1. Home
  2. სხვა
  3. აბსურდულია გახარიას არგუმენტაცია, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნოს, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნას -გიორგი ვაშაძე
აბსურდულია გახარიას არგუმენტაცია, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნოს, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნას -გიორგი ვაშაძე
0

აბსურდულია გახარიას არგუმენტაცია, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნოს, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნას -გიორგი ვაშაძე

161
0

ერთადერთი რამ, რაც პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია ხელისუფლების არალეგიტიმურობის ცნობისთვის, ეს არის სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა, სხვა ყველა არგუმენტი არის ტყუილი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე გიორგი გახარიას დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა. მისი თქმით, გახარიას და მის პარტიას აბსურდული არგუმენტაცია აქვთ, როდესაც ამბობენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნონ, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნან.

„სამმა პოლიტიკურმა ძალამ ჩახსნა სიები, შემდგომ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ ყველა დაწერს განცხადებას მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით. დღეს მოვისმინეთ აბსურდული არგუმენტაცია გახარიას და მისი პარტიის მხრიდან, რომ თურმე ეს პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნოს, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნას. ერთადერთი რამ, რაც დღეს ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია არალეგიტიმურად ცნობის გზისთვის, ეს არის სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა. სხვა ყველა არგუმენტი არის ტყუილი და ფუჭი. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მორჩა უკვე ამდენი შეგონებები პრესკონფერენციებიდან, რაღაცის ვითომ „ნაცმოძრაობისთვის“ დაბრალება და ა.შ. პირდაპირ ვამბობ, რომ დღეს იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა საერთაშორისო მასშტაბით იყოს შენარჩუნებული, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოპოზიციურმა ჯგუფმა გააკეთოს კონკრეტული გადაწყვეტილება, გააუქმოს სიები და გააუქმოს საკუთარი მანდატები. ამით ყველა პოლიტიკური ჯგუფი სამართლებრივ კავშირს წყვეტს თვითმარქვია, თვითგამოცხადებულ დაჯგუფებასთან „ქართული ოცნების“ სახით. ამ სამართლებრივი კავშირის გაწყვეტა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორების პოზიცია და გაძლიერდეს საზოგადოებაში ეს პოზიცია. ხალხი ნამდვილად ითხოვს ამას, რომ გავწყვიტოთ ყველანაირი კავშირი თვითგამოცხადებულ რეჟიმთან, რომელიც დღეს საქართველოშია. როდესაც გამოდიხარ და ათას ტყუილს იძახი, თან აქეთ კიდე ხელს იშვერ ჩვენკენ, მგონი, უბრალოდ უტიფრობაა და აცდენილია აბსოლუტურად რეალობას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, არჩევნების არაღიარების გზას დააზიანებს ერთადერთი რამ, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია „არ გაწყვეტს სამართლებრივ კონტაქტს თვითგამოცხადებულ რეჟიმთან.“

„მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, არავინ არ მოგატყუოთ, რომ უცხოელებთან ვმუშაობ და ა.შ., ძალიან გთხოვთ, ეს ტყუილები შეგიძლიათ, სხვაგან მოყვეთ. ეს არის კონკრეტული გზაგასაყარი, ყველა ვირჩევთ ჩვენს გზას, ან არ ვაღიარებთ და ვწყვეტთ ყოველგვარ სამართლებრივ კავშირს ამ თვითმარქცია პარლამენტთან, ან იტოვებ უკანა გზას, რათა ამ თვითმარქვია პარლამენტთან რამენაირად ითანამშრომლო. ასე ვხედავ მე, ასე ხედავს საერთაშორისო საზოგადოებაც და დარწმუნებული ვარ, ასე უყურებენ ამ ყველაფერს საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ, ეს ტყუილები და რაღაცა თავის არიდებები პირდაპირ პასუხზე ან რაღაცა სხვა მიზეზების მოფიქრება არ გამოვა. ამ არაღიარებას დააზიანებს ერთადერთი რამ, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია არ გაწყვეტს სამართლებრივ კონტაქტს თვითგამოცხადებულ რეჟიმთან. მე იმედი მაქვს, რომ ეს თავის არიდება ამ პროცედურაზე არ მოხდება და დაფიქრდება კარგად მეოთხე პოლიტიკური ჯგუფი და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, მისი მხრიდან თავდასხმების მიუხედავად, არ ვუბრუნებდით არანაირ პასუხს, ახლა მკაფიო პოზიციაა საჭირო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, გიორგი გახარიამ რომც არ ჩახსნას სიები და თანამშრომლობა რომც გააგრძელოს „თვითმარქვია პარლამენტთან“, ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია მაინც ვერ მოხდება.

„გახარიას პარტიამ, რომც არ განახორციელოს ეს აქტი და თუნდაც თანამშრომლობა გააგრძელოს ამ თვითმარქვია პარლამენტთან, მაინც ვერ მოხდება ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია. ამ პერიოდიდან მოყოლებული ძალიან მკაფიოდ დაფიქსირდება, ვინ დგას ხალხის მხარეს, ვინ მიდის არაღიარების მიმართულებით და ვინ ცდილობს, რომ თანამშრომლობის ან გამოსავლის, ან პარლამენტში შესვლის ან პარლამენტთან რაღაცნაირი კავშირის გზა დაიტოვოს. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ცესკო-მ გააუქმა იმ სამი ოპოზიციური პარტიის სიები, რომლებმაც მიმართეს. ახლა, ყველა ინდივიდმა, როგორც მე დავწერე და შევიტანე განცხადება , ზუსტად ასე უნდა დაწეროს ინდივიდუალური განცხადება. არცერთი ზედმეტი სიტყვა არ ჩავწერე ამ განცხადებაში , რომ ვინმემ ხელზე არ დაიხვიოს რომ ამის გამო არ მიწყვეტს მანდატს. ამიტომ, რადგან ცესკო-მ სიები გააუქმა, მოვითხოვ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმისგან, დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდეს ჩემი განცხადება. სხვებიც მიმართავენ დარწმუნებული. მე ჩემი ნაბიჯი გადავდგი, მე ვიყავი აქციაზე, არ გავსულვარ იქიდან და არ მქონდა სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან კონტაქტის შესაძლებლობა. ნამდვილად არ ვამბობ, რომ ყველაზე მაგარი მე ვარ, რადგან ყველაზე პირველმა მივმართე, არა. დარწმუნებული ვარ, სხვებიც იმავე ნაბიჯს გადადგამენ და მიმართავენ მანდატების შეწყვეტის განცხადებით. გახარია საერთოდ არაფერს არ ეთანხმება თავის ცხოვრებაში. მარტო ეთანხმება, რომ თურმე სია არ უნდა ჩახსნას , ანუ „ქართულ ოცნებას“ რაც უნდა, იმას ეთანხმება და რაც ხალხს უნდა, იმას არ ეთანხმება. ის თუ არ დაეთანხმება, ჩემთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. მე მაიც გავაგრძელებ იმ გზას, რომელიც სწორი მგონია, რომელსაც მოითხოვს საზოგადოება. ნეტავ, ვინმემ რაიმე პროტესტი გამოხატოს სადმე და რამე გააკეთოს. სხვისი პროტესტიც რომ არის, ყოველთვის მივდივარ და გვერდში ვუდგავარ ნებისმიერს. არ ყოფილა საქართველოში ერთი პროტესტიც კი, ერთი საათი და ერთი წუთი ოდესმე გამომეტოვებინოს, მაგრამ სამაგიეროდ პოლიტიკურ სპექტრში მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მათ შორის ის გვარი, რომელიც მე დავასახელე, მუდმივად სხვა აკრიტიკებს და სელფის გადაღება, 15 წუთით მისვლა მოშორებით არ ნიშნავს პროტესტში მონაწილეობას. ოღონდ, იმასაც შეგახსენებთ, რომ 25-ში გახარიამ თვითონ დააანონსა პროტესტი და სად წავიდა, აქეთ რომ იშვერს ახლა ხელს? მე ველოდებოდი, ქვემოთ ვიდექი, რომ მოვიდოდა გახარია თუ ამ მიკროფონით ისარგებლებდა, მზად ვიყავი, მიმეცა, თუ არადა თავის ტრიბუნას დადგამდა და იქიდან წაიყვანდა თავის აქციას. მე არცერთი მინახავს და არც მეორე. ეს ახლა გაპრანჭული მდგომარეობა სადღაც შორიდან, როცა თვითმარქვია რეჟიმი გყავს და ამბობ, რომ არალეგიტიმურია, რბილად რომ ვთქვა, უსამართლოა და პირდაპირ გეტყვით არასწორია“, – განაცხადა ვაშაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ იმოქმედებს „ნაცების“ ან „ოცნების“ დღის წესრიგით.

„მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ, სიების ჩახსნაზე საუბარი არ არის ის, რაც არსებულ კრიზისზე ოპოზიციას ბრალეულობას მოუხსნის“, – განაცხადა გახარიამ.