
ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო
ანტიკორუფციული ბიურო „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.
მათივე ცნობით, განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ სსიპ – ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს.
მონიტორინგის მიზანია დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირს ეკისრება კანონით დადგენილი ვალდებულება, დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახოს პირის და პირის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონება და ყველა ტიპის გარიგება.
ბიუროს მიერ მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.
განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან.
მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს, იყო თუ არა ხელშეკრულების დამალვა მიზანმიმართული, უკავშირდება თუ არა შემოსავლის დაფარვის მცდელობას და რამდენად შეესაბამება ეს ქმედება კანონით დადგენილ ვალდებულებებს.
ამასთანავე, ბიურო აგრძელებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მუდმივ მონიტორინგს, რაც გულისხმობს შემოწირულებების კანონიერების შეფასებას.
ამ კონტექსტში მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის მიერ დეკლარირებულ შემოწირულებებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით”,- აღნიშნულია განცხადებაში.