1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არარატის მთა და სომხეთის “მეოთხე რესპუბლიკა”-Deutsche Welle
“არარატის მთა და სომხეთის “მეოთხე რესპუბლიკა”-Deutsche Welle

“არარატის მთა და სომხეთის “მეოთხე რესპუბლიკა”-Deutsche Welle

120
0

„არარატის მთა სომხეთის სახელმწიფო სიმბოლიკიდან თანდათან გაქრება. ქვეყნის  ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე და მეზობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით“, – ნათქვამია გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში  “არარატის მთა და სომხეთის “მეოთხე რესპუბლიკა” (ავტორი – არშალუის მღდესიანი).

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

„სომხეთში ეროვნული იდენტურობის გადახედვის პროცესი დაიწყო, რაც საზოგადოებაში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს.

არარატის მთა და სომეხი მესაზღვრეები

2025 წლის პირველი ნოემბრიდან არარატის მთის გამოსახულებას, რომელიც სომხეთისათვის ერთ-ერთ მთავარ ეროვნულ სიმბოლოს წარმოადგენს, სასაზღვრო სამსახური აღარ გამოიყენებს.

არარატის მთას, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მიერ კონტროლირებულ  ტერიტორიაზე მდებარეობს, სომეხი ხალხისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბიბლიის მიხედვით, სწორედ არარატის მთის მწვერვალზე გაჩერდა ნოეს კიდობანი მსოფლიო წარღვნის შემდეგ, რის გამოც მთა ყველა ქრისტიანისათვის წმინდა გახდა და აღორძინების სიმბოლოდ იქცა. არარატი გამოსახულია სომხეთის სახელმწიფო გერბზე ნოეს კიდობანთან ერთად, რაც ხაზს უსვამს მთის როლს სახელმწიფოს სიმბოლიკაში და ეროვნულ იდენტობაში. არარატის მთა ასევე ითვლება შთაგონების წყაროდ სომეხი პოეტებისა და მწერლებისთვის, მხატვრებისთვის… არარატის მთას მთავარი ადგილი ეთმობა სომხურ მითებში და ლეგენდებში.

მართალია, არარატის მთა ამჟამად თურქეთის იდგირის ილში (ყოფილი ერევნის გუბერნიის სურმალინის მაზრაში) მდებარეობს, 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების თანახმად, მაგრამ ამის მიუხედავად ბევრი სომეხი თვლის, რომ მთა და მიმდებარე ტერიტორია მაინც სომხეთის მიწა-წყალს წარმოადგენს

არარატის მთა და მმართველი პარტიის წესდება

სასაზღვრო სიმბოლიკის ცვლილების პარალელურად, მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო თანხმობამ“ თავისი წესდებაც შეცვალა. დოკუმენტიდან ამოღებული იქნა ფორმულირება, რომელიც პარტიის ლოგოტიპს უკავშირდება (ხელის ჩამორთმევა არარატის მთის სილუეტზე).

ცოტა ხნის წინათ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ ეროვნული სიმბოლიკებისა და ნარატივების ტრანსფორმაცია „აუცილებელი და გარდაუვალი გზაა საგარეო საფრთხეების შესამცირებლად“. მისი თქმით, ცვლილებების ღია განხილვა ქვეყნის შიდა მდგრადობას უზრუნველყოფს.

და მაინც, მთავრობის მიერ 11 სექტემბერს მიღებულმა დადგენილებამ რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სიმბოლიკიდან არარატის მთის გამოსახულების ამოღების თაობაზე ფართო რეზონანსი გამოიწვია. მართალია, გადაწყვეტილებას არ ადევს გრიფი „საიდუმლო“, მაგრამ ის ისეთ საკითხთა პაკეტში იქნა შეტანილი, რომლებიც საზოგადოებისთვის განმარტებას არ საჭიროებენ, თანაც პრესაში ინფორმაცია უკვე „პოსტ-ფაქტუმ“ გამოქვეყნდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და თურქეთთან მომლაპარაკებელი კომისიის თანათავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სიმბოლიკის გაუქმების გადაწყვეტილება ანკარის მოთხოვნით არ მიღებულა და საერთოდ, სომეხ მესაზღვრეთა შტამპზე არარატის მთის კონტურები მხოლოდ 2000-იანი წლების შუახანებში გაჩნდა, მანამდე კი რუსული სიმბოლიკა გამოიყენებოდა.

„მეოთხე რესპუბლიკა“: უარი წარსულზე მომავლის უზრუნველსაყოფად?

სიმბოლიკის გადახედვის პროცესი, როგორც სომეხი ექსპერტები და კომენტატორები განმარტავენ, უფრო ფართო კონცეფციის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც „მეოთხე რესპუბლიკის“ პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანიას მიერ არის შემოთავაზებული. ამ კონცეფციას ხშირად „რეალურ სომხეთს უწოდებენ და გამიზნულია დღევანდელი რეალობისა და ისტორიული წარმოდგენების გასამიჯნავად, ანუ იგულისხმება, რომ ისტორიული ხედვები არ უნდა იყოს ამჟამინდელი სახელმწიფოს ნარატივის საფუძველი.

ნიკოლ ფაშინიანმა ახალი წესების შემოღება მმართველი პარტიის ყრილობაზე, 20 სექტემბერს გამოაცხადა – მისი თქმით, „მესამე რესპუბლიკა“ (1991 წლიდან) წარსულს ჩაბარდა, ქვეყანა თავისი განვითარების ახალ ფაზაში შევიდა – „მეოთხე რესპუბლიკაში“ – რომლის განმასხვავებელი ნიშანია მშვიდობა სომეხი ერისათვის. ახალი ერა დაიწყო აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციით, აგრეთვე ვაშინგტონში 8 აგვისტოს ხელმოწერილი წინასწარი სამშვიდობო ხელშეკრულებით. ნიკოლ ფაშინიანმა „მეოთხე რესპუბლიკის“ შექმნა თავისი პარტიის ხელისუფლების სტრატეგიულ ამოცანად გამოაცხადა.

კრიტიკა და საზოგადოებრივი რეაქცია

პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს სომხური საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ მთავრობა ამით ცდილობს თავისი მცდარი, უპასუხისმგებლო და უპატიებელი ნაბიჯები გაამართლოს, რომლებიც ტერიტორიების დათმობაში გამოიხატა.

 ოპოზიციური პარტიის „სომხეთის ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის მოადგილის ლევონ ზურაბიანის თქმით, მომხდარი ამბები ხალხის მოტყუებას და კვამლის ფარდის შექმნას ნიშნავს – ნიკოლ ფაშინიანი ცდილობს პასუხისმგებლობა მოიხსნას იმ განცდილი კატასტროფისათვის, რომელიც მან ქვეყანას თავს დაატეხა. იგი სამომავლოდ, ალბათ, კონსტიტუციაშიც შესწორებას შეიტანს, რასაც აზერბაიჯანი ითხოვს. იგივე განაცხადა „დოიჩე ველესთან“ საუბარში ოპოზიციური ბლოკის „სომხეთის“ დეპუტატმა ქრისტინე ვარდანიანმაც.

საქმე იმაშია, რომ სომხეთის კონსტიტუციის პრეამბულა შეიცავს 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის პრინციპებს, რომელიც, თავის მხრივ, მთიანი ყარაბაღის სტატუსსაც განსაზღვრავს, როგორც სომხეთის სახელმწიფო ტერიტორიის შემადგენელ ნაწილს – 1989 წლის 1 დეკემბერს მიღებული დადგენილების საფუძველზე. ოფიციალური ბაქო ამაში ტერიტორიულ პრეტენზიებს ხედავს.

„წარსულის გაუფასურება“

კავკასიის ისტორიის დირექტორი, სომეხი პოლიტოლოგი ალექსანდრე ისკანდერიანი „დოიჩე ველესთან“ საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი ე.წ. „მეოთხე რესპუბლიკის“ ჩამოყალიბების თაობაზე 2026 წლის წინასაარჩევნო კამპანიისათვის მზადებას ნიშნავს –  შეიქმნება თეზისები, რომლებიც წინასაარჩევნო ბრძოლის საფუძვლებში ჩაიდება.

„ძირითადი სლოგანი, რომლის ხალხის ყურამდე მიტანას მთავრობა ცდილობს, შეიძლება ასეთნაირად ჩამოყალიბდეს: „ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ, ყველა დანარჩენი კი ომისათვის“. ანუ მთავრობა მშვიდობის გარანტიას იძლევა და ამიტომ მას მხარი უნდა დაუჭირონ“, ამბობს ალექსანდრე ისკანდერიანი და ხაზს უსვამს ფაშინიანის კონცეფციის პოლიტიკურ-ფილოსოფიურ ასპექტს: „ეს არის იმ კულტურაზე უარი და იმ ყველაფრის გაუფასურების მცდელობა, რაც ადრე იყო შექმნილი“.

პოლიტოლოგის თქმით, ეს არის არამხოლოდ სომხეთის საბჭოურ ისტორიაზე უარის თქმა, არამედ საერთოდ, დამოუკიდებელი სომხეთის უარყოფასაც ნიშნავს, რომელსაც მმართველი პარტიის თვალში ნეგატიური ხასიათი აქვს. „ფაშინიანი თავის ოპონენტებს ძველი სისტემის წარმომადგენლებად, წარსულის გადმონაშთებად თვლის. ისტორიის უარყოფის საფუძველზე იქმნება ახალი „ნამდვილი“ იდეოლოგია, რომელიც, ხელისუფლების გათვლებით, არჩევნებში მათი გამარჯვება უნდა უზრუნველყოს“, – ასკვნის ალექსანდრე ისკანდერიანი.

წყარო: