1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “აბრეშუმის გზის” კონფერენცია თბილისში- საქართველომ ევროპაში თავისი ადგილი დაიმსახურა” -Berliner Zeitung
“აბრეშუმის გზის” კონფერენცია თბილისში- საქართველომ ევროპაში თავისი ადგილი დაიმსახურა” -Berliner Zeitung

“აბრეშუმის გზის” კონფერენცია თბილისში- საქართველომ ევროპაში თავისი ადგილი დაიმსახურა” -Berliner Zeitung

179
0

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აბრეშუმის გზის“ კონფერენცია თბილისში: საქართველომ ევროპაში თავისი ადგილი დაიმსახურა“ (ავტორი – ნიკოლას ბუტილინი).

მასალაში განხილულია საქართველოს საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებით, განსაკუთრებით აღნიშნულია თბილისის როლი ახალი „აბრეშუმის დიდი გზის“ განხორციელებაში.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრის ოქროთი და ვერცხლით შემკულ დარბაზში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა: ღონისძიების წამყვანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იცის, რომ იგი პრეზიდიუმის ცენტრში უნდა დაჯდეს, როგორც შუამავალი.

მისი ადგილის მარცხნივ არის წარწერა „ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი“, მარცხნივ კი „ალი ასადოვი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი“. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტი აქაც, თბილისშიც იგრძნობა“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

საქართველოს დედაქალაქში „აბრეშუმის გზის“ სამიტი მიმდინარეობს. ერევნიდან და ბაქოდან პოზიტიური სიგნალები უკვე მიღებულია: დაპირისპირებული მხარეები კონფრონტაციის განმუხტვას ცდილობენ და წლის ბოლომდე ზავის დასადებად ემზადებიან. სომეხი დიპლომატები თურქეთთან საზღვრის გახსნასაც ელოდებიან.

საქართველო – ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის?

თბილისში „აბრეშუმის გზის“ სამიტი უკვე მეოთხედ იმართება და ის, რასაკვირველია, მთიანი ყარაბაღის ომს არ ეძღვნება, მაგრამ იძულებულია რიგ საკითხებზე იმსჯელოს, რომლებიც რეგიონში ომის დასრულების პერსპექტივას უკავშირდება. სამხრეთ კავკასიამ „შუალედური დერეფნის“ როლი უნდა შეასრულოს. სამიტს დაახლოებით 2 ათასამდე დელეგატი ესწრება სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და არაბული სახელმწიფოებიდან.
უკრაინის ომმა მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, მათ შორის, რა თქმა უნდა, კომერციულ სტრუქტურებშიც. დასავლეთმა რუსეთი იზოლაციაში მოაქცია უკრაინაზე თავდასხმის დროიდან. საქართველოს და აზერბაიჯანს რუსეთთან ვაჭრობაში წარმოქმნილი ვაკუუმის შევსება სურთ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ისტორიულად არსებული „აბრეშუმის დიდი გზა“ საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლეთს და დასავლეთს ერთმანეთთან აკავშირებდა, საქართველო კი ამ გზაზე არსებული ხიდის როლს ასრულებდა“.

სხვათა შორის, ქვეყნის პრემიერს ოპოზიცია პრორუსულ კურსსა და კრემლის ერთგულებაში ადანაშაულებს, მაგრამ მას პირიქით, ხიდების გადება სურს: „აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებს შორის, ინოვაციებისა და ცოდნის გავრცელებისათვის“.
კონფერენციის სარეკლამო რგოლი მიუთითებს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი და განსაკუთრებით საქართველო აზიასა და ევროპას შორის ახალ დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს: ამაში იგულისხმება შავი ზღვის ნაპირზე მშენებარე ანაკლიის ნავსადგური, თბილის-ბათუმის სუპერთანამედროვე ავტომაგისტრალი, სამი საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის ტერიტორიაზე, ტრანსკავკასიური რკინიგზა და ა.შ. ამ ყველაფერმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს გადაქცევას ახალ ტურისტულ ცენტრად – სტამბოლის ან დუბაის მსგავსად.
საქართველოს ევროკავშირის წევრობაც სურს. სხვათა შორის, „აბრეშუმის გზის“ ფორუმი ისეთ ქვეყანაში მიმდინარეობს, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას პროევროპული განწყობა აქვს, მაგრამ ფორუმზე ევროკავშირის წარმომადგენლები თითქმის არავინ არ ჩანს.
მხოლოდ რუმინეთის ყოფილი ელჩი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო, მაგრამ ევროკავშირის მაღალჩინოსნები ტრიბუნაზე რატომღაც არ იქნებიან.

საქართველო ევროკავშირში: გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა

თბილისისათვის ევროკავშირში გაწევრიანება აქტუალური რჩება. წლის ბოლომდე სამხრეთკავკასიური ქვეყნისათვის უნდა გადაწყდეს – მიიღებს თუ არა წევრობის კანდიდატს სტატუსს.

„საქართველოსთვის ევროპული ერების ოჯახში მიღება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, – ამ მიმართულებით უკვე ბევრი რამ გაკეთდა – ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, მოქმედებს უვიზო რეჟიმი…“. რასაკვირველია, თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა მაღალ დონეზე შეაფასა საკუთარი მთავრობის მუშაობა და აღნიშნა, რომ საქართველო „საერთაშორისო არასტაბილურობის“ დროს „სტაბილურ ადგილს“ წარმოადგენს. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% – სეპარატისტული რეგიონები აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ – რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული, 2008 წლის ომის შედეგად.

„და მაინც, საქართველომ ევროპაში თავისი ადგილი დაიმსახურა. ოთხმილიონიანი ქვეყნისათვის ევროპული პერსპექტივა უმაღლეს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. იგი პოზიტიურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ ბრიუსელი არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ გააკეთებს.

წყარო