1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “როგორი დამოკიდებულება აქვთ უკრაინელ ჯარისკაცებს დონალდ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების მიმართ? ისინი აშშ-ის პრეზიდენტს ღალატში ადანაშაულებენ”-The Times
“როგორი დამოკიდებულება აქვთ უკრაინელ ჯარისკაცებს დონალდ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების მიმართ? ისინი აშშ-ის პრეზიდენტს ღალატში ადანაშაულებენ”-The Times

“როგორი დამოკიდებულება აქვთ უკრაინელ ჯარისკაცებს დონალდ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების მიმართ? ისინი აშშ-ის პრეზიდენტს ღალატში ადანაშაულებენ”-The Times

343
0

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „როგორი დამოკიდებულება აქვთ უკრაინელ ჯარისკაცებს დონალდ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების მიმართ? ისინი აშშ-ის პრეზიდენტს ღალატში ადანაშაულებენ“ (ავტორი – ქეთრინ ფილპი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე ომში დაღუპულთა გმირობის აღსანიშნავად აღმართულ დროშებს გამყინავი ქარი აფრიალებს. აქ შეკრებილები არიან სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები, რათა მათ ხსოვნას პატივი მიაგონ და განიხილონ ის ზავი, რომლის თავს მოხვევას მათთვის კრემლი და თეთრი სახლი ცდილობს.

აშშ-ის პრეზიდენტის პირდაპირი განცხადება, რომ უკრაინა ნატოში მიღებული არ იქნებაო, თანაც ვლადიმერ პუტინისადმი თბილი სიტყვებით, ძალზე ნეგატიურად აღიქვეს იმ ადამიანებმა, რომლებიც მაღალ ფასს იხდიან ქვეყნის თავისუფლებისათვის. ეს იყო მძიმე დარტყმა მათთვის.

„რა შემიძლია ვთქვა? ახლა, ომის დაწყებიდან სამი წლის ბრძოლების შემდეგ, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებას იწყებენ. რამდენი ადამიანი დავკარგეთ ამ ხნის განმავლობაში? და რისთვის? ეს ორი ლიდერი ველურივით იქცევა. შესაძლოა უკრაინა როგორც სახელმწიფო მტერს ჩაბარდეს, მაგრამ ხალხი არასოდეს არ დაიჩოქებს… მე არ ვიცი, როგორ უნდა მოილაპარაკონ მათ ადამიანების ბედზე“, – ამბობს საშუალო ასაკის მქონე იურა, მოხალისე ჯარისკაცი. იგი ორი დღის წინ დროებით სახლში დაბრუნდა პოკროვსკის ფრონტიდან, სადაც უკრაინის არმიის ქვედანაყოფები უკანასკნელ თავდაცვით ზღუდეებზე უმძიმეს ბრძოლებს ეწევიან.

წმინდა ვალენტინის ქარიანმა და თოვლიანმა დღემ უკრაინას საშინელი „საჩუქარი მოუმზადა“ – დაღუპულთა გაცვლის შედეგად რუსეთიდან უკრაინას 757 დაღუპულის ცხედარი დაუბრუნდა. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ უდიდესი დანაკარგებისა, რასაც ქვეყანა სამწლიან ომში განიცდის.

დამოუკიდებლობის მოედანი, ანუ „მაიდანი“, კიევში დღეს საზოგადოებრივი მემორიალის როლს ასრულებს ომში დაღუპულთა ხსოვნის ნიშნად. 2014 წელს ეს ადგილი სახალხო აჯანყების ადგილად იქცა, რომლის შედეგად უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროდან გამოვიდა და პირი დასავლეთისაკენ იბრუნა. აჯანყების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთაც „ციური ასეული“ უწოდეს. 2022 ლის თებერვლის ბოლოს დაწყებული ომში განცდილი დანაკარგები სახელმწიფო საიდუმლოებად რჩება და, ალბათ, 70 ათას დაღუპულს აჭარბებს.

მათთვის, ვინ დასტირის თავის დაღუპულ ახლობლებს და ვინც საკუთარი სიცოცხლით რისკავს ფრონტის წინა ხაზზე, დონალდ ტრამპის შოკისმომგვრელი განცხადება – ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ მეგობრულ სამშვიდობო მოლაპარაკების თაობაზე – სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ღალატს.

„ჩვენ უარს ვერ ვიტყვით იმ იდეაზე, რისთვისაც უამრავი ჩვენი თანამოძმე და თანამოქალაქე დაიღუპა“, – ამბობს ჯარისკაცი ალექსი კლიაშტორნი, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქში იბრძვის, – „უარი რომ ვთქვათ, ეს პირველ რიგში საკუთარი თავისადმი ღალატი იქნება. ორივე ნაძირალაა, დონალდ ტრამპიც და ვლადიმერ პუტინიც“.

მკვეთრი და ძირითადად უცენზურო სიტყვები გაისმა დონალდ ტრამპის მიმართ, რომელიც, როგორც ბევრს ეგონა, ომის შეწყვეტას უკრაინის სასარგებლო პირობებით მიაღწევდა. უკრაინელებს ჯო ბაიდენის დაყოვნებული მოქმედების გამო იმედი უკვე დაკარგული ჰქონდათ, მაგრამ ახლა დონალდ ტრამპის განცხადებამ ისინი საშინლად გააღიზიანა.

როგორც არმიის დაზვერვის ოფიცერი ვადიმ ლაპასი თვლის, უკრაინამ დაამტკიცა თავისი ერთგულება დასავლური ფასეულობებისა და დემოკრატიული ნორმების მიმართ. „მაშ, რატომ ცდილობს დონალდ ტრამპი უბიძგოს კიევს მოსკოვის წინაშე კაპიტულაციისათვის? ჩვენი მოკავშირე არასწორად გვექცევა, –  ღრმა წყენით ამბობს ვადიმი, – ასეთ მოქმედებას ნორმალურ საზოგადოებაში ღალატს უწოდებენ“.

ბევრი უკრაინელი გამოხატავს უკმაყოფილებას პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართაც – მიუხედავად იმისა, რომ იგი მიუნხენში დაუღალავად ცდილობდა ამერიკელების დარწმუნებას, რომ არ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის მონაწილეობის გარეშე. უკრაინის პრეზიდენტი მზადყოფნას აცხადებდა შეხვედროდა ვლადიმერ პუტინს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემუშავებული იქნებოდა სამშვიდობო მოლაპარაკების სტრატეგია აშშ-სა და ევროპელი მოკავშირეების მონაწილეობით.

„ჩვენი უმაღლესი „დემოკრატის“ საშინაო და საგარეო პოლიტიკის ბოლო „მიღწევების“ შუქზე, არმიაში არასასიამოვნო კითხვები ისმება… ჩვენ ადრეც გვყიდდნენ და ახლაც ისევ იგივეს აგრძელებენ. მაშ რისთვის უნდა დავიღუპოთ? – დაწერა იური ვარინმა სოციალურ ქსელ „ჯარისკაცთა ფორუმში“, – რისთვის? ლიდერები საბოლოოდ ისევ გაგვყიდიან, ისევ დაუზავდებიან მტერს, ჩვენ კი ვიღუპებით… ბრძოლას კი გავაგრძელებთ, მაგრამ მებრძოლთა მორალური სულისკვეთება განუხრელად ეცემა“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენში ყოფნისას განაცხადა, რომ რუსეთის არმიის შეტევა პოკროვსკთან შენელდაო, მაგრამ თვითონ რუსეთი ავრცელებს ინფორმაციას რიგი დასახლებული პუნქტების დაკავების შესახებ და მიანიშნებს, თუ რა იქნება სასწორზე დადებული მოლაპარაკების დროს.

ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საბოლოო ჯამში ცეცხლის შეწყვეტა მიღწეული იქნება 1000-კილომეტრიანი ფრონტის ამჟამად არსებულ ხაზზე, რომლის მიხედვით, რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიის 20%.

რამდენიმე დღის წინ კიევის პაბში (ლუდხანაში) Pepper’s Club-ში ფრონტისათვის დახმარების შესაკრებად მორიგი ღონისძიება მოეწყო. მაგიდებთან უმეტესად ქალები ისხდნენ, რადგან მამაკაცები ფრონტზე იბრძვიან. კატია, რომელსაც ფრონტზე მედიკამენტები მიაქვს ხოლმე, აშშ-ის პრეზიდენტის ხსენებაზე უცენზუროდ იგინება: „ტრამპი? წავიდეს მაგის…“.

ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ არავის ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინა გადაიღალა და გამოფიტულია. ჯარისკაცებს, რომლებიც სამი წლის განმავლობაში შეუსვენებლივ იბრძვიან, სახლში მხოლოდ ორიოდე დღით უშვებენ, შემდეგ კი ფრონტს უბრუნდებიან.

„რა თქმა უნდა, მოლაპარაკება აუცილებელია, – თვლის 36 წლის სერგეი, რომელიც დონბასის ფრონტზე იბრძვის, – ხალხი დაიღალა, გაიტანჯა. იჩაგრებიან განსაკუთრებით ბავშვები და მოხუცები. მე მხარს ვუჭერ მოლაპარაკებას. საბოლოოდ ყველა ომი მოლაპარაკებით მთავრდება“.

დამოუკიდებლობის მოედანზე მყოფი იურა, რომელიც ცოტა ხნით იყო თავის ოჯახში, დაღვრემილი ამბობს: „უამრავი მეგობარი დავკარგე, რომლებთანაც ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა მაქვს გატარებული. ისინი ახლაც ყოველდღიურად იღუპებიან, მაგრამ ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, უნდა გავუძლოთ. მოლაპარაკება შეიძლება, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს მთავარი – ქვეყნისა და ადამიანების ბედი…“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: