1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინა ვერასოდეს ვერ გახდება ნატოს წევრი”-National Security Journal
“უკრაინა ვერასოდეს ვერ გახდება ნატოს წევრი”-National Security Journal

“უკრაინა ვერასოდეს ვერ გახდება ნატოს წევრი”-National Security Journal

547
0

„როგორი იმედებიც არ უნდა ჰქონდეს კიევს, რასაც არ უნდა ჰპირდებოდეს მას ვაშინგტონი და ბრიუსელი, ნატოს სტრუქტურული ბარიერები უკრაინისათვის გადაულახავ დაბრკოლებებს წარმოადგენს. უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება“, – ნათქვამია ამერიკულ National Security Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა ვერასოდეს ვერ გახდება ნატოს წევრი“ (ავტორი – ენდრიუ ლეტემი, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი მაკლესტერის ცნობილ კოლეჯში, მინესოტას შტატში). „სანამ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები დგანან, მისი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრად მიღება ილუზიაა, რომელიც რუსეთთან მუდმივად იქნება რუსეთთან კონფლიქტის წყარო“, –  აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თავაზიანი და მიკიბულ-მოკიბული უარის თქმა შეუძლებელია, ამიტომაც მოდით პოლიტკორექტულობა გვერდზე გადავდოთ და პირდაპირ ვთქვათ: უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება – ვერც ამჟამად, ვერც მომავალ წელს, ვერც მომავალ სამიტზე და საერთოდ, ვერასოდეს.

უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება იმის მიუხედავად, რამდენჯერაც არ უნდა განაცხადონ დასავლელმა ლიდერებმა „ნატოს ღია კარის“ შესახებ და რომ „წევრობის უფლება ყველას აქვს“. იმის მიუხედავადაც, რამდენმა უკრაინელმა არ უნდა შესწიროს თავი სამშობლოს დაცვას.

ვერც ის ვერ გახდება ალიანსში უკრაინის მიღების მიზეზი, რამდენიც არ უნდა აცხადოს კიევმა, რომ ის „თავისუფლების სიმბოლოს“ და „ევროპის მთრთოლვარე გულს“ წარმოადგენს.

სტრუქტურული, სამართლებრივი და სტრატეგიული ბარიერები ნატოს წევრად მიღებისთვის არასოდეს არ გაქრებიან, მათ ვერ წაშლის ვერავითარი მორალური მიდგომები, ცრემლის ღვრები და ხვეწნა-მუდარები.

ნატოს აქვს ერთი მკაცრი წესი: ისეთი ქვეყნები, რომლებსაც მოუგვარებელი სასაზღვრო-ტერიტორიული დავები აქვთ მეზობლებთან ან მათ ტერიტორიაზე უცხოური ჯარები დგანან, ალიანსში შესვლას ვერ შეძლებენ. ეს რაიმე „წვრილი შრიფტით დაბეჭდილი“ დებულება და რაიმე უმნიშვნელო ფრაზა კი არ არის, რომელშიც ვინმე თაღლითი ღრიჭოს პოვნას და გაძრომას მოახერხებს, არამედ ეს არის ერთგვარი დამცავი ეკრანი, რომელიც ალიანსს თავიდან აცილებს ისეთ ომებში ჩართვას, რომლებიც მას არ დაუწყია და რომლებშიც მონაწილეობა არ სურს. თუ ნატო თავის რიგებში უკრაინის მიიღებს მანამ, სანამ მის ტერიტორიაზე რუსეთის არმია დგას, რომელსაც დაკავებული აქვს ყირიმი, დონბასი და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, მაშინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავდაცვითი კავშირიდან უეცრად გადაიქცევა კონფლიქტის მონაწილედ, ანუ ბირთვულ სახელმწიფოს მეომარ მხარედ. ეს უკვე კოლექტიური თავდაცვა კი არ არის, არამედ კოლექტიური თვითმკვლელობა.

რა თქმა უნდა, ეს ჭეშმარიტება ბრიუსელშიც კარგად უწყიან და ვაშინგტონ-ბერლინშიც. უბრალოდ, მასზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. ამის ნაცვლად სამიტებზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები რაღაც რიტუალურ ცეკვებს ასრულებენ და იღებენ მიკიბულ-მოკიბულ კომუნიკე-დადგენილებებს, რომელთა თანახმად, „უკრაინის მომავალი ნატოს რიგებშია“, „თუმცა რაღაც გარკვეული პირობებია შესასრულებელი“. თავის მხრივ, უკრაინა აყენებს საკითხს, რომ მისი წევრობა „სათუო“ კი არ უნდა იყოს, არამედ „როდის უნდა მიიღონ“. კონკრეტული პირობების გაჟღერებას არავინ აპირებს. ასევე არავინ არ აღიარებს იმას, რომ უკრაინის კითხვაზე „როდის“ პასუხი გაურკვეველი ვადით არის გადადებული და დროში გაჭიანურებული. ყველა თბილად იღიმება და ამ გულთბილი გარემოს ფონზე საკითხი სკივრში იდება ხანგრძლივი შენახვისთვის.

რა თქმა უნდა, ასეთი მოქმედება არამარტო უღირს საქციელს, არამედ კლასიკურ აბუჩად აგდებას წარმოადგენს. უკრაინას აუსრულებელ იმედებს უნერგავენ. დასავლეთს სტრატეგიული ფანტაზიები აქვს, რომლებიც ნებისმიერ შეკავების თეორიას ეწინააღმდეგებიან. ამით დასავლეთი კიდევ ერთხელ უდასტურებს რუსეთს, რომ მას – ალიანსს – კრემლი არ უნდა ენდოს: ნატო ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ამგვარი მოქმედება ხელს უშლის მშვიდობის მიღწევას. ამჟამად კიევისათვის ნატოს წევრობა წარმოდგენილია როგორც ჯილდოდ, ტროფეის სახით, ერთგვარ ნადავლად, რომელსაც უკრაინა თითქოსდა ომის დასრულებისას მიიღებს. ამით კიევს კომპრომისების სურვილი უქრება, მოსკოვს კი ომის ესკალაციის შესაძლებლობა ეძლევა.

ასე არ უნდა იყოს. ნატოს შეეძლო უკრაინელებისათვის მწარე სიმართლის თქმა ჯერ კიდევ წლების წინ: „თქვენ, რასაკვირველია, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის უფლება გაქვთ, 

მაგრამ ეს არ ნიშნავს ნატოს წევრობის უფლებას. ალიანსში თქვენ ვერ შემოგიშვებთ, სანამ რუსეთთან კონფლიქტი და სასაზღვრო პრობლემები გაქვთ“.

ნატოს შეეძლო ეს ღიად ეთქვა, მკაფიოდ და აბდაუბდის გარეშე. ამით კიევი იძულებული გახდებოდა გადაეხედა თავისი სტრატეგიისათვის და შესაძლებელია, გაჩნდებოდა სივრცე სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ალიანსმა ორაზროვანი და გაურკვეველი პოლიტიკის გატარება აირჩია. ნატომ თავის მოქმედებაში, გონივრულობის ნაცვლად, უპირატესობა პოზიორობას მიანიჭა, ხოლო ღრმა სტრატეგიის ნაცვლად უკრაინელებს ილუზიები შესთავაზა.

ზოგიერთები იტყვიან, რომ „უკრაინისათვის ნატოს კარის დახურვა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს წააქეზებს და ვლადიმერ პუტინს ნატოს სისუსტეში დაარწმუნებს, იგი მიხვდება, რომ სამართალი ძლიერის მხარესააო“. მაგრამ ასეთი ლოგიკა თვითონ შეკავების იდეის ამახინჯებს. ნდობა ეფუძნება არა ცარიელ დაპირებებს, არამედ მკაფიო წესებს, რომლებიც განუხრელად უნდა შესრულდეს. უკრაინის მიმართ უარი იმას არ ნიშნავს, რომ ამით რუსეთის დამშვიდება ხდება, არამედ იმას, რომ ნატოს აქვს თავისი შეზღუდვები და მას არ სურს მე-5 პუნქტის (კოლექტიური თავდაცვის) მნიშვნელობის გაფერმკრთალება.

ალბათ, არიან ისეთი ექსპერტებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნატოში უკრაინის გაწევრებით რუსული ავანტიურიზმის წინაშე ბარიერი აღიმართება, რითაც დასავლეთი მტკიცედ აჩვენებს თავისი ქმედების შეუვალობას – ბრიუსელი მტკიცედ და ურყევად დგას უკრაინის გვერდით. ამგვარ ექსპერტებს ჰგონიათ, რომ ვლადიმერ პუტინს შეეშინდება და უკან დაიხევს. რეალობა კი ასეთია: ყოველთვის, როცა კი დასავლეთი აცხადებს, რომ უკრაინა ნატოს გზით მიდისო, ამით მხოლოდ მოსკოვის პარანოიას ადასტურებს და ესკალაციის ლოგიკას ამწვავებს. ბოლოსდაბოლოს, თუ ჩვენ კიევის დაცვა ისე არ შეგვიძლია, როგორც ვარშავას,, რიგას ან პრაღას დავიცავთ, მაშინ არ უნდა ვითვალთმაქცოთ და კიევი არ უნდა მოვატყუოთ, რომ ისიც იმავე კატეგორიის – ნატოს წევრი ქვეყნის – მქონე დედაქალაქს წარმოადგენს.

ზოგიერთები ისტორიულ ანალოგებს იშველიებენ: აი, ნატოში ხომ გაწევრიანდა გერმანია, რომლის აღმოსავლეთი ნაწილი საბჭოთა არმიას ჰქონდა ოკუპირებულიო. მაგრამ ეს შედარება ძალზე ზედაპირულია. ნატოში არცერთი ქვეყანა არ მიღებულა ომის მდგომარეობაში ყოფნის დროს, ოკუპაციის ან კონფლიქტის პირობებში, რომელიც დაუყოვნებლივ გახდებოდა პროვოკაციის მიზეზი ბირთვულ სახელმწიფოსთან. უკრაინა არ არის 1955 წლის დროინდელი დასავლეთი გერმანია (გფრ) და აღმოსავლეთი გერმანია (გდრ), რომელთა ტერიტორიაზე კონფლიქტი არ მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ორივე გერმანია, გფრ-ც და გდრ-ც 1973 წელს გაეროს წევრები გახდნენ. უკრაინა კი არის 2025 წლის დროინდელი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს. დასავლეთში ეს ყველამ იცის, მაგრამ მაინც ცბიერულად იქცევიან.

ასე რომ, მოდით, თავი დავანებოთ ტყუილების გავრცელებას და საკუთარ სინდისს გავუფრთხილდეთ. ნუ მოვაჩვენებთ უკრაინას ისე, რომ ერთი-ორი რეფორმის გატარება საკმარისი იქნება და კიევი ნატოს წევრობის ბილეთს უკვე ჯიბეში ჩაიდებს. უარი უნდა ვთქვათ სამიტებზე ხმამაღალი და იმავდროულად ცარიელი განცხადებების გაკეთებაზე. გულწრფელად და ღიად უნდა ვთქვათ: უკრაინას ნატოში არ მივიღებთ. უბრალოდ, ამის გაკეთება არ შეიძლება. იმიტომ, რომ ამით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაარღვევს თავის ფუნდამენტურ მიზანს, თავის შემჭიდროებულობას და საკუთარ თავზე კატასტროფას გამოიწვევს.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკრაინა ბედის ანაბარად უნდა მივატოვოთ. პირიქით – ეს სწორედ ქმედითი მხარდაჭერის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მას დავეხმაროთ იარაღით, წვრთნებით, გრძელვადიანი ჰუმანიტარული პაკეტებით, დავდოთ მასთან ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებები. ეს იქნება მართლაც რეალური დახმარება და არა ფიქტიური ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი. უკრაინას შეუძლია გახდეს კარგად შეიარაღებული და ძლიერი ბუფერულ სახელმწიფო, დასავლეთის საიმედო პარტნიორი. მას შეუძლია გადაიქცეს აღმოსავლეთ ევროპის ისრაელად – მრისხანე ქვეყნად სამხედრო თვალსაზრისით და დასავლეთის სტრატეგიულ მოკავშირედ, მაგრამ ნატოს ოფიციალური სტრუქტურების მიღმა. ვფიქრობ, უკრაინის სწორედ ასეთი მოდელისათვის უნდა ვისწრაფოდეთ, რომელიც რეალობას ასახავს.

 ნატოს საქმიანობა არ უნდა გამოიხატოს უტოპიების გამოდევნებასა და ზნეობრივი  პიესების გათამაშებაში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი ამოცანაა თავისი წევრების დაცვა, მშვიდობის დაცვა ბირთვულ სახელმწიფოებს შორის  და ბლოკის დაშლის დაუშვებლობა საკუთარი წინააღმდეგობების სიმძიმის გამო. ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რაც ისედაც კარგად იცის ყოველმა სტრატეგმა: უკრაინას ნატოსაკენ მიმავალი გზა არ აქვს. უკრაინისთვის ნატოს კარი დახურულია. რაც უფრო მალე შევწყვეტთ ფარისევლობას, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.

მოკლედ, უკრაინელებს სიმართლე უნდა ვუთხრათ. უკრაინელებს პატივი უნდა ვცეთ. უკრაინა იმსახურებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მაგრამ ნატოს გარეშე.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: