“არ მაინტერესებს, ვის რა მიჰქონდა – ჩემთვის მთავარია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა” -პაატა მანჯგალაძე
არ მაინტერესებს ეს საკითხი საერთოდ, ვის რა მიჰქონდა, არ მიჰქონდა, რომ მიჰქონდა მერე რა, ჩემთვის მთავარი არის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
პაატა მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, არ იცის, რა მოტივი შეიძლება, ჰქონოდა პოლონელ ექიმს.
„ნამდვილად ვერ ვიტყვი, რა იყო მოტივი იმისა, რომ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა გაეტანათ იმ ფორმით, რომელზეც საუბრობენ. ამისგან ახლა სკანდალისა და აჟიოტაჟის ატეხვა, მე მგონი მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რომ ადამიანი გადარჩეს და მისი სიცოცხლე იყოს დაცული. მე ეს პროპაგანდა, რომ აი, რა ქნეს ევროპელებმა, სისულელე მგონია საერთოდ. არ მინდა სისულელეზე ლაპარაკი, არც მოტივი ვიცი, რატი ბრეგაძის მოტივაციაც არ ვიცი, ასეთი ამბის ატეხვა – მიჰქონდა, არ მიჰქონდა, რომ მიჰქონდა მერე რა, ჩემთვის მთავარი არის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.