1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ამ რეზოლუციას არ აქვს არანაირი ფასი, ჩალის ფასი აქვს”-კახა კალაძე
“ამ რეზოლუციას არ აქვს არანაირი ფასი, ჩალის ფასი აქვს”-კახა კალაძე

“ამ რეზოლუციას არ აქვს არანაირი ფასი, ჩალის ფასი აქვს”-კახა კალაძე

147
0

ღირებული ვერ იქნება ის დოკუმენტი, სადაც საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე, ხოლო მეცენატზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის პროექტის შესახებ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს.

„დღესაც დილით ჟურნალისტებმა დამისვეს შეკითხვა, რას ველოდებოდი დღევანდელ რეზოლუციაზე, რომლის მიღებასაც აპირებდნენ და ჩემი პასუხი იყო, რომ ახალს და განსხვავებულს არაფერს. შედეგიც მართლაც იგივეა, არაფერი სიახლე. ამ რეზოლუციას არ აქვს არანაირი ფასი, ჩალის ფასი აქვს და ავხსნი, რატომ. როდესაც სიცრუეზე, სიყალბესა და კრიმინალების მფარველობაზე პირდაპირი მითითებებია, რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ვერ ექნება სერიოზული სახე. ეს ვერ იქნება ღირებული დოკუმენტი.

დოკუმენტი, სადაც საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე თავისი ლობისტების მხრიდან. ვერ იქნება ღირებული, როდესაც მეცენატზე, ქველმოქმედზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს. შესაბამისად, ჩვენი მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს ამ რთულ გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია“, – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, 2012 წლიდან ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და დღესაც აკეთებს, რათა ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია.

„ბევრი კონკრეტული პროექტი განვახორციელეთ, სირთულეების მიუხედავად ბევრი წარმატება იყო. დღესაც, ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსის მიღებას, მაგრამ მიღებული იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით და ამასაც აქვს თავისი ახსნა, რატომ გააკეთეს ეს და ეს გააკეთეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.