1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ასადის შემდეგ: როგორი იქნება რუსული ბაზების ბედი სირიაში? შეიძლება თუ არა მათი ჩანაცვლება? – Deutsche Welle
ასადის შემდეგ: როგორი იქნება რუსული ბაზების ბედი სირიაში? შეიძლება თუ არა მათი ჩანაცვლება? – Deutsche Welle

ასადის შემდეგ: როგორი იქნება რუსული ბაზების ბედი სირიაში? შეიძლება თუ არა მათი ჩანაცვლება? – Deutsche Welle

444
0

„სირიის ისლამური ოპოზიციის გამარჯვებამ და აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ასადის რუსეთში გაქცევამ  დღის წესრიგში დააყენა საკითხი – შეინარჩუნებს თუ არა რუსეთი სირიაში – ტარტუსში და ხმეიმში – არსებულ თავის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საჰაერო ბაზებს?“, – ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ასადის შემდეგ: როგორი იქნება რუსული ბაზების ბედი სირიაში? შეიძლება თუ არა მათი ჩანაცვლება?“ (ავტორი – რომან გონჩარენკო). „კონკრეტული არჩევანის შემთხვევაში აღნიშნული ორი ბაზიდან ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზა უფრო მნიშვნელოვანია“, – ასეთი დასკვნაა გაკეთებული მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც „დოიჩე ველეს“ მიერ გამოკითხული ექსპერტები ამბობენ, ეს საკითხი ჯერ-ჯერობით ღიად რჩება და მისი სწრაფად გადაწყვეტა არ განიხილება. მით უმეტეს, რომ სირიის ხელისუფლებაში მოსულმა ისლამურმა (სუნიტურმა) რადიკალურმა დაჯგუფებამ „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამმა“ უკვე განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების უსაფრთხოება, რომელთა ბედი მოლაპარაკების შედეგად უნდა გადაწყდეს, ამჟამად გარანტირებულია.

„ჯერ-ჯერობით შესამჩნევია სატრანსპორტო ავიაციის მუშაობა ხმეიმის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, მაგრამ არა ისეთი ინტენსივობით, რომ რაიმე ევაკუაციაზე ვილაპარაკოთ“, – ამბობს გუსტავ გრესელი, ანალიტიკოსი საერთაშორისო უსაფრთხოების ევროპული საბჭოდან. რაც შეეხება ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზას, ნავმისადგომებიდან რუსული გემები გავიდნენ, მაგრამ ისინი არსად არ წასულან და იქვე ახლოს, გაშლილ ზღვაში რეიდზე დგანან. „ვფიქრობ, რომ რუსეთი კულისებს მიღმა მოლაპარაკებას გამართავს ამ ბაზების შენარჩუნების მიზნით, – ვარაუდობს გუსტავ გრესელი, – მოსკოვს რომ მათზე უარი ეთქვა, ჩვენ იქ სწრაფ საევაკუაციო მოქმედებას შევამჩნევდით“.

„ტარტუსის ბაზა უფრო მნიშვნელოვანია“

რუსეთმა ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზა (ან, როგორც მას თვითონ რუსები უწოდებენ – „მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი“) კრემლმა მემკვიდრეობის სახით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მიიღო. ხმეიმის სამხედრ-საჰაერო ბაზა მოგვიანებით გაჩნდა, 2015 წელს, როცა რუსეთი სირიის ომში ჩაება ბაშარ ასადის სამთავრობო ჯარების მხარეზე. ავსტრიელი სამხედრო ისტორიკოსი, პოლკოვნიკი მარკუს რაისნერი თვლის, რომ რუსეთისათვის, სტრატეგიული თვლასაზრისით, სამხედრო-საზღვაო ბაზის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რადგან კრემლს შესაძლებლობა მიეცემა ხმელთაშუა ზღვაში თავისი ძალის პროცირება მოახდინოს“.

ბრიტანელი პოლიტოლოგი, პროფესორი მარკ გალეოთი, წიგნის „პუტინის ომების“ ავტორი, თვლის, რომ ორივე ბაზა საჭიროა რუსეთის აქტიურობისათვის როგორც ხმელთაშუა ზღვაში, ასევე აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში. „საინტერესო ფაქტია, რომ რუსებმა სწრაფად მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამთან“: ორიოდე დღის წინ დოჰაში გამართულ სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მათ „ტერორისტულ დაჯგუფებად“ მოიხსენიებდა, მაგრამ როგორც კი დამასკო დაეცა, ტერორისტები უეცრად „ამბოხებულ-აჯანყებულებად“ გადაიქცნენ – მინისტრმა ლექსიკა სწრაფად შეცვალა, მისი ტონი უფრო თავაზიანი გახდა“, – აღნიშნავს მარკ გალეოთი.

რის შეთავაზება შეუძლია მოსკოვს „მეამბოხეებისათვის“?

„რუსეთი, ალბათ, იმედი აქვს, რომ „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამთან“ თანამშრომლობას გააღრმავებს“, – ამბობს ბრიტანელი პროფესორი, – მაგრამ რის შეთავაზება შეუძლია მათთვის კრემლს? გასაგებია, რომ „ჰაიათელებს“ მხარს თურქეთი უჭერს, მაგრამ მათ არ სურთ მხოლოდ თურქების იმედად ყოფნა, მათ დამატებითი მოკავშირე დაჭირდებათ, ვიღაცასთან რაღაც ურთიერთობები… რუსები, რა თქმა უნდა, საკმაოდ ცინიკურები არიან, მაგრამ ისინი პრაგმატულობითაც გამოირჩევიან, ამიტომ „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამს“ შანსი აქვს, რომ ურთიერთობის დივერსიფიცირების მიზნით, ანკარის გარდა, მოსკოვთანაც გააგრძელოს კონტაქტები“. ამასთან დაკავშირებით პროფესორმა აღნიშნა, რომ რუსეთი სირიაში არამარტო სამხედრო სახით იმყოფება, არამედ ეკონომიკურადაც, მოსკოვს ამ მხრივ მჭიდრო კავშირები აქვს“.

ბურჩუ ოზჩელიკი, ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი ბრიტანული სამეფო ანალიტიკური ცენტრიდან (RUSI), დარწმუნებული არ არის, რომ „მეამბოხეები სწრაფად მოილაპარაკებენ რუსებთან და კრემლთან რათაც დათმობებზე წავლენ. „საეჭვოა, რომ „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი“ იჩქარებს, რუსეთის მხარდამჭერი გახდება და მას ხმელთაშუა ზღვაზე დასაყრდენს შეუნარჩუნებს, მით უმეტეს მას სემდეგ, რაც ბაშარ ასადმა თავი მოსკოვს შეაფარა“, – აღნიშნავს ბურჩუ ოზჩელიკი და ვარაუდობს, რომ მოლაპარაკება ხანგრძლივი იქნება, რომლის მსვლელობაში რეგიონული მოთამაშეები – რუსეთი და ირანი – შეეცდებიან თავიანთი საგარეო პოლიტიკის კორექტირებას სირიის ახალი ხელისუფლების მიმართ“.

სად წავლენ სირიიდან რუსები?

„ვთქვათ, რუსებს საბოლოოდ მაინც მოუწიათ სირიიდან წასვლა, სად შეიძლება მათ მსგავსი დასაყრდენი მოძებნონ?, – ასეთი კითხვას სვამს მარკ გალეოთი და პასუხობს: „კარგი ვარიანტები კრემლს არ აქვს“. მისი თქმით, ბაშარ ასადის დროს სირია ძალიან იყო დამოკიდებული რუსებზე. ამჟამად მსგავსი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში არ არის.

ამასთან, ხმელთაშუაზღვისპირეთში შესაძლო ვარიანტების სახით ხშირად მოიხსენება ლიბია, უფრო სწორად, ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი კირენაიკა, სადაც მოსკოვს კონტაქტები აქვს იქაურ მმართველთან, გენერალ ხალიფ ხაფთართან, რომლის მხარეზე რუსი „ვაგნერელები“ იბრძოდნენ. დასავლურ პრესაში გაჩნდა ინფორმაციები, რომ თითქოსდა რუსეთს განზრახული აქვს კირენაიკაში (ბენგაზში) სამხედრო-საზღვაო ბაზა შექმნას. „არ არის გამორიცხული ტობრუკის ნავსადგურით სარგებლობაც, სადაც რუსეთს სირიული ტარტუსის მსგავსი ტექნიკური მომსახურების  პუნქტი დააარსოს“, – ვარაუდობს მარკუს რაისნერი.

როგორც მარკ გალეოთი თვლის, ლიბიის ვარიანტის რეალიზება რუსეთისათვის იოლი არ იქნება: ტობრუკში გამზადებული ინფრასტრუქტურა არ არის, ისევე როგორც სუდანის ნავსადგურში წითელი ზღვის ნაპირზე – პორტ-სუდანში. მოლაპარაკება ამ მიზნით უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და დასასრული არ უჩანს.

რაც შეეხება ავიაბაზას, მარკ გალეოთის თქმით, ამ შემთხვევაში აუცილებელია ტერიტორიის კონტროლი – ბაზა ხმელეთზე უნდა განლაგდეს, საჭიროა მისი იჯარით აღება და ა.შ. მოკლედ, სადაც არ უნდა წავიდეს რუსეთი – ლიბიისაკენ, მალისაკენ, სუდანისაკენ – მათ ისეთი „კომფორტი“ არსად ექნებათ, როგორც სირიაში“.

და ბოლოს, კიდევ ერთი განსახილველი საკითხი, რომელზეც მსოფლიოში ლაპარაკობენ: თუ რუსეთი სირიიდან თავის სამხედროებს გაიყვანს, რა მნისვნელობა ექნება ამ ფაქტს უკრაინისათვის? „თუ გულახდილად ვიტყვით, მაინცდამაინც დიდი ეფექტი არ ექნება“, – ამბობს მარკ გალეოთი, – რაც გადასასროლი იყო, რუსეთმა ის ძალები უკვე გამოიყენა, სირიაში დარჩა მხოლოდ მცირერიცხოვანი გარნიზონი“.

გუსტავ გრესელი აღნიშნავს, რომ სამხედრო თვალსაზრისით, ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, „უკრაინისათვის სასიამოვნო ამბები მაინცდამაინც არ არის. „რუსეთს ახლა სირიაში ბრძოლა აღარ შეუძლია და კრემლის ყურადღება მთლიანად უკრაინაზეა გადართული, თუმცა ერთადერთი, რითაც უკრაინამ შეიძლება ისარგებლოს, ისაა, რომ რუსეთისათვის, ზოგადად, ახლოაღმოსავლური კრახი დამასუსტებელი ფაქტორს წარმოადგენს. დასავლეთმა შეიძლება უფრო თამამად იმოქმედოს. ვლადიმერ პუტინის დასუსტება, ალბათ, დონალდ ტრამპისთვისაც მომგებიანი იქნება. თუმცა მართლაც ასე მოხდება თუ არა, ეს საბოლოოდ გარკვეული არ არის და მხოლოდ ვარაუდებია“.

წყარო