
რუსეთის საზაფხულო შეტევა „მარცხისთვის არის განწირული“ – კრემლს უკრაინის ახალი ტერიტორიის დასაპყრობად ძალა არ შესწევს – The Daily Telegraph
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთის საზაფხულო შეტევა „მარცხისთვის არის განწირული“: კრემლს უკრაინის ახალი ტერიტორიის დასაპყრობად ძალა არ შესწევს“ (ავტორი – ვერითი ბოუმანი, საკუთარი კორეპონდენტი კიევში). როგორც პუბლიკაციაშია ხაზგასმული, რუსეთის არმიას უამრავი პრობლემა აქვს, მისი ბრძოლისუნარიანობა დაეცა და, შესაბამისად, კრემლის გეგმები უკრაინის ახალი ტერიტორიების დასაპყრობად ვერ განხორციელდება.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ უკრაინა რუსეთის მორიგი შეტევის მოსაგერიელებლად ემზადება. მოსკოვის ჯარებმა უკრაინის პოზიციების წინააღმდეგ საომარი მოქმედებები გააქტიურეს, რაც, დიდი ალბათობით, მაისი ბოლოს, ზაფხულის დასაწყისისათვის მასშტაბური იერიშის წინაპირობას წარმოადგენს.
მაგრამ, როგორც ექსპერტები თვლიან, ვლადიმერ პუტინის იმედები – სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე უკრაინის მეტი ტერიტორია დაიპყროს – ჩაშლისთვისაა განწირული: იმიტომ, რომ რუსულ არმიას ისევ ძველი პრობლემები აქვს – არაკომპეტენტურობა და დისფუნქცია.
დამკვირვებლები ამბობენ, რომ პუტინის ჯარებს არ ჰყოფნით ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა. მათ არ შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი შესაძლო წარმატებით.
გარდა ამისა, უკრაინას აქვს იმის უნარი, რომ რუსეთს საგრძნობლად დაარტყას დრონების მეშვეობით. კიევის უპილოტო თვითმფრინავები ასევე კარგად ზვერავენ რუსეთის არმიის ნაწილების დისლოკაციას და სანამ ისინი კონტრშეტევისათვის შესაფერის პოზიციებს დაიკავებენ, მანამ მათ უკრაინის არტილერია ზიანს მიაყენებს. ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი მასშტაბური შეტევისათვის ჯარებს კიევის შეუმჩნევლად თავს მოუყრის და გარღვევას განახორციელებს.
დიმიტრი ჟმაილო, უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, „დეილი ტელეგრაფთან“ საუბარში ამბობს, რომ „დღევანდელ მომენტში რუსეთის ნებისმიერი შეტევა ფრონტის ხაზზე შეუძლებელია. რუსეთს ამჟამად მხოლოდ უმნიშვნელო წარმატებები აქვს. კრემლს სურს, რომ ილუზიური შთაბეჭდილება შექმნას – თითქოსდა მას უდიდესი რეზერვები აქვს და უპირატესობა უკრაინასთან შედარებით, მაგრამ ჩვენ ამას ადგილებზე ვერ ვხედავთ“.
გასულ თვეში, მარტის ბოლოს, ვოლოდიმირ ზელენსკი და „დიდი შვიდიანის“ ოფიციალური პირები გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებდნენ, რომ რუსეთი მორიგი საგაზაფხულო შეტევისათვის ემზადება და შეშფოთება გამოხატეს – ვაითუ ვლადიმერ პუტინის არმია რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქების მოსაზღვრე უკრაინის სუმისა და ხარკოვის ოლქებში შეიჭრას და თუ კრემლი მეტ ტერიტორიებს დაიკავებს, მაშინ მოსკოვს უპირატესობა ექნება სავარაუდო-სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკების დროს.
გასულ კვირაში, ოთხშაბათს, უკრაინის ჯარების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ „რუსეთის ჯარებმა შეტევა ფაქტიურად უკვე დაიწყეს“ და აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო ქვედანაყოფების იერიშები უკრაინის ჯარების პოზიციებზე ბოლო დღეების განმავლობაში გაორმაგდა. რა თქმა უნდა, გასაგებია გენერლის განცხადების მიზანი: დღეს კიევი ცდილობს მსოფლიოს ყურადღება კრემლის ექსპანსიას მიაპყროს, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებისა და შესაბამისი ხელშეკრულების დადების იმედები თანდათან ქრება.
მაგრამ როგორც ჯონ ჰარდი – „დემოკრატიის დაცვის“ ფონდის რუსული პროგრამების დირექტორი – ამბობს, შეტევა-იერიშების რაოდენობის ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის არმია რაიმე მნიშვნელოვან ოპერაციას ამზადებს მტკიცე წარმატების მისაღწევად: „იმას, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, შეტევების უბრალო ზრდას წარმოადგენს, თანაც მასშტაბები მცირეა. დიახ, შესაძლოა უკრაინის თავდაცვაში რუსებმა რაღაც ბზარი შეიტანონ, მაგრამ მას ვერ გააფართოვებენ და სწრაფ გარღვევას ვერ განახორციელებენ“.
ექსპერტების აზრით, რუსებს ფრონტის გარღვევის ყველაზე დიდი შანსი შეიძლება სუმის ოლქში ჰქონდეთ იმდენად, რამდენადაც უკრაინის ჯარები ამ რეგიონში უკან იხევენ – მოსაზღვრე კურსკის ოლქიდან რუსული ნაწილების სწრაფი კონტრშეტევის გამო – მათ საომარი მოქმედებები სუჯას რაიონიდან სუმის ოლქის ტერიტორიაზე გადაიტანეს.
„კურსკის რკალზე“ ნაომარმა ერთ-ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა „დეილი ტელეგრაფს“ უამბო, თუ როგორ მძიმე ვითარებაში იხევდნენ უკან კურსკის ოლქის სუჯას რაიონიდან: „გამოვდიოდით მხოლოდ ღამით, სამ-ოთხკაციანი ჯგუფებით… იქ უამრავი სამხედრო ტექნიკა დავტოვეთ. რუსები ისე სწრაფად მოდიოდნენ, რომ ტექნიკის განადგურება ვერ მოვახერხეთ“.
ჯონ ჰარდის აზრით, რუსების სწრაფი კონტრშეტევა ამჟამად, როგორც კი ისინი უკრაინის საზღვარს მიადგნენ, შენელებულია: „მათი აქტიურობა ჩანს მხოლოდ ასეულის მოქმედების დონეზე, ანუ შეტევა ხდება ასკაციანი ქვედანაყოფებით, რაც მსხვილმასშტაბიანი ოპერაციას არ წარმოადგენს, თანაც ჯავშანტექნიკის გარეშე“.
ზოგიერთი მონაცემით, 2024 წლის განმავლობაში რუსეთის არმიამ 3 ათასამდე ტანკი და სხვა მძიმე ტექნიკა დაკარგა, უკრაინელებმა ასევე გაანადგურეს რუსეთის 13 ათასამდე ქვემეხი და საარტილერიო-სარაკეტო კომპლექსი.
„რუსეთის არმიის საწყობები სულ უფრო ცარიელდება, რეზერვები მცირდება… ვფიქრობ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რუსების მარაგები მთლიანად ამოიწურება. სამხედრო მრეწველობა მათ შევსებას ვერ მოასწრებს“, – ამბობს ჯონ ჰარდი.
უკრაინელი ექსპერტი დიმიტრი ჟმაილო აღნიშნავს, რომ რუსეთს დიდი უპირატესობა აქვს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაში – მით უმეტეს, რომ გასულ კვირაში ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, ჯარში კიდევ 160 ათას მოქალაქეს გაიწვევენ. თუმცა ჯონ ჰარდს ამაზეც აქვს პასუხი: „ახალი სამხედრო ნაწილები თითქმის სრულიად მოუმზადებელი იქნება, მათი წრთვნა მხოლოდ ერთი თვე გრძელდება და ხშირად მხოლოდ რამდენიმე დღეს: „კრემლი ამას შეგნებულად აკეთებს, რომ უკრაინას აჩვენოს და მასზე ზეწოლა მოახდინოს – თითქოსდა რუსეთს ცოცხალი ძალის უსაზღვრო რესურსი აქვს. სინამდვილეში პუტინი თავის მოქალაქეებს ხორცსაკეპში ერეკება, მისთვის მთავარია ომი გაგრძელდეს“.
ჯონ ჰარდი თვლის, რომ უკრაინამ თავისი დრონების მოქმედება უნდა გააქტიუროს, რათა არ დაუშვას რუსი ქვედანაყოფების თავმოყრა რომელიმე წერტილში რაიმე მასშტაბური ოპერაციის განსახორციელებლად. უკრაინელები უნდა შეეცადნონ მოხერხებულად გამოიყენონ თავიანთი უპირატესობა დრონების მართვაში, რათა რუსეთის არმიის სატრანსპორტო საშუალებები გაანადგურონ, არ მისცენ კრემლს ჯარების გადაყვანისა და მათი ფრონტის ხაზზე კონცენტრაციის შესაძლებლობა.
„კარგია, რომ უკრაინა დრონების წარმოებას ზრდის და მათ წარმატებით იყენებს. ამით კიევი სხვა სამხედრო მიმართულებებში არსებული ნაკლოვანების კომპენსაციას ცდილობს. უკრაინელები უკვე კარგად არიან ადაპტირებულები რუსების ბრძოლის მეთოდების მიმართ“, – ასკვნის ჯონ ჰარდი.