აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურსა და მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა.
დეპარტამენტის განცხადების თანახმად, გომელაური და კეზევაძე განისაზღვრენ, როგორც უცხოელი პირები, რომლებიც არიან ან იყვნენ უწყების ლიდერები ან თანამდებობის პირები, მათ შორის ნებისმიერი სამთავრობო უწყების, რომელიც ჩაერთო ან რომლის წევრებიც ჩაერთნენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში. ეს სანქციები მაგნიტსკის გლობალური აქტის ფარგლებში დაწესდა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართული იყო სასტიკ დარბევაში მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციის წევრებისა და მომიტინგეების მიმართ, მათ შორის 2024 წლის დემონსტრაციების დროს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა საპროტესტო აქციებს უპასუხა არაპროპორციული ძალადობით განსხვავებული აზრის ჩასახშობად და მომიტინგეების შესაშინებლად.
„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა გამოიყენა მასობრივი ცემის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სექსუალური ძალადობის მუქარის ტაქტიკა. პოლიციის ძალადობა დეპარტამენტის წევრების მხრიდან მოხდა იმ დროს, როდესაც პირები იმყოფებოდნენ პოლიციაში, დაკავებულები და საპროტესტო ზონის გარეთ მდებარე ადგილებზე. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ასევე მიზანმიმართულად ამოიღო სამიზნეში ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებდნენ ძალადობას და არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა დაკავებულ მომიტინგეებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც სახაზინო დეპარტამენტში განმარტავენ, დღევანდელი ქმედების შედეგად, ზემოთ აღნიშნული პირების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება და აქტივი შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლში, დაბლოკილია და უნდა ეცნობოს საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურს. რეგულაციები ზოგადად კრძალავს ყველა ტრანზაქციას აშშ-ის პირების მიერ ან შეერთებული შტატების შიგნით, რომელიც მოიცავს სანქცირებული პირების რაიმე საკუთრებას ან აქტივებს. აშშ-ის მოქალაქეებს შეიძლება, დაეკისროთ სამოქალაქო ან სისხლის სამართლის სასჯელი სანქციების დარღვევისთვის.