
არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში -ირაკლი კობახიძე
არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საზოგადოებამ ყველაფერი დაინახა, ვინაიდან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც საქართველოში ვიზიტით ეუთოს ეგიდით იმყოფებოდა, სტანდარტები დაარღვია.
„რეალურად, არ იყო ღირსეული საქციელი, მათ შორის სტანდარტებიც დაარღვია. როგორც ეუთოს წარმომადგენელი, ისე იყო ჩამოსული და არა როგორც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჯერ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც როგორ შეიძლება შევიდეს ასე უხეშად პოლიტიკურ პროცესში და მერე მით უმეტეს, როდესაც ეუთოს ეგიდით ჩამოდიხარ. მერე სიცრუე, რაზეც მას ჰქონდა საუბარი. მოუწია ტყუილის თქმა, როდესაც დაგავალებენ ასეთ აქციაზე მისვლას, სადაც 50 კაცია შენთან ერთად, იქ, რა თქმა უნდა, უნდა მოიტყუო, რომ ახლა იკრიბება ხალხი. ამ დონის ტყუილი თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფინეთის დროშები ფრიალებს და სასწაულები ილაპარაკა. ასეთი ტყუილი როგორ უნდა იკადრო. მე მგონია, რომ ფორმულას და ტვ პირველს ე.წ ჟურნალისტებიც ასეთ რაღაცას არ კადრულობენ და ეს იკადრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რაც პრინციპში კარგია. ხანდახან საზოგადოებას ავიწყდება ხოლმე, მაინც ფინეთია ევროპაა, ევროკავშირია და იქნებ მაინც არ არიან ისეთი პრობლემური ხალხი, როგორც ერთი შეხედვით გვეჩვენება, მაგრამ ასეთ რამეს რომ აკეთებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ორ ტყუილს ამბობს თუ კიდევ მესამეც მიაყოლა რაღაც, არ მახსოვს, ერთწუთიან გამოსვლაში რამდენიმე ტყუილს რომ კადრულობს, რა თქმა უნდა, საზოგადოება იყალიბებს სწორ აზრს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამიტომ არის, რომ არათუ რაიმე უარყოფითი განცდა ვერ დატოვა ქართულ საზოგადოებაში მისმა უხეშმა, არაკორექტულმა და სტანდარტებს მიღმა საქციელმა, არამედ პირიქით, საზოგადოება უფრო მეტად დამობილიზდა იმ სიუხეშის და უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიიდან. ამას მოაყოლა მეორე დღეს კიდევ მეორე ტყუილი შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით. თუ ზოგადად შევხედავთ ყველაფერს, რასაკვირველია, თავისი იქ მისვლით თავად განაპირობა შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება, მაგრამ მიიღო ის პასუხი, რაც იყო ერთადერთი უალტერნატივო პასუხი ღირსეული ხელისუფალისგან. არ შეიძლება, ჩვენ იგნორირება გავუკეთოთ ასეთ რამეს, თუ ელემენტარული ღირსება აქვს ხელისუფლებას. ამიტომ, მიიღო ის პასუხი, რაც ეკუთვნოდა. ეს არ არის მარტო ფინეთის პრობლემა, ეს არის მთლიანად ევროპული ბიუროკრატიის პრობლემა. რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. არაფრით არ განსხვავდებიან ქართველი უცხოელი აგენტებისგან – რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ ყოველგვარი კითხვების გარეშე. თუ ეს დავალება არ არის, როგორ შეიძლება, თავი ასე შეირცხვინო, 50 კაცთან ერთად, როგორ შეიძლება, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სხვა ქვეყანაში მონაწილეობა მიიღო კანონსაწინააღმდეგო აქციაში, რისთვისაც გამოუწერეს 5000-ლარიანი ჯარიმა. ასე როგორ დაიკნინებ თავს, თუ არ ხარ უცხოელი აგენტი, რომელიც იღებს დავალებებს. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.