1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება” -სალომე ზურაბიშვილი

“არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება” -სალომე ზურაბიშვილი

123
0

საუკუნეების განმავლობაში უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, ჩვენი პასუხი რუსეთის პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი – ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა და სოფელ კირბალთან მოკლულ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.

„მინდა, მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ოჯახთან ერთად, მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, რამეთუ არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა – ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება. მართლაც საუკუნეების მანძილზე, უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, ვითომ არის ერთსულოვანი ჩვენი მეგობარი და რეალურად, როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი – ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში. ამიტომ არის, რომ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, სხვა პერსპექტივის არც გვჯერა და ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს შეიძლება, საქართველოში სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის. რუსეთისკენ შემყურე, ვინმეს სჯეროდეს, რომ შეიძლება, წავიდეს და რამე ისწავლოს რუსეთში, რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რაღაც მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთან. ჩვენი მომავალი არის ჩვენს პარტნიორებთან ერთად და არის ევროპაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ხვალ, 20:00 საათზე ყველა შეიკრიბება და იტყვის, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში.

ხვალ იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვგეგმავდით ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს. შევიკრიბებით არა ზეიმისთვის, რადგან ზეიმი იქნება მაშინ, თუ მივიღეთ ჩვენ პასუხი დეკემბერში, არამედ იმისთვის, რომ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპნაია, რომელშიც ყველანი ვიქნებით ჩართული. ჩვენი საზოგადოება დღეს უნდა იყოს ერთიანი – დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურიობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი, რადგან რუსეთმა სცადა, კიდევ შეგვიცვალოს დღის წესრიგი. ჩვენ დღეს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი. ჩვენ შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე. ხვალ შევიკრიბებით და ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენს ხმას. ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ რუსეთი ვერასოდეს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი, რომელიც მოგვყვება, რომ საქართველომ თავისი გზა არასოდეს შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით. ეს არის ქართველი ხალხის ნება და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ის, რაც ეკუთვნის საქართველოს – იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნის და მშვიდობიანად ყოფნის მომავალი. ხვალამდე, 20:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.