1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „არ გავჩერდები, სანამ ყველას არ გაათავისუფლებენ“ – ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება
„არ გავჩერდები, სანამ ყველას არ გაათავისუფლებენ“ – ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება

„არ გავჩერდები, სანამ ყველას არ გაათავისუფლებენ“ – ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება

147
0

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება.

„ამ მრავალი კვირის განმავლობაში მძევლები და მათი ახლობლები ჩემი და ჯილის გულებში იყვნენ. უზომოდ მოხარული ვარ, რომ რამდენიმე მამაცი სული, რომლებმაც ტყვეობაში ყოფნა და ენით აუწერელი განსაცდელი გადაიტანეს, კვლავ შეუერთდებიან თავიანთ ოჯახებს, როგორც კი ეს შეთანხმება სრულად შევა ძალაში.

როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოში მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამიტომ, „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის პირველივე მომენტიდან მე და ჩემი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონულ პარტნიორებთან, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად. მე არ გავჩერდები, სანამ ყველას არ გაათავისუფლებენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა მადლობა გადაუხადა კატარის, ეგვიპტისა და ისრაელის ლიდერებს გაწეული ძალისხმევისთვის.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.