
2025 წლის 17 აპრილს განხორციელებული ცვლილებები საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება – შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 17 აპრილს მიღებული ცვლილება ამარტივებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
შსს-ს განმარტებით, დადგენილებაში შესული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებების შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შესაბამისი ვადითა და პირობებით.
იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია თითქოს აღნიშნული ცვლილება ამარტივებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
განვმარტავთ, რომ 2025 წლის 17 აპრილს „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის დადგენილებაში შესული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და ემსახურება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.
დადგენილების ცვლილებამდე არსებული რედაქციის თანახმად, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ცვლილებების განხორციელებამდეც ჰქონდათ საქართველოში შემოსვლის უფლება, იმ შემთხვევაში თუ ისინი ფლობდნენ გალფის ქვეყნების ვიზას, ან ბინადრობის მოწმობას, თუმცა არ იყო დადგენილი ვიზის მოქმედების ვადები, შესაბამისად აღნიშნულ ქვეყნებთან მიმართებით, მოთხოვნები გამკაცრებულია.
გალფის ყურის ქვეყნების ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა მათ აღარ მისცემთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლებას თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.
კერძოდ, შეზღუდვა ვრცელდება გალფის ყურის ქვეყნის ვიზის და ბინადრობის მქონე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, განის რესპუბლიკის, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის, ერიტრეას სახელმწიფოს, იემენის რესპუბლიკის, კამერუნის რესპუბლიკის, კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, მაროკოს სამეფოს, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, სომალის ფედერაციული რესპუბლიკის, სირიის არაბთა რესპუბლიკის, სუდანის რესპუბლიკის, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის, უგანდის რესპუბლიკის მოქალაქეებზე“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.