1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აფხაზეთში “ჯაშუშობის” ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
აფხაზეთში “ჯაშუშობის” ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

აფხაზეთში “ჯაშუშობის” ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

241
0

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა, გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ქრისტინე თაკალანძე დააკავეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მიერ 25 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 24 წლის ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს,  რომელსაც ბრალად ედება „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობა“.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით,

ქრისტინე თაკალანძეს, რომელის გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდანაა, არ აქვს „აფხაზეთის მოქალაქეობა“, საქართველოს მოქალაქეა და ზუგდიდში ცხოვრობს.

 ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებითვე, თაკალანძე „დაკავებული იყო საკუთარი დანაშაულებრივი განზრახვის რეალიზაციით, რაც მიმართული იყო აფხაზეთის სახელმწიფო, სამხედრო და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის მიღების, შეგროვების და საქართველოს სპეცსამსახურებისთვის გადაცემისკენ“.

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით,  „საგამოძიებო განყოფილებამ სამხედრო პროკურორის თანხმობით, ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით“.

ე.წ. უშიშროების სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულია ვიდეომასალა, სადაც ჩანს დაკავებული ახალგაზრდა ქალი და მისთვის ჩხრეკისას ჩამორთმეული მობილური ტელეფონი, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბანკო ბარათი, ასევე სხავდასხვაა ქართული აფთიაქების ფასდაკლების ბარათები, ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტები სხვადასხვა ფურცლის ნაგლეჯებზე. ამ ბარათზე კარგად ჩანს სიტყვები: „თუ წახვედი გალში, ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე“ და წამლის სახელწოდება.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალის უკანონოდ დაკავებას ადასტურებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.