
არ მაქვს მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი შეწყდება – ეკა სეფაშვილი
პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ევრობიუროკრატების მიერ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენებას მედიასთან ეხმიანება.
დეპუტატის განმარტებით, ევრობიუროკრატების მიერ საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები, თითქოს ქვეყანამ ევროკავშირის გზას გადაუხვია, უარგუმენტოა და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ.
„როდესაც ევრობიუროკრატების ცარიელ და ლიტონ სიტყვებს არ მოჰყვება რეალური მტკიცებულებები და ქმედებები და მათი ამ განცხადებების საპირისპირო კეთდება საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს იარლიყები უკვე ცვდება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან ვიზალიბერალიზაციით შანტაჟისა და მოსახლეობაზე ზეწოლის შეჩერების მოლოდინი არ აქვს, თუმცა აქვს მოლოდინი, რომ ევროპაში საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ მოხდება.
„საგარეო ურთიერთობების მხრივაც დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა. ევრობიუროკრატების მხრიდან ჩვენს მიმართ გაჟღერებულია ბრალდებები პრორუსულობის შესახებ, თითქოს საქართველომ გადაუხვია ევროპულ კურსს ა.შ. როდესაც ევრობიუროკრატების ამ ცარიელ და ლიტონ სიტყვებს არ მოჰყვება რეალური მტკიცებულებები და ქმედებები და მათი ამ
განცხადებების საპირისპირო კეთდება საქართველოში, მაგალითად ხორციელდება ასოცირების ხელშეკრულება, სხვადასხვა უწყებები მუშაობენ, ქვეყნის პოლიტიკური კურსი აბსოლუტურად პროდასავლური და ცივილიზებული ღირებულებებისკენ არის მიმართული და ამას ადასტურებს სხვადასხვა რეიტინგიც, რა თქმა უნდა, ეს იარლიყები უკვე ცვდება.
რაც შეეხება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის თემას, ეს არის მათი ერთ-ერთი იარაღი, რომელიც მიმართულია მოსახლეობის შანტაჟისკენ. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი [ევრობიუროკრატები] ამ იარაღს გადააგდებენ, შეწყდება შანტაჟი და არ იქნება ზეწოლა მოსახლეობაზე. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაში კვლავ გაიმარჯვებს საღი და გონივრული აზრი და საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ შეუჩერდება. ეს რომ მოხდეს, საქართველომ უნდა დაარღვიოს ის ტექნიკური მოთხოვნები, რაც ვიზალიბერალიზაციით არის გათვალისწინებული. ეს არის ოთხი დიდი ბლოკი – დოკუმენტების უსაფრთხოება, ადამიანების უფლებების დაცვა, საზღვრის ინტეგრირებული მართვა და საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. ყველა ამ ოთხი მიმართულებით საქართველოში არის პროგრესი და ამას ადასტურებს სხვადასხვა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.