“ადვოკატთა ასოციაცია” თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია
“ადვოკატთა ასოციაცია” მეორე ტურის მოლოდინშია – კენჭისყრის შედეგად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ყანდაშვილი 174 ხმით ლიდერობს, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ არის.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. 14 დეკემბერს გამართული კენჭისყრის საბოლოო ოქმის მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა კანონმდებლობით განსაზღვრული ხმების რაოდენობა -50% + 1 ხმა.
პირველი ტურის შედეგებით, ირაკლი ყანდაშვილმა 1 269 ხმა მიიღო, ირაკლი ჩომახაშვილმა კი – 1 106. შედეგად, თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად მეორე ტურში ორი კანდიდატი ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი და ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი მიიღებენ მონაწილეობას. კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტური არაუგვიანეს 14 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.
არჩევნების პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდა, ხოლო შედეგები საჯაროდ ხელითაც გადაითვალეს. კენჭისყრაში სულ 2 750 ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად ექვსი კანდიდატი იბრძოდა: ირაკლი ყანდაშვილი, ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრანი ღურწკაია, ირაკლი ჩომახაშვილი და მანუჩარ ჭუმბურიძე.
თავმჯდომარეობის კანდიდატთა ხმები კი ასე გადანაწილდა:
ირაკლი ყანდაშვილი 1269 ხმა.
ირაკლი ჩომახაშვილი 1106 ხმა.
მუხრან ღურწკაია 301 ხმა.
გიორგი მარიამიძე 8 ხმა.
მანუჩარ ჭუმბურიძე 8 ხმა.
ნიკოლოზ კვანტრიშვილი 7 ხმა.
საარჩევნო პროცესს კანდიდატების 24 და არასამთავრობო ორგანიზაციების 22 წარმომადგენელი აკვირდებოდა.
კრების ფარგლებში ასევე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები.
აღმასრულებელი საბჭოს წევრები გახდნენ:
კახა კოჟორიძე, როინ მიგრიაული, გიორგი ფანცულაია, ნუგბარა როსტიაშვილი, ნინო ლიპარტია, დათუნა მოდებაძე, რაისა ლიპარტელიანი, შოთა მანელიძე, ლევან მახარაშვილი, ზაქრო გვიშიანი და ქეთევან უტიაშვილი.
ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრები:
ინგა ბერიძე, გოგა ხატიაშვილი, ოთარ კაჭკაჭაშვილი, მამუკა ნოზაძე, გელა სიორდია, ცისმარი ონიანი, ია გაბედავა, დიანა გვიშიანი, იმედა ბეროშვილი, ეკატერინე გეწაძე, ეკატერინე მაჭარაშვილი და მარინე ცუცქირიძე.
ეთიკის კომისიის არაადვოკატი წევრები:
ირაკლი ბურდული, ნათია ჩიტაშვილი და სოფიო ჩაჩავა.
სარევიზიო კომისიის წევრები არიან:
ზვიად კორძაძე, დარიკო თორდია, გიორგი თევზაძე, ლელა ბჟალავა და მარინე ნიქაბაძე.
არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი ყანდაშვილი. მისი თქმით, შედეგს პოზიტიურად აფასებს და მეორე ტურზე გამარჯვების მოლოდინი აქვს.
„მოხარული ვარ, რომ პირველ ადგილზე გავედი, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მხარდამჭერი გუნდი უმრავლესობით არის წარმოდგენილი აღმასრულებელ საბჭოში, მათ შორის – სარევიზიო კომისიაში. მოლოდინები პოზიტიურია და ყველაფერი პროცედურის შესაბამისად განხორციელდება,” – განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედმა თავმჯდომარემ დავით ასათიანმა კი აღნიშნა, რომ ასოციაციამ წლების განმავლობაში პროფესიული დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა შეინარჩუნა.
„ჩვენ გვეამაყება, რომ შევინარჩუნეთ და გავაძლიერეთ პროფესიული თვითმმართველობა, დამოუკიდებლობა და აპოლიტიკური სტატუსი. ამ პერიოდის განმავლობაში ადვოკატები თავისუფლად ახორციელებდნენ თავიანთ პროფესიულ ვალდებულებებს და დარწმუნებული ვარ, რომ ის განვითარების გზა, რაც ქართულმა ადვოკატურამ გაიარა, გაგრძელდება,” – განაცხადა დავით ასათიანმა.