აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, თამარ ტალიაშვილი თეთრი სახლის საშობაო-სადღესასწაულო ტურს ეწვია -აშშ-ში საქართველოს საელჩო
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი, ოჯახთან ერთად, თეთრი სახლის საშობაო-სადღესასწაულო ტურს ეწვია. ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, საქართველოს ელჩმა ღონისძიებაზე მიწვევასა და პრეზიდენტისა და პირველი ლედის მისალოც ბარათთან დაკავშირებით მადლიერება გამოხატა.
„თეთრი სახლი სტუმრებს აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ შემუშავებული თემატიკით – „სახლი არის იქ, სადაც შენი გულია” – დახვდათ მორთული. წლევანდელი დეკორაციები ამერიკის სულისკვეთებას განასახიერებს და ხაზს ოჯახურ ღირებულებებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ საქმიანობას უსვამს, რომელიც მოქალაქეთა კეთილდღეობას ემსახურება.
ღონისძიება დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გაიმართა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.