1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ამჟამად მთავრობა არის სრულად იზოლირებული ყველა პარტნიორის მიერ, რომლებიც განაგრძობენ ოპოზიციასთან და ჩემთან მუდმივ კავშირებს, ასე რომ, ჩვენ მიტოვებული არ ვართ-სალომე ზურაბიშვილი
ამჟამად მთავრობა არის სრულად იზოლირებული ყველა პარტნიორის მიერ, რომლებიც განაგრძობენ ოპოზიციასთან და ჩემთან მუდმივ კავშირებს, ასე რომ, ჩვენ მიტოვებული არ ვართ-სალომე ზურაბიშვილი

ამჟამად მთავრობა არის სრულად იზოლირებული ყველა პარტნიორის მიერ, რომლებიც განაგრძობენ ოპოზიციასთან და ჩემთან მუდმივ კავშირებს, ასე რომ, ჩვენ მიტოვებული არ ვართ-სალომე ზურაბიშვილი

1.51K
0

აქციებისას, სხვადასხვა დროს არის დაკავებული დაახლოებით 400 ადამიანი, 50 ამ დრომდე ციხეში რჩება. 125-დღიანი პროტესტის დროს გადაღებული ყველა სურათი და ვიდეოკადრი აჩვენებს, რომ ის არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, თუმცა ეს ხდება, რადგან ჩვენ საქართველოში აღარ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილმა გამოსვლისას საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვლავ ციხეში რჩება აქციებისას დაკავებულთა ნაწილი, რომელთაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„არსებული ვითარება რომ არა, მოხარული ვიქნებოდი, ფიზიკურად დავსწრებოდი კომიტეტის სხდომას. არიან პოლიტიკური ლიდერები ზოგიერთი პარტიიდან, რომლებიც არიან პროევროპული პარტიები და არიან იმ მოძრაობაში, რომელიც ჩვენ ახლახან შევქმენით. ისინი დაიბარეს პროკურატურაში, სისხლის სამართლის ბრალდებით, რადგან მათ მონაწილეობა არ მიიღეს პარლამენტის მიერ წარმოებულ გამოძიებაში. ჩვენ გვქონდა არჩევნები გასულ ოქტომბერს, რომელიც მრავალმხრივ იქნა გაკრიტიკებული და რაც უფრო გადის დრო, მეტს ვიგებთ, რამდენად ფართო და დახვეწილი ოპერაცია მოხდა, რომელიც იყო ინსპირირებული რუსეთისგან და რუსული მეთოდებით. შედეგად, პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და მის ლეგიტიმურად ცნობაზე. პარლამენტი შეიკრიბა არაკონსტიტუციური ფორმით, კონსტიტუციის დარღვევით. არჩევნებიდან მალევე, ერთ თვეზე ნაკლებ დროში, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ აჩერებს დისკუსიებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. არჩევნებზე მანიპულაციამგაყალბებამ და პრემიერის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყება განაპირობა, რომელიც დღემდე გრძელდება. მაგალითისთვის, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, აღინიშნებოდა საიუბილეო თარიღი 1991 წელის 31 მარტიდან. გაიმართა მასშტაბური პროტესტი, რომელსაც მრავალი ათასი ადამიანი დაესწრო“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პროტესტი გრძელდება ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში და მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა სეგმენტს, რადგან, „პრაქტიკულად, ყველა, ასე თუ ისე, რეპრესიული კანონების ქვეშ მოექცა“.

„ალბათ გსმენიათ „რუსული კანონის“ შესახებ, რომელიც იყო ასლი იმისა, რასაც რუსეთი აკეთებს სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად. საქართველოში ეს პროცესი უკიდურესად სწრაფად ვითარდება და, ფაქტობრივად, ყოველ ახალ დღეს ჩვენ გვაქვს ახალი კანონები, რომლებიც არის ასევე ასლები იმისა, რასაც რუსეთი აკეთებს – ძალადობით ქუჩაში, ადამიანების საკუთარი სახლიდან, მეტროდან გატაცებით, მათი გაუჩინარებით და შემდეგ პოლიციის რომელიმე განყოფილებაში აღმოჩენით. სხვადასხვა დროს არის დაკავებული დაახლოებით 400 ადამიანი, ზოგი – ადმინისტრაციული წესით, ზოგი კი – სისხლის სამართლის კოდექსით, იმის მიუხედავად, რომ ეს პროტესტი იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი. მათგან დაახლოებით 50 ამ დრომდე ციხეში რჩება და მათ ემუქრებათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა. ადამიანებს, რომლებიც კარგად ნაცნობი არიან საზოგადოებისთვის, ეპყრობიან, როგორც კრიმინალებს. 125-დღიანი პროტესტის დროს გადაღებული ყველა სურათი და ვიდეოკადრი აჩვენებს, რომ ის არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, თუმცა ეს ხდება, რადგან ჩვენ საქართველოში აღარ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში არანაირი დებატები არ იმართება.

„დღეს პარლამენტმა მიიღო სამი სხვადასხვა კანონი. პარლამენტში არანაირი დებატები არ იმართება. კანონი კომიტეტების სამ ეტაპს სულ რაღაც სამ დღეში გადის. ერთი კანონი არის ე.წ. ამერიკული „ფარა“, რომელიც არის ახალი რუსული კანონი და ანიჭებს მეტ უფლებამოსილებას, რომ შეზღუდოს და შეაკავოს არასამთავრობო ორგანიზაციები. მეორე არის საბჭოთა დროინდელი სისხლის სამართლის მუხლის აღდგენა სახელმწიფო ღალატის შესახებ. მესამე კანონი ზღუდავს მედიას და მათ უწესებს დამატებით შეზღუდვებს ფინანსური კონტროლისა და კონტენტის კონტროლის გზით. ასევე, არის სხვა კანონები საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც მოითხოვს საჯარო მოხელეებისგან უშუალო უფროსებისგან მიიღონ ნებართვა, თუ მათ სურთ რამე საგანმანათლებლო აქტივობაში ჩართვა. ყველაფერი ეს მხოლოდ ერთ დღეში მოხდა. ეს სახელმძღვანელო, რომელიც აშკარად არ დაწერილა საქართველოში, სწრაფი ტემპით ხორციელდება პარლამენტის და მთავრობის მიერ, რომლებიც წარმოადგენენ მხოლოდ ერთ პარტიას და ერთ კაცს, მსახურებიან ივანიშვილს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი.

„ყველა ინსტიტუტი ექვემდებარება ერთპარტიულ მართვას. ისინი ნიშნავენ საკუთარ ხალხს და ეს ეხება სასამართლოებს, უზენაეს სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს, ეროვნულ ბანკს, რომელსაც როგორც ვიხილეთ, გუშინ ჰქონდა ოფიციალური შეხვედრა ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან, ეს ეხება ყველა მარეგულირებელ კომისიას, რომელთა შორის მედიის მარეგულირებელიცაა. პრეზიდენტის ინსტიტუტი იყო უკანასკნელი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, მათ სცადეს ჩემს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, თუმცა ეს იყო ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ასე რომ, ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც ვართ. შეკითხვაზე, გავხდებით თუ არა ჩვენ ბელარუსი, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა. ეს არის ეტაპი, რომელზეც აქ სამოქალაქო საზოგადოება იმყოფება. საბჭოთა პერიოდშიც კი, ის იყო მედეგი და მანამდეც. საქართველოს მოსახლეობა განსხვავებული ხასიათის არის, სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ კიდევ ძალიან ცოცხალია. ფაქტია, რომ სიტუაცია არის განსხვავებული, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელიც სრულიად დამოკიდებული და მხარდაჭერილი იყო ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მიერ, რომლებიც დაგვეხმარნენ პოლიციის და არმიის შექმნასა და რეფორმირებაში. ამჟამად მთავრობა არის სრულად იზოლირებული ყველა პარტნიორის მიერ, რომლებიც განაგრძობენ ოპოზიციასთან და ჩემთან მუდმივ კავშირებს, ასე რომ, ჩვენ მიტოვებული არ ვართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.