
“ევროპა უკრაინის ომში მარცხდება: ეს სამხედრო მარცხს კი არა, სტრატეგიულ წაგებას ნიშნავს”-Handelsblatt
ევროპამ უკრაინაში განიცადა არა იმდენად სამხედრო, რამდენადაც სტრატეგიული მარცხი, – წერს გერმანული პოპულარული გაზეთი „ჰანდელსბლატი“ (Handelsblatt) სტატიაში სათაურით „ევროპა უკრაინის ომში მარცხდება: ეს სამხედრო მარცხს კი არა, სტრატეგიულ წაგებას ნიშნავს“ (ავტორი – იაკობ ჰანკე-ველა). „სანამ აშშ და რუსეთი მშვიდობას ამყარებენ, ევროპას შორიდან ყურება მოუწევს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ევროპა უკრაინაში მიმდინარე ომს არამარტო სამხედრო თვალსაზრისით აგებს, არამედ სტრატეგიულ მარცხსაც განიცდის. იმას, ვინც მხოლოდ ფულს იხდის, მაგრამ თავის ინტერესებს არ იცავს, არ უნდა გაუკვირდეს, თუ მომავალს სხვები განსაზღვრავენ.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 2022 წლის იანვარში, ევროკავშირის დიპლომატებს შორის გავრცელდა ფოტოსურათი – რუსი და ამერიკელი მომლაპარაკებლები ჟენევაში ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას განიხილავენ – ჯერ კიდევ შეიძლება თუ არა სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება. ევროპელები იმ შეხვედრებში არ მონაწილეობდნენ.
დიპლომატების რეაგირება დამცინავი და იმედგამაცრუებელი იყო. მათ ფოტოსურათს ცინიკური წარწერა გაუკეთეს – „კონფერენცია ევროპის მომავლის შესახებ“ – როგორც დამცინავი მინიშნება იმაზე, რომ ამერიკა და რუსეთი წყვეტენ ევროპის პერსპექტივას, ანუ იმ საკითხს, რომელიც მათი საქმე არ არის. დაცინვა დაცინვად, მაგრამ რატომ არ მონაწილეობდა ევროპა თავისი მომავლის გადაწყვეტაში?
სამი წლის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა – ევროპა უკრაინას ეხმარება, შეიძლება ამერიკაზე მეტად (ზოგიერთი მონაცემებით, 170 მილიარდი ევროა დახარჯული), მაგრამ ესოდენ დიდი ხაეჯის მიუხედავად, მომავალი მშვიდობის საკითხების გადაწყვეტა ამერიკამ და რუსეთმა დაიწყეს, ევროპას კი მხოლოდ შორიდან ყურების ნება მისცეს.
ეს არის უმაღლესი დონის სტრატეგიული და პოლიტიკური მარცხი, რომელსაც ევროპა განიცდის.
გამოდის, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი მშვიდობას დაამყარებენ (ამერიკა უკრაინაზე ზეწოლას მოახდენს და ცეცხლს შეაწყვეტინებს, რუსეთიც დათანხმდება), შემდეგ მიიწვევენ ევროპას და დაავალებენ, რა უნდა გააკეთოს: უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღდგენა… მოკლედ, ძირითადი ხარჯები ისევ ევროპისგან, ამერიკა კი სასარგებლო წიაღისეულს გაიტანს. ევროპული სახელმწიფოების მეთაურები აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, როცა ისინი იხდიან, აძლევენ და იცავენ, მაგრამ სამაგიეროდ გეოპოლიტიკური გავლენის ბერკეტებს არ იღებენ.
კიდევ უფრო უარესია ის, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო ევროპა დასუსტდა და მისი მარგინალიზება მოხდა. ნატოს წევრი აშშ-ის არმია და იარაღი, რომელიც ბოლო დრომდე ევროპისათვის თავდაცვით ფარს და „ქოლგას“ წარმოადგენდა, უკვე შეეტყო და საიმედო აღარ არის. ევროპელებს სამომავლოდ თვითონ მოუწევთ მეტი ფულის ხარჯვა საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად. რა თქმა უნდა, სამხედრო ბიუჯეტის ზრდა გამოიწვევს სოციალური გადახდებისა და კომპენსაციების, ასევე ინვესტიციების შემცირებას. იმავდროულად ფასები ენერგომატარებლებზე გრძელვადიანი პერსპექტივაში უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო. იაფი რუსული გაზით ეკონომიკის ზრდა წარსულს ჩაბარდა.
ამას უნდა დაემატოს მზარდი შეშფოთება აშშ-ის ჯარების სავარაუდო გაყვანის გამო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. თუ დონალდ ტრამპი გააგრძელებს უკანდახევას ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დროს, პოლონეთი, ბალტიისპირა ქვეყნები და ნატოს წევრი სხვა აღმოსავლეთევროპელი ქვეყნები სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ამერიკის ჯარების გაყვანა მკვეთრად შეცვლის ძალთა სტრატეგიულ ბალანსს ევროპაში და ეს იმ დროს, როცა რუსეთის თავის სამხედრო ყოფნას აფართოებს.
ევროპამ ამ დაპირისპირებაში წააგო – არა სამხედრო თვალსაზრისით, არამედ სტრატეგიული თვალსაზრისით. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ევროპა საკუთარი მომავლის განსაზღვრის ნებას სხვებს მისცემს.
მოამზადა სიმონ კილაძემ