1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “აშშ წინააღმდეგია, რომ G7-ის უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში გამოყენებული იყოს სიტყვები „რუსეთის აგრესია”-Financial Times
“აშშ წინააღმდეგია, რომ G7-ის უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში გამოყენებული იყოს სიტყვები „რუსეთის აგრესია”-Financial Times

“აშშ წინააღმდეგია, რომ G7-ის უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში გამოყენებული იყოს სიტყვები „რუსეთის აგრესია”-Financial Times

212
0

აშშ წინააღმდეგია, რომ „დიდი შვიდეულის“ მიერ უკრაინის მხარდასაჭერ ტრადიციულ განცხადებაში რუსეთს „აგრესორი“ ეწოდოს“, – წერს ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით „აშშ წინააღმდეგია, რომ G7-ის უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში გამოყენებული იყოს სიტყვები „რუსეთის აგრესია“ (ავტორები – ქრისტოფერ მილერი და ჰენრი ფოი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და მისი მოკავშირეების თვალსაზრისები, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში მოსკოვის პასუხისმგებლობის შეფასებისას, ერთმანეთს დაშორდა.

აშშ გამოვიდა იმის წინააღმდეგ, რომ „დიდი შვიდეულის“ (G7) განცხადებაში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მესამე წლისთავს უკავშირდება, რუსეთი აგრესორად იქნას მოხსენიებული. როგორც მთავრობის წრეებთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, ასეთი მიდგომით ვაშინგტონს შეუძლია საფრთხის ქვეშ დააყენოს მთელი ის ტრადიციული ერთიანობა, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები ავლენდნენ ხოლმე. მათივე თქმით, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი და შეთანხმებული არ არის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობა ვირტუალურ სამიტშიც, რომელიც ორშაბათს უნდა გაიმართოს.

აზრთა სხვადასხვაობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინა ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა და ვოლოდიმირ ზელენსკის „არავისგან არჩეული დიქტატორი“ უწოდა, ხოლო რუსეთის ლიდერი „დიდ შვიდეულში“ ისევ მიიწვია („დიდი რვიანის“ აღდგენის მიზნით).  ამერიკის წარმომდგენელმა შენიშვნა გამოთქვა ფრაზის „რუსეთის აგრესიისა“ და სხვა ანალოგიური ფორმულირებების გამო, რომლითაც G7-ის ლიდერები 2022 წლიდან სარგებლობენ.

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები 24 თებერვალს ტრადიციულად აქვეყნებენ ხოლმე ერთობლივ განცხადებას უკრაინის მხარდაჭერის აღსანიშნავად – სწორედ ამ დღეს შეიჭრნენ რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე.

„ჩვენ გადაჭრით მოვითხოვთ, რომ აუცილებელია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ მიდგომები რუსეთისა და უკრაინის მიმართ. რუსეთისა და უკრაინის მოქმედების ხასიათი ერთნაირი არ არის“, – უთხრა „ფაინენშელ თაიმსს“ ერთ-ერთმა ევროპელმა ინფორმირებულმა ჩინოვნიკმა, – „ამერიკელებმა დაბლოკეს ფორმულირება „რუსეთის აგრესია“, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვიმედოვნებთ, რომ შევთანხმდებით“.

აშშ-ის საელჩომ კიევში „ფაინენშელ თაიმსის“ კითხვას არ უპასუხა და დუმილი ამჯობინა.

გასულ წელს „შვიდეულის“ ლიდერთა განცხადებაში „რუსეთის აგრესია“ ხუთჯერ იყო მოხსენიებული: „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი აგრესიული ომი, აგრეთვე სრულად და უსიტყვოდ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“, – ნათქვამია 2024 წლის განცხადებაში.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დაჟინებული მოთხოვნა G7-ის განცხადების ფორმულირების შერბილების მიზნით წარმოადგენს იმას, თუ როგორ არის შეცვლილი აშშ-ის პოლიტიკა: დღეს თეთრი სახლის აზრით, მიმდინარე საომარი მოქმედებები რუსეთ-უკრაინის „ომი“ კი არ არის, არამედ უკრაინაში „მიმდინარე კონფლიქტი“.

სხვათა შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც თავის ბოლოდროინდელ შეტყობინებებში  ანალოგიურ გამოთქმებს იყენებს: ასე, მაგალითად, ერ-რიადში გამართული მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციაში ორჯერ ნახსენებია არა „რუსეთ-უკრაინის ომი“, არამედ „კონფლიქტი უკრაინაში“.

ეს ფორმულირება არსებითად განსხვავდება  იმ გამოთქმებისაგან, რომლებსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იყენებდა ხოლმე. ექს-პრეზიდენტის გუნდის ჩინოვნიკები ხშირად სარგებლობდნენ ფრაზებით „რუსეთის აგრესია“, „აგრესიული რუსეთი“, როცა საქმე ეხებოდა ევროპაში ყველაზე უდიდეს სამხედრო დაპირისპირებას მეორე მსოფლიო ომის დასრულების დროიდან.

„დიდი შვიდეულის“ განცხადებასთან დაკავშირებული დავა გაჩნდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს პირფერულად ასიამოვნა და კრემლის ბევრ მოთხოვნაზე დათანხმდა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მოსკოვ-ვაშინგტონის ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით.

დონალდ ტრამპმა ასევე გაიმეორა რუსეთისათვის სასიამოვნო  მონაცემი, რომლის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი თითქოსდა მხოლოდ 4%-ს შეადგენს. არადა, ამ კვირაში კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტს მხარ უჭერს ქვეყნის მოსახლეობის 57%.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინიც თბილ რეაქციას გამოხატავს აშშ-ის ადმინისტრაციის შემრიგებლური ნაბიჯების მიმართ: „დღეს ამერიკის მხრიდან სრულიად სხვა ადამიანები მონაწილეობენ ჩვენთან შეხვედრებში, რომლებიც ყოველგვარი მიკერძოებისა და წარსულში გაკეთებულის „დაგმობების“ გარეშე მუშაობენ… ისინი ერთობლივი მიზნის შესასრულებლად არიან განწყობილნი“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: