
“ამერიკული იარაღის მიწოდება უკრაინისათვის: „ევროპელ მოკავშირეებზე აშშ-ის ზეწოლა ძლიერდება”-Die Tagesspiegel
„ამერიკული იარაღის მიწოდება უკრაინისათვის: „ევროპელ მოკავშირეებზე აშშ-ის ზეწოლა ძლიერდება“ – ასეთი სათაური აქვს გერმანულ გაზეთ „ტაგესშპიგელში“ (Die Tagesspiegel) გამოქვეყნებულ ინტერვიუს პოლიტოლოგ ქრისტიან ლამერტთან – ბერლინისა და მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტების პროფესორთან, რომელიც ჟურნალისტ ვიქტორია ბროინერთან საუბრობს დონალდ ტრამპის ულტიმატუმზე ვლადიმერ პუტინის მიმართ და უკრაინისადმი ამერიკული იარაღის მიწოდების შედეგებზე საუბრობს.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
– ჰერ ლამერტ, როგორ შეაფასებთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების განახლებასა და ვლადიმერ პუტინის მიმართ 50-დღიანი ულტიმატუმის წაყენებაზე?
– აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტებისა“ და სხვა იარაღის დამატებითი რაოდენობით მიწოდებაზე მისი ადრინდელი კურსის რადიკალურ ცვლილებას ნიშნავს და აშკარა შემობრუნებაა კიევის სასარგებლოდ. მაგრამ გადაწყვეტილებას გარკვეული ჩრდილოვანი მხარეებიც აქვს: იარაღი უკრაინას პირდაპირ კი არ მიეწოდება, არამედ ნატოსა და ევროკავშირის მეშვეობით – ანუ ალიანსის ევროპელი წევრები ხარჯებს საკუთარ თავზე იღებენ. ისინი ფულს ამერიკას გადაუხდიან და შემდეგ შეიარაღებას უკრაინას მისცემენ. რა თქმა უნდა, იარაღის მიწოდების ასეთი სქემა აშშ-სათვის მომგებიანია, მაგრამ არასახარბიელოა ევროპელი მოკავშირეებისათვის, რომლებსაც ისედაც საკმაო ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემები აქვთ და ახლა თეთრი სახლი მათზე დამატებით აშკარა ზეწოლას ახდენს. გარდა ამისა, ის, რომ დონალდ ტრამპი სავაჭრო-საბაჟო ტარიფების 100%-იანი მომატებით დაემუქრა რუსეთთან მოვაჭრე ქვეყნებს, ეს გადაწყვეტილებაც გარკვეული დაძაბულობის გამომწვევია…
– თქვენი აზრით, დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს ვლადიმერ პუტინის მიმართ?
– ნათქვამია, რომ მოთმინებასაც თავისი საზღვარი აქვს: დონალდ ტრამპს არ შეუძლია მუდმივად უშედეგოდ ისაუბროს ვლადიმერ პუტინთან. აშშ-ის პრეზიდენტი გრძნობს, რომ იგი საკმაოდ დელიკატურ სიტუაციაში არის ჩავარდნილი – იგი ამერიკელებს დაპირდა, რომ ომს შეწყვეტდა („აი, ნახავთ – ვეტყვი ჩემს მეგობარ პუტინს და…“). რა თქმა უნდა, დაპირების შეუსრულებლობა ვნებს მის ავტორიტეტს. დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია ვლადიმერ პუტინის მოქმედებით, რომელიც „უპატივცემლობას ამჟღავნებს“ ამერიკელი კოლეგის მიმართ.
– როგორ აღიქმება პრეზიდენტის გადაწყვეტილება აშშ-ის შიგნით?
– დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში და საერთოდ, რესპუბლიკურ პარტიაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდების საკითხთან მიმართებით აზრთა სხვადასხვაობა შეიმჩნევა: ერთი მხრივ, მოძრაობა MAGA-ს მომხრეები და იზოლაციონისტური ფრთის მხარდამჭერები (პირობითად, „მტრედები“), ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსის ჩათვლით, სკეპტიკურად არიან განწყობილი, მეორე მხრივ კი გავლენიანი რესპუბლიკელი „ქორები“, მაგალითად, სენატორი ლინდსი გრემი, იწონებს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას და „გარდამტეხ შემობრუნებას“ უწოდებს და თვლის, რომ რუსეთისათვის „კარი იხურება“.
დემოკრატები, ბუნებრივია, მიესალმებიან დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მაგრამ თავიანთ პოზიტიურ რეაქციას საჯაროდ არ ამჟღავნებენ. ისინი თვლიან, რომ თეთრი სახლის კურსის ცვლილება აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის გაერთიანებისათვის. იგივე შეიძლება ითქვას ზოგადად ამერიკულ საზოგადოებაზეც.
– მაგრამ ეს ხომ ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის მოძრაობის (MAGA – „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) მხარდამჭერებს, რომლებიც სხვა ქვეყნების საქმეებში აშშ-ის ჩარევას თავშეკავებით უდგებიან და არ იწონებენ?
– დიახ, ეს მართალია. მოძრაობა MAGA-ს წარმომადგენლები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ქვეყნის საშინაო მდგომარეობის გაუმჯობესებას, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას… რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ეროვნული ინტერესები ისე უნდა იქნას დაცული, რომ ვაშინგტონი ნაკლებად ჩაერიოს საზღვარგარეთულ კონფლიქტებში, მათ შორის ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში.
დონალდ ტრამპი ცდილობს პარტიაში ორივე ბანაკის თვალსაზრისი გაითვალისწინოს და „ოქროს შუალედი“ მოძებნოს, მაგალითად, ასეთი სახით: მას შეუძლია „მტრედებს“ უთხრას, რომ იარაღს უკრაინას კი არ აწოდებს, არამედ ნატოს ევროპელ წევრებს, რომლებიც ფულს ამერიკას გადაუხდიან და შემდეგ იმ იარაღს ფორმალურად ან თვითონ დაიტოვებენ, ან სხვა სახელმწიფოს (უკრაინას) მიაწვდიან.
იმავდროულად დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენს რუსეთზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არაპირდაპირი გზით – პრეზიდენტს „მტრედებს“ ეტყვის, რომ სანქციებს უშუალოდ რუსეთს არ უწესებს და ამრიგად, კონფლიქტში ჩარევას თავს არიდებს, „ქორებს“ კი ეტყვის, რომ მეორადი სანქციები სწორედ რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, რომ რიგმა ქვეყნებმა აგრესორთან არ ივაჭრონ.
ამერიკული საზოგადოებაც ორად არის გაყოფილი: ერთნი მიესალმებიან უკრაინისადმი სამხედრო დახმარების განახლება-გაფართოებას, მეორენი კი შიშობენ, რომ აშშ-ის ჩარევის გაგრძელება საზღვარგარეთულ კონფლიქტებში, თუნდაც ტრამპისეული ირიბი სახით, მაინც ნეგატიურ გავლენას მოახდენს აშშ-ზე: ტარიფების გაზრდა ამერიკისათვის ეკონომიკური დანაკარგების გამომწვევი იქნება.
მოამზადამ სიმონ კილაძემ