არსებობს დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე, არსებობენ ისეთებიც, ვინც ამტკიცებს, რომ გლობალური ომის პარტია ვართ ან ვცდილობდით რევოლუციის გაღვივებას, ამის მოსმენა გულდასაწყვეტია-რობინ დანიგანი
დეზინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს გახდე ევროკავშირის წევრი, თითქოს ეს გულისხმობს თქვენს ინდენტობაზე უარის თქმას, რაც სრულიად მცდარია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, დღეს დეზინფორმაცია შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებაც ვრცელდება, რაც მისი თქმით, გულდასაწყვეტია.
„ჩვენ მზად ვართ, გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას, რომელიც დღეს გვაწუხებს. სამწუხაროდ, ეს ხდება საქართველოში. დეზინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს გახდე ევროკავშირის წევრი. დეზინფორმაციის ერთი მაგალითია, თითქოს ეს გულისხმობს თქვენს ინდენტობაზე უარის თქმას, რაც სრულიად მცდარია. თქვენ იცით, როდესაც ავსტრიიდან იტალიაში მიდიხართ, ეჭვგარეშეა, რომ შეინარჩუნებთ თქვენს კულტურულ იდენტობას. ეს არის დეზინფორმაციის ერთ-ერთი ასპექტი.
სამწუხაროდ, დღეს არსებობს დეზინფორმაცია შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია, ან ჩვენ ვცდილობდით ამ ქვეყანაში რევოლუციის გაღვივებას, ან ბოროტი ზრახვები გვაქვს. მართლაც, გულდასაწყვეტია ამის მოსმენა, რადგან ჩვენი ისტორია ამ ქვეყანაში 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხალხის ძლიერ კავშირს გამოხატავს. გულისხმობს ღრმა მეგობრობას ამერიკელებსა და ქართველებს შორის, პარტნიორობას მედიცინისა და განათლების სფეროებში, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გაზიარებას, ერთმანეთის დახმარებას თავდაცვის ძალების გაძლიერებაში. 32 წლის განმავლობაში ჩვენ საქართველოს ექვსი მილიარდის დახმარება გავუწიეთ. ეს რიცხვი ნამდვილად არ მოგვითხრობს ამბავს. ის, რაც ამბავს მოგვითხრობს, სინამდვილეში არის, რომ წლებია, ცალკეულ უნივერსიტეტებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ იმ პარტნიორობის ჩამოყალიბებას, რომელსაც დღეს ვიზიარებთ. ასე რომ, გულდასაწყვეტია იმ ნარატივის მოსმენა, რომელიც ცდილობს შექმნას განსხვავებული სურათი, იმისგან განსხვავებით, რაც ვიცით, რომ სიმართლეა. ასე რომ, დღეს მინდა, გავიმეორო შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ, გახდეს ევროკავშირის წევრი, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტრაექტორია. ეს არის მომავალი, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია. ეს არის მომავალი, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი ბევრს ვმუშაობდით ათწლეულების განმავლობაში და რომლის მხარდაჭერასაც აშშ განაგრძობს, რა გზითაც შეგვეძლება“, – განაცხადა დანიგანმა.
ამასთან, როგორც აშშ-ის ელჩმა პროექტის, „საბჭოთა მეხსიერება“ წარდგენისას აღნიშნა, ამაყობს, რომ აშშ-ს წვლილი შეაქვს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„დეზინფორმაცია დემოკრატიებს მართლაც უქმნის საფრთხეს ყველგან. ჩვენ ვხედავთ ამას აქ, ვხედავთ ევროპაში, აშშ-ში. ასე რომ, ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ვუწევთ დაფინანსებას და ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს, ნამდვილად ცდილობს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ის ცდილობს, დაუპირისპირდეს რუსულ დეზინფორმაციას და თქვას სიმართლე ისტორიაზე, მომხდარზე, ნამდვილი ინფორმაცია საქართველოს ისტორიისა და რუსეთის მმართველობის გამოცდილების შესახებ. პროექტის კომპონენტები ცდილობს სიმართლის შენარჩუნებას. ეს ყველას ახსენებს, რომ საბჭოთა რეჟიმი რეგულარულად აგენტებსა თუ უცხო აგენტებს უწოდებდა ქართველებს, რომლებიც ცდილობდნენ სიმართლის თქმას. მსგავს პროექტები გულისხმობს მათი ხმის პატივისცემას, ვინც განიცადა ეს წარსული. ზეპირი ისტორიები, რომლებიც აქ არის დოკუმენტირებული, არის ქართველი ხალხის რეალური ხმები და ისტორიები, რომლებიც ცხოვრობდნენ სასტიკი საბჭოთა რეჟიმის დროს. მართლაც წარმოუდგენელია, რომ მათ დრო დაუთმეს, რათა განეხილათ ის, რაც განიცადეს, რათა ეს ისტორია არასოდეს განმეორებულიყო ან დავიწყებას მიეცემოდა. უკვე რვა თვეა, რაც საქართველოში ვარ და ვფიქრობ, ყველაზე დიდი მახასიათებელი, რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, არის გამძლეობა და ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა – ენა, საჭმელი, ღვინო, კულტურა, რომელიც ქართველებს აქვთ და რაც მათ შეინარჩუნეს ყველა გამოწვევის მიუხედავად“, – აღნიშნა რობინ დანიგანმა.