
“ევროპა ცდილობს დონალდ ტრამპთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს და სკეპტიკურად უყურებს იმას, თუ რას ამბობენ პრეზიდენტის სახელით მისი თანაშემწეები”-The New York Times
აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თამსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპა ცდილობს დონალდ ტრამპთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს და სკეპტიკურად უყურებს იმას, თუ რას ამბობენ პრეზიდენტის სახელით მისი თანაშემწეები“ (ავტორები – სტივენ ერლანგერი, ჟანა სმიალეკი და ლარა ჯეიკსი). მასალაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მუშაობის სტილი, რომლის მიმართ ევროპელ ჩინოვნიკებს კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
შეერთებული შტატების ევროპელი მოკავშირეებისათვის დონალდ ტრამპის სამკვიდრო – თეთრი სახლი – ერთგვარ სამსჯავროს წარმოადგენს: პრეზიდენტის მიერ მოოქროვილ ოვალურ კაბინეტში განაჩენის გამოტანა ხდება, ხოლო მისი მრჩევლები, თანაშემწეები და „სასახლის მსახურები“ პრეზიდენტის განკარგულებას ელოდებიან განაჩენის აღსასრულებლად.
მისტერ დონალდ ტრამპის მოქმედება – ადამიანის, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს – შორს დგას პროგნოზირებადობისაგან. მისი პრეზიდენტობის პირველი სამი თვის განმავლობაში ევროპელების მიზანი იყო როგორმე „დაეკაკუნებინათ“ თეთრი სახლის კარზე მასთან შესახვედრად. ზოგიერთებმა ეს მოახერხეს, მაგალითად, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, რომელიც დონალდ ტრამპს 17 აპრილს, ხუთშაბათს შეხვდა. სხვათა შორის, იტალიის პრემიერი ერთადერთი ევროპელი ლიდერია, რომელიც ტრამპის ინაუგურაციაზე იყო მიწვეული.
რაც ყველაზე მეტად დამაბნეველია, ევროპელი პოლიტიკოსების აზრით, არის ის, რომ დონალდ ტრამპისათვის ყველაზე ეფექტურ მოსაუბრეებად ითვლებიან არა ტრადიციული დიპლომატები, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების სახელით მოქმედებენ, არამედ სპეციალური დესპანები და მრჩევლები, მაგალითად, როგორიცაა ილონ მასკი და მისი მსგავსი პირები. არასოდეს ბოლომდე ნათელი არ არის, მივა თუ არა დონალდ ტრამპამდე ევროპელი პოლიტიკოსების თვალსაზრისები თეთრი სახლის ჩინოვნიკების მეშვეობით, რადგან პრეზიდენტი სახელმწიფო მოსამსახურეებს გულგრილად უყურებს და მათ ნაკლებად ენდობა.
„ვაშინგტონში ადმინისტრაციის წევრები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ დონალდ ტრამპს პირადად უნდა შეხვდეთო, მაგრამ როგორ?“, – ამბობს მაღალჩინოსანი ევროპელი ჩინოვნიკი. რასაკვირველია, ევროპელები თეთრი სახლის თანამშრომლებს თავაზიან ადამიანებად მიიჩნევენ, რომლებიც პრეზიდენტის სურვილების შესრულებით არიან დაკავებულები, მაგრამ იმავდროულად აღნიშნავენ, რომ ისინი არ ამჟღავნებენ განსაკუთრებულ ინტერესს მოკავშირეთა მიმართ. მაგალითად, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა არ გააფრთხილეს წამყვანი ევროპული ქვეყნები ირანთან ბირთვული მოლაპარაკების განახლებასთან დაკავშირებით. არადა, 2015 წელს სწორედ ევროპულმა სახელმწიფოებმა – დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ მოაწერეს ხელი ირანთან შეთანხმებას აშშ-სთან ერთად, რომლის შესრულებაზე აშშ-მა მოგვიანებით უარი განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპას ერთობლიობაში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკა აქვს, იქ თითქმის 750 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ძირითადად ყველა აშშ-ის მოკავშირეა, ევროპა მაინც არ ითვლება დონალდ ტრამპის პრიორიტეტად. ამის ნაცვლად მისტერ პრეზიდენტი ევროპას განიხილავს როგორც მეტოქეს და უფრო მეტიც – როგორც მოწინააღმდეგეს და აცხადებს, რომ „ევროკავშირი აშშ-ის გარეშეა შექმნილი და მუდამ ამერიკის მოტყუებას ცდილობსო“.
„დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მაინცდამაინც არ არის იმით დაინტერესებული, თუ რას ამბობენ ევროპელები“, – ამბობს ინკოგნიტოდ ერთ-ერთი ევროპელი ჩინოვნიკი, – „ისინი ცალმხრივად მოქმედებენ და კონსულტაციებს ჩვენთან თითქმის არ ცდილობენ. ისე, კაცმა რომ თქვას, თუ ვაშინგტონი ჩვენ მოკავშირეებად არ გვთვლის, რატომ უნდა უნდოდეთ ჩვენთან კონსულტაციები?“.
„ნიუ-იორკ თაიმსი“ ესაუბრა ევროპელ ჩინოვნიკებს და სთხოვა, რომ მათ ანონიმურად გამოეთქვათ თავიანთი აზრი ამერიკელი ჩინოვნიკებისა და თანამდებობის პირების მიმართ.
ევროპელი ოფიციალური პირები ზოგადად მიესალმებიან დონალდ ტრამპს და იმედს გამოხატავენ მის კარგ დამოკიდებულებაზე ევროკავშირის, ნატოსა და კოლექტიური თავდაცვის მიმართ. იგივე იმედები აქვთ მათ სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და თვით ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსის მიმართაც, რომელიც ევროპელების მიმართ მაინცდამაინც პოზიტიურად არ არის განწყობილი.
მაგრამ მოკავშირეებისათვის არასოდეს ნათელი არ არის, აქვს თუ არა დონალდ ტრამპის რომელიმე სპეცწარმომადგენელს თუ მრჩეველ-თანაშემწეს ისეთი უფლებამოსილება, რომლებსაც პრეზიდენტამდე ევროპელების მართალი სიტყვის დროული მიტანა შეუძლიათ. ევროპელები თვლიან, რომ მათ დონალდ ტრამპის მრისხანებისა ეშინიათ.
ევროპელი მოკავშირე ქვეყნების ჩინოვნიკთა თქმით, თეთრ სახლთან ურთიერთობის ტრადიციული არხები – სახელმწიფო დეპარტამენტი, საელჩოები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო – თანდათანობით უფრო მიუწვდომელნი ხდებიან. იგივე ხდება პენტაგონშიც, რომლის წარმომადგენლები დიდ სიფრთხილეს იცავენ ევროპელებთან კონტაქტების დროს, რადგან „ზედმეტი ლაპარაკის“ გამო ისინი შეიძლება სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები.
ევროპის ზოგიერთი ცნობილი ლიდერი თავიანთი მეთოდებით ცდილობს, რომ თეთრ სახლში პრეზიდენტთან და მის უახლოეს გარემოცვასთან საერთო ენა მონახონ. ამბობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ისევე როგორც ბრიტანეთის პრემიერს კირ სტარმერს და ნატოს გენმდივანს მარკ რიუტეს, რომლებსაც დონალდ ტრამპთან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს, შეუძლიათ მას პირადად დაურეკონ.
მაგრამ როცა კირ სტარმერი თებერვალში თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა მეფე ჩარლზთან ვიზიტის შესათანხმებლად და როცა მან უარი განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის გაკრიტიკებაზე, მისი ასეთი მზრუნველი მოქმედება უშედეგო აღმოჩნდა: ტრამპმა დიდ ბრიტანეთს მომატებული სავაჭრო ტარიფები მაინც დაუწესა.
ევროპელები შეშფოთებულები არიან დონალდ ტრამპის ახლო ურთიერთობით ვლადიმერ პუტინთან და მისი არასახარბიელო კრიტიკული მიდგომებით უკრაინის პრეზიდენტთან. ევროპელი ჩინოვნიკები უკმაყოფილონი არიან იმითაც, რომ ამერიკელებს რუსებთან კონტაქტი ევროპელების ჩაურევლად სურთ, განსაკუთრებით უკრაინის საკითხების განხილვის დროს.
შეიძლება ითქვას, რომ მისტერ დონალდ ტრამპის ხედვებში ევროპა წარმოადგენს იმ ძველი კონსენსუსის მაგალითს, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის დროს იყო. ახლა ის დრო უკვე ისტორიას ჩაბარდა, ევროპამ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედოს, სანამ ვაშინგტონი ახალ მსოფლიო წესრიგის დამყარებით არის დაკავებული.
„თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ ევროპა სუსტია“, – განაცხადა ვაშინგტონში ყოფნის შემდეგ ევროპარლამენტის გერმანელმა წევრმა ანა კავაცინმა, – „ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ ევროპას აშშ-სთან თანამშრომლობა სურს, მაგრამ ისინი ჩვენთან თანამშრომლობით მაინცდამაინც დიდად არ არიან დაინტერესებულები“.
მოამზადა სიმონ კილაძემ