აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ფაქტობრივად, გააჩერა ნატო-ს გაფართოების საკითხი -გურამ მაჭარაშვილი
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა ნატო-ს სამომავლო გაფართოების საკითხი გააჩერა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია ის, რაც „ხალხის ძალის” წერილებში ჯერ კიდევ 2022 წელს ეწერა.
„„ხალხის ძალის” 2022 წლის წერილებში ამოიკითხავთ სწორედ იმას, რაც ახლა ჩაიწერა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. რასაკვირველია, ჩვენი წერილები საქართველოს ინტერესებიდან გამოდიოდა. შინაარსი ძირითადად ერთი და იგივეა, განსაკუთრებით იმის შესახებ, რაც წერია ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაში ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ფაქტობრივად გააჩერა ნატო-ს გაფართოების საკითხი. სტრატეგიაში წერია, რომ ევროპას სჭირდება ფოკუსის გასწორება. ასევე საუბარია ევროპაში ეკონომიკის ვარდნაზე, მთავარ მიზეზად კი ევროპის სხვის საქმეებში ჩარევა სახელდება. ასევე წერია, რომ ევროკავშირი და ტრანსნაციონალური ორგანიზაციები ძირს უთხრიან დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტს. ჩვენს წერილებშიც სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობდით”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში ევროპაში აშშ-ის პრიორიტეტებს შორის დასახელებულია „ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის დასრულება”.