
“აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ ევროპული წარმოების პროდუქცია აშშ-ში 15%-იანი ბაჟით დაიბეგრება”-BBC
აშშ-სა და ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი სავაჭრო ხელშეკრულების პარამეტრებზე შეთანხმდნენ: დონალდ ტრამპის თქმით, ევროკავშირის პროდუქცია აშშ-ში 15%-იანი ბაჯით დაიბეგრება. გერმანელი მრეწველები მოლაპარაკების შედგებით უკმაყოფილებას გამოხატავენ, – ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ ევროპული წარმოების პროდუქცია აშშ-ში 15%-იანი ბაჟით დაიბეგრება“ (ავტორი – ჯონათან ჯოზეპსი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკომისიის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლაიენს თავის გოლფ-კლუბში შეხვდა, რომელიც დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში მდებარეობს. დონალდ ტრამპის ვიზიტს კერძო ხასიათი ჰქონდა – ასე აცხადებს თეთრი სახლი.
ვინ ვის? კარგი გარიგებაა თუ ცუდი?
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციაზე 15%-იანი ბაჟი დაწესდება (უფრო ადრე იგი 30%-იანს ამბობდა). გარდა ამისა, მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოესი 4 წლის განმავლობაში აშშ-საგან 750 მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკას და ენერგომატარებლებს შეისყიდიან, ხოლო აშშ-ის ეკონომიკაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებენ. იმავდროულად, ფოლადზე და ალუმინზე დაწესებული 50%-იანი ბაჟი, რომელიც დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებზე შემოიღო, ევროკავშირზეც გავრცელდება. „ეს კარგი გარიგებაა ყველასათვის“, – ხაზი გაუსვა დობალდ ტრამპმა, – „ეს შეთანხმება ჩვენ ერთმანეთთან დაგვაახლოვებს. გარკვეული თვალსაზრირისით, ეს პარტნიორობასაც ნიშნავს“.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეთანხმებას „დიდი გარიგება“ უწოდა, რომელიც „მძიმე, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებით“ იქნა მიღწეული.
აშშ-სა და ევროკავშირზე მსოფლიო სასაქონლო და სასერვისო ვაჭრობის თითქმის ერთი მესამედი მოდის. ევროკავშირიდან აშშ-ში საქონლის იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ამერიკული პროდუქციის ექსპორტის მოცულობას ევროკავშირში (2024 წლის მონაცემებით, სავაჭრო დეფიციტი ევროკავშირის სასარგებლოდ არის – ამერიკის იმპორტი 606 მილიარდი დოლარია, ექსპორტი – 370 მილიარდი). დონალდ ტრამპი სავაჭრო დეფიციტს მნიშვნელოვან პრობლემად თვლის. როგორც უკვე ითქვა, იგი პირველი აგვისტოდან ევროკავშირს 30%-იანი ბაჟის დაწესებით ემუქრებოდა, თუ შეთანხმების დადება ვერ მოხერხდებოდა.
ბევრი კომენტატორი ამბობს, რომ ასეთი შეთანხმება ევროკავშირისათვის ოპტიმალური ვარიანტი არ არის, თუმცა გაურკვევლობაზე უკეთესია. იმავდროულად ბევრი საკითხი კვლავ ბუნდოვანი და უპასუხო რჩება. მაგალითად, მოლაპარაკების მონაწილეებმა პრესას განუცხადეს, რომ ზოგიერთ ამერიკულ პროდუქტზე საბაჟო მოსაკრებლებს ევროკავშირიც დააწესებს, მაგრამ რომლებზე, ჯერ-ჯერობით უცნობია.
კაცმა რომ თქვას, დონალდ ტრამპისათვის არა მხოლოდ ბაჟების საკითხი იყო მთავარი: მას ადრეც ბევრჯერ განუცხადებია, რომ ევროკავშირს ამერიკულ პროდუქციაზე ხისტი წესები აქვს დაწესებული, რაც ხელს უშლის ორმხრივ ვაჭრობას და ამერიკელი მრეწველების დისკრიმინაციას ნიშნავს. რას მიაღწიეს ამ საკითხზე, ესეც უცნობია.
დონალდ ტრამპმა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ევროპა აშშ-ის ეკონომიკაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებსო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რომელ დარგში და როგორ ვადებში. თანაც გაურკვეველია, რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან ევროკომისიას, რომლის ხელმძღვანელთან – ურსულა ფონ დერ ლაიენთან დონალდ ტრამპმა მოლაპარაკება გამართა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამერიკულ იარაღს იყიდიანო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იარაღს ცალკეული ქვეყნები და კომპანიები ყიდულობენ, ევროკომისიას ამ საკითხზე მოსალაპარაკებელი არაფერი არ უნდა ჰქონოდა.
ამერიკული ნავთობი რუსულის სანაცვლოდ
მოგვიანებით ევროკომისიის ხელმძღვანელმა მასმედიასთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართა და ყურადღება უმეტესად ამერიკული ენერგომატარებლების შესყიდვაზე გაამახვილა.
„ჩვენ რუსულ ნავთობსა და გაზს ამერიკული ნავთობისა და თხევადი გაზის, აგრეთვე ბირთვული საწვავის მნიშვნელოვანი შესყიდვით ჩავანაცვლებთ“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„დღევანდელ გარიგებას გაურკვეველობების პერიოდში გარკვეულობა შეაქვს. შეთანხმება ჩვენი მოქალაქეებისათვის სტაბილურობასა და ხვალინდელი დღის იმედს ნიშნავს, ატალანტიკის ორივე ნაპირზე“, – თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
ევროკავშირის დამცირება? გერმანული ბიზნესი უკმაყოფილოა
გერმანელი მრეწველების ფედერაციამ (BDI), ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადების კვალობაზე, პირიქით აღნიშნა, რომ ახალ ბაჟებს მნიშვნელოვანი ნეგატიური შედეგები ექნება ატლანტის ოკეანის ორივე ნაპირისათვის.
გერმანიის ქიმიური მრეწველების ასოციაციაში (VC) ასევე ჩათვალეს, რომ ამერიკული ბაჟები ევროპული პროდუქციის ექსპორტზე ძალიან მაღალი დარჩა. „თუმცა, როცა გრიგალს ელოდები და არ ამოვარდება, ამ დროს ჩვეულებრივი ქარიც სიხარულის გამომწვევია. ესკალაცია თავიდან იქნა აცილებული, მაგრამ ბაჟები ორივე მხარისათვის მაინც მაღალია“, – ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო საცალო და საბითუმო ვაჭრობის ფედერაციამ შეთანხმებას „მტკივნეული კომპრომისი“ უწოდა, რომელიც მრავალ კომპანიას პრობლემებით ემუქრება.
გერმანიის ეკონომიკის კვლევითი ცენტრის (IFO Institute) ხელმძღვანელი კლემენს ფაუსტი ვარაუდობს, რომ „ამგვარი შეთანხმება ევროკავშირისათვის ძალზე დამამცირებელია და ის ძალთა დისბალანსს ასახავს“.
ამის მიუხედავად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიესალმა გარიგების დადებას იმდენად, რამდენადაც, მისი თქმით, „დოკუმენტი თავიდან აგვაცილებს არასაჭირო ესკალაციას ტრანსატლანტიკურ სავაჭრო ურთიერთობებში. ჩვენთვის ამ გარიგებაში თუ ყველაფერი არა, ფუნდამენტური ინტერესები მაინც არის დაცული“.
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბაილმა შეთანხმებას „კარგი პირველი ნაბიჯი“ უწოდა. „ახლა ჩვენ შევუდგებით მისი გავლენის შესწავლას, თუ რას მოგვიტანს. იმედი მაქვს, რომ აღმავლობას და დასაქმების მატებას“, – თქვა მან.
„შეთანხმება როგორც ორივეს გამარჯვება“
დონალდ ტრამპიც და ურსულა ფონ დერ ლაიენიც შეეცადნენ, რომ შეთანხმება საკუთარ გამარჯვებად წარმოეჩინათ.
ცნობილია, რომ მოლაპარაკება აშშ-სა და ევროკავშირის სავაჭრო წარმომადგენლებს შორის დიდი ხნის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა, შოტლანდიაში გამართულ შეხვვედრის დროს კი ლიდერებმა ხელი ხელს დაჰკრეს და შეთანხმდნენ. ამის მისაღწევად მათ პირისპირ შეხვედრა მოუწიათ. რასაკვირველია, მსგავსი რამ დონალდ ტრამპის მიერ გამართულ სხვა შეხვედრების დროსაც ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გარიგების ბოლომდე მიყვანა შეუძლია – იმ შემთხვევაშიც კი, როცა თითქოსდა არაფერი გამოდის.
ევროკავშირისათვის ტარიფები შეიძლებოდა უფრო მაღალი – 30%-იანი ყოფილიყო, ვიდრე 15%-იანი. ისე, ეს კომპრომისული ბაჟიც უფრო მეტია, ვიდრე აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ამას წინათ ხელმოწერილ შეთანხმებაშია დაფიქსირებული – 10%.
ამერიკის ხაზინისათვის ამ შეთანხმებას 90 მილიარდი დოლარის მოტანა შეუძლია, პლუს 600 მილიარდი დოლარის ინვესტიცია.
მოამზადა სიმონ კილაძემ