
“ახლაც კი, როცა მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, როცა ისინი სასტუმროებში გადაჰყავთ, აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც აქედან გასვლა არ უნდათ… ეს არის უმძიმესი სიტუაცია, სხვა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე” – ნიკოლოზ კახეთელიძე
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, “სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ნგრევის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ეს არის დაახლოებით 50-იანი წლების შენობა, როცა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები არ იხმარებოდა. შესაბამისად, ის პარაპეტი, რაც ჩამოინგრა, არის თავის დროზე დეკორაციისთვის ნახმარი ელემენტი.
შენობა არის მე-3 კატეგორიის, იქ საუბარია იმაზე, რომ შემოეღობათო… მე-3 კატეგორია არ გულისხმობს, რომ შენობა უნდა შემოღობო. თუნდაც ის წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანები არ გამოდიან სახლიდან და რას უღობავ იმათ? ახლაც კი, როცა მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, როცა ისინი სასტუმროებში გადაჰყავთ, ახლაც კი აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ აქედან. ეს არის უმძიმესი სიტუაცია, სხვა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე,”- აცხადებს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ნიკოლოზ კახეთელიძე.
ამ დროის მონაცემებით, ნგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.