისათვის დახმარების რეალიზებას, როდის მივა იარაღი ფრონტის ხაზზე.
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რასაკვირველია არ ჭირდება იმდენი პოლიტიკური ბარიერების გადალახვა, როცა საქმე სამხედრო ხარჯებს ეხება.

დემოკრატიის პრინციპების დაცვით გამოწვეული პრობლემის გადაწყვეტის გაჭიანურება დამახასიათებელია არამარტო ოკეანის იქითა მოკავშირეებისათვის, არამედ თვითონ უკრაინისთვისაც: კიევს თავისი პრობლემები აქვს ჯარის შევსების საკითხში – მობილიზების შესახებ კანონი კი დაგვიანებით იქნა მიღებული, პარლამენტში მიმდინარე გაჭიანურებული „დემოკრატიული დებატების“ გამო, თანაც დოკუმენტი მიღების შემდეგაც საკმაო დავას იწვევს.

ახლა კი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე დგას ამოცანა, რომ მან პოლიტიკა და საომარი მოქმედებები ერთმანეთისგან განაცალკევოს. მას ყველაფრის გაკეთება მოუწევს, რომ ამერიკული დახმარება რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს ფრონტის ხაზზე და ეფექტურად იქნეს გამოყენებული.

წყაროები