1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “აიათოლას ჰგონია, რომ იგი უფრო გაბედული და ძლიერია, ვიდრე დონალდ ტრამპი. რამდენად მტკიცეა ალი ჰამენეის რწმენა საკუთარი თავისადმი”-The Daily Telegraph
“აიათოლას ჰგონია, რომ იგი უფრო გაბედული და ძლიერია, ვიდრე დონალდ ტრამპი. რამდენად მტკიცეა ალი ჰამენეის რწმენა საკუთარი თავისადმი”-The Daily Telegraph

“აიათოლას ჰგონია, რომ იგი უფრო გაბედული და ძლიერია, ვიდრე დონალდ ტრამპი. რამდენად მტკიცეა ალი ჰამენეის რწმენა საკუთარი თავისადმი”-The Daily Telegraph

72
0

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “აიათოლას ჰგონია, რომ იგი უფრო გაბედული და ძლიერია, ვიდრე დონალდ ტრამპი. რამდენად მტკიცეა ალი ჰამენეის რწმენა საკუთარი თავისადმი” (ავტორი – დევიდ ბლერი). „აშშ-ის პრეზიდენტი ირანს დარტყმით დაემუქრა, მაგრამ უზენაესი ლიდერი თვლის, რომ სიტუაციიდან ახლაც მშრალად გამოვა“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ირანში დაღუპულთა რაოდენობა ნათელი დადასტურებაა არამარტო რეჟიმის სისასტიკისა, არამედ იმისაც, რომ ქვეყნის უზენაეს ლიდერს ალი ჰამენის რაღაც გრანდიოზული ავანტიურა აქვს წამოწყებული: ამ არაშორსმჭვრეტელმა და დაუნდობელმა მოხუცმა ფსონი დადო მაქსიმალურ სიმკაცრეზე და იმედი აქვს, რომ აშშ ირანის საშინაო საქმეებში სამხედრო ჩარევას არ მოახდენს და თუ მოახდენს, რეჟიმი თავს დაიცავს და მაინც გადარჩება. ანუ აიათოლა ალი ჰამენეი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში – ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ ფასად (ადამიანების მსხვერპლის ჩათვლით) დაიცვას ირანის ისლამური რესპუბლიკა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განზრახვას გაუქრობს თეოკრატიული რეჟიმის დასამხობად.
ალი ჰამენეი არ ფიქრობს არც შიდა რეფორმების გატარებაზე და არც ეკონომიკის აღორძინებაზე. ის არ დაიწყებს დუხჭირი ცხოვრებისაგან გაწამებულ და გაღარიბებული მოსახლეობაზე ზრუნვას, ან ხელისუფლების ორგანოებში გამეფებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.
აიათოლა ალი ჰამენეის არ აქვს იდეები, თუ როგორ უნდა აიცილოს თავიდან სანქციების სიმძიმე. მას არ აქვს აშშ-სთან მრავალწლიანი კონფრონტაციის დარეგულირების გეგმა. იგი უარს არ ამბობს ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე.
მაგრამ ალი ჰამენეის აქვს გადაწყვეტილებებისა და მანევრირების ვარიანტები: იგი ნებას მისცემს რევოლუციურ გვარდიას (ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს) და მის ქვედანაყოფს „ბასიჯს“, რომ დაუნდობლად გაუსწორდნენ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს. ალი ჰამენეი ხელმძღვანელობს რეჟიმს, რომელიც, როგორც ჩანს, სრულად არის პარალიზებული ყველა სფეროში, ერთის გარდა – მზად არის საკუთარ მოქალაქეებზე შეუბრალებელი ძალადობრივი ზემოქმედება განახორციელოს.
თავის საჯარო გამოსვლაში გასულ კვირას, პარასკევს, აიათოლამ დაგმო მომიტინგეთა მოქმედება და მათ „უგუნური ადამიანების ბრბო“ უწოდა, რომლებიც მზად არიან ყველაფრის დასანგრევად. მისი თქმით, ისინი სამშობლოს ინტერესებს პატივს არ სცემენ და ყველაფერს აშშ-ის პრეზიდენტის – ირანის მტრის საამებლად და მის დასანახად აკეთებენ. „ვინც არ უნდა იყოთ, თუ თქვენ უცხო ქვეყნის საქმეს აკეთებთ, ირანელი ხალხი შეგიძულებთ და უარყოფილი იქნებით“, – თქვა ალი ჰამენეიმ. მისი ნათქვამის ლოგიკური შედეგია ის, რომ ქუჩის შეტაკებებში დაღუპული ირანელების რაოდენობა სულ უფრო მატულობს.
თავისი 37 წლიანი მმართველობის დროს აიათოლა ალი ჰამენეი არაერთხელ გამოსულა საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ და ყოველთვის აცხადებდა, რომ ისინი უცხო სახელმწიფოების მიერ დაქირავებული აგენტებს წარმოადგენენ. ისევე როგორც ნებისმიერი ტირანი, აიათოლაც თვით დამამშვიდებელ ილუზიებშია: მას ჰგონია, რომ არცერთი ჭეშმარიტი ირანელი მის წინააღმდეგი არ იქნება და ვინც მას პატივს არ სცემს, ის „წყალს მტრის წისქვილზე ასხამს“.
ირანის უზენაესი მმართველის გამოსვლა ხელისუფლების მომხრეებისათვის გარკვეული სიგნალი გახდა. რევოლუციის გუშაგები მომიტინგეებს დაუნდობლად უსწორდებიან. მათ არ ჩამორჩება სამთავრობო მასმედია, რომელიც არც კი ცდილობს სისხლისღვრის მასშტაბის მინიმიზებას: მორგებიდან, სადაც გვამებიანი შავი ტომრებია დაწყობილი, ტელევიზიებით დამთრგუნველი რეპორტაჟები გადაიცემა. ასეთია თეოკრატიული რეჟიმის პროპაგანდის ხასიათი: დათესოს შიში ირანელებს შორის და აჩვენოს მათ, თუ როგორია „ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლისა და სხვაგვარად აზროვნების ფასი“.
აშშ ყოველთვის გმობდა ირანის მმართველი რეჟიმის მიერ განხორციელებულ რეპრესიებს, თუმცა ზოგჯერ არასაკმარისად მკაცრად. 2009 წელს, როცა საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო ირანელები ქუჩაში გამოვიდნენ, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ძალზე თავშეკავებული კომენტარი გააკეთა, საერთოდ არც უხსენებია სამხედრო მუქარა, რითაც ირანის ხელისუფლებამ ისარგებლა.
დღეს, პირიქით, დონალდ ტრამპი არამარტო მკაცრად გმობს რეპრესიებს ირანში, არამედ აიათოლას მრისხანე დარტყმით ემუქრება, თუ ის ადამიანების ხოცვას გააგრძელებს.
ალი ჰამენეი, როგორც ჩანს რისკზე მიდის: მას, ალბათ, იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი  თავის მუქარას არ განახორციელებს, მაგრამ აიათოლა სცდება: აშშ-ის პრეზიდენტმა წინა ორი მუქარა ზუსტად აასრულა – მან შარშან თეირანს ულტიმატუმი წაუყენა, რომ 60 დღეში შეეწყვიტა ბირთვული პროგრამა და რომ არ შეწყვიტა, 61-ე დღეს დაარტყა ისრაელთან ერთად.
აცნობიერებს თუ არა აიათოლა რეალური საფრთხის არსებობას? ლოგიკის მიხედვით, იგი ფრთხილად უნდა მოქმედებდეს, მაგრამ ღრმად კონსერვატორი 86 წლის მოხუცის აზროვნება მოქნილი ვერ იქნება.
ირანული სისხლისღვრის გაგრძელება ორ მნიშვნელოვან მომენტს ადასტურებს: პირველი – ალი ჰამენეი მზად არის ჩაახშოს უწესრიგოებები ისევე როგორც ამას ადრე აკეთებდა და მეორე – რეჟიმის მომხრე ძალოვანი სტრუქტურები ძველებურად მზად არიან დაემორჩილონ მის ბრძანებებს და თანამოქალაქეები დახოცონ. მათ, ალბათ, გულწრფელად სჯერათ, რომ ქუჩებში გამოსულები „უცხოელი მტრების მიერ დაქირავებული აგენტებია არიან“.
მოკლედ, სანამ ეს ორი ფაქტორი იარსებებს, რეჟიმის გადარჩენა შესაძლებელია.
და რა შეიძლება მოჰყვეს აშშ-ის სავარაუდო დარტყმას?
თეორიულად, ვაშინგტონს თავის მიერ განხორციელებული ოპერაციით შეუძლია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლობისა და კომუნიკაციის პარალიზება, რაც რეჟიმის ძალას დაასუსტებს და ქუჩის გამოსვლების ჩახშობა გაუძნელდება. შესაძლოა თეთრმა სახლმა თვით აიათოლა ალი ჰამენეის ლიკვიდაციაც მოახდინოს. მაგრამ სანამ დონალდ ტრამპი არ ჩაერევა, ასეთი მსჯელობა სპეკულაციური იქნება.
ამჟამად სიტუაცია ისეთია, რომ ისლამურ რესპუბლიკას თავის გადარჩენის შანსები ჯერ კიდევ აქვს. აიათოლას ავანტიურამ შეიძლება თეოკრატიული რეჟიმისათვის პოზიტიური ნაყოფი გამოიღოს.

წყარო: