1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველო: მმართველი პარტია, რუსეთთან ომის რისკის გამო, მოსკოვთან ურთიერთობის დაძაბვას თავს არიდებს”-Der Freitag
“საქართველო: მმართველი პარტია, რუსეთთან ომის რისკის გამო, მოსკოვთან ურთიერთობის დაძაბვას თავს არიდებს”-Der Freitag

“საქართველო: მმართველი პარტია, რუსეთთან ომის რისკის გამო, მოსკოვთან ურთიერთობის დაძაბვას თავს არიდებს”-Der Freitag

588
0

გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთ „ფრაიტაგში“ (Der Freitag) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “საქართველო: მმართველი პარტია, რუსეთთან ომის რისკის გამო, მოსკოვთან ურთიერთობის დაძაბვას თავს არიდებს”  (ავტორი – მარტინ ლეიდენფროსტი), რომელშიც ჟურნალისტის შთაბეჭდილებებია გადმოცემული – საკუთარი თვალით ნანახი ქართული პოლიტიკური რეალობა, სამეგრელოს მაგალითზე.

პუბლიკაცია იწყება საქართველოში შექმნილი სიტუაციის ზოგადი მიმოხილვით – ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მიზეზებით (ოპოზიციის ბრალდებები: პრორუსული კანონმდებლობა, არჩევნების გაყალბება…), რუსეთთან, უკრაინასთან და ევროკავშირთან დამოკიდებულებით (დასავლური ანტირუსული სანქციების უარყოფა, მმართველი პარტიის კრიტიკა ევროკავშირის მიერ – პროდასავლური კურსიდან გადახვევისა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გამო…).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს მთავრობა, ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურ სიტუაციის გამო, ბრალს სდებს დასავლეთის „ომის გლობალურ პარტიას“, რომელიც საქართველოს რუსეთთან ომისაკენ უბიძგებს, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნით. თუმცა უნდა ითქვას, რომ უკრაინაში რამდენიმე ათეული ქართველი მაინც იბრძვის – მოხალისის სტატუსით – უკრაინის არმიის „ქართულ ლეგიონში“, რომელსაც  მამუკა მამულაშვილი მეთაურობს. ეს ის პიროვნებაა, რომელიც ამას წინათ უკრაინის მეზობელი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ქვეყანაში  შეთქმულების მომწყობად დაასახელა: მისი თქმით, მამულაშვილი სლოვაკეთის   მოსახლეობას უკრაინის მაიდანის მსგავს ანტისამთავრობო გამოსვლებისაკენ მოუწოდებს და სურს, რომ ხელისუფლება ძალადობრივი გზით დაამხოს“.

(…)

საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მაგრამ ამჯერად ქართული პოლიტიკის ასპექტები ჩემთვის ბევრად უფრო რთულად აღსაქმელი გამოდგა. აზერბაიჯანისა და სომხეთისაგან განსხვავებით, საქართველო მკვეთრად გამოირჩევა თავისი საოცარი ეთნიკურ-რელიგიური სიჭრელით, და თუ ამას დავამატებთ მენტალურ პარტიკულარიზმს, როცა თითოეულ ქართველს თავისი საკუთარი ხედვა საგარეო პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით, მაშინ მეტ-ნაკლებად გასაგები იქნება შექმნილი პოლიტიკური რეალობის სირთულეები.

პალმები, მანდარინები და ევროპის დროშა აფხაზეთის საზღვართან

იანვრის ბოლოს გადავწყვიტე თბილისიდან საკმაოდ შორს, ეთნოლინგვისტურად მცირედ განსხვავებულ, მაგრამ იმავდროულად ჰიპერ ქართულ რეგიონში – სამეგრელოში, ანუ უძველეს კოლხიდაში, შავი ზღვის პირა მხარეში გავმგზავრებულიყავი. იმედი მქონდა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის საზღვართან ახლოს მცხოვრებ ადგილობრივი მოსახლეობიდან მივიღებდი ინფორმაციას, თუ როგორ გადაიტანეს მათ 1992 და 2008 წლის ომები რუსეთთან.

კოლხეთის ზღვისპირა დაბლობი ცნობილია თავისი სუბტროპიკული ბუნებით, პალმებით და მანდარინის ხეებით. ვიყავი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, რომელიც ადრე ჩაის პლანტაციებით იყო განთქმული, ახლა კი ძველი დიდებისაგან თითქმის არაფერია დარჩენილი – ჩაის ბუჩქები გახმა, ყოფილ პლანტაციებში კი ღორები დანავარდობენ და ზამთრის ბალახით თავს იქცევენ. რუხის ბავშვთა სოციალურ-კულტურულ ცენტრის კედელზე ერთგვარი ფუტურისტული ფრესკაა გამოხატული – საქართველო ევროკავშირის დიდი დროშის ფონზე.

სოფელში გავიარ-გამოვიარე და აფხაზეთის საზღვართან მდებარე ხიდამდე მივედი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „მსოფლიოში ყველაზე დიდ ფეხით გადასასვლელ საავტომობილო ხიდად“ თვლის. იქვე ახლოს არსებული კაფე-მაღაზიის მფლობელს გავესაუბრე, 63 წლის ბიზნესმენს, რომელიც ძველი საბურავებითაც ვაჭრობს, ჰყავს აგრეთვე შინაური ცხოველებიც, მაგალითად, ძროხა, „რომელიც დღეში თითქოსდა ცხრა ლიტრ რძეს იწველის“. როგორც მაღაზიის მფლობელი ჰყვება, 1992 წლის ომის დროს იგი საქართველოდან საზღვარგარეთ წავიდა, შემდეგ დაბრუნდა, ხოლო 2008 წლის ხანმოკლე ომის დროს მან დაინახა, თუ როგორ გაიარა ამ ხიდზე 260-მა რუსულმა ტანკმა ზუგდიდისაკენ. იგი ეთანხმება „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკურ კურსს: „არ გვინდა არც ამერიკის და არც რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი… ვინა არის ისეთი, რომელსაც ომის არ ეშინია?“.

„ევროპა გვინდა, მაგრამ რუსეთთან ომი არ გვსურს“

მოვინახულე საზღვაო კურორტი ანაკლია, რომლის მშენებლობა 2004-2013 წლებში საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერიოდში შენდებოდა, მაგრამ ახლა მიტოვებულია. გავისეირნე ზღვის წყნარ სანაპიროზე, სადაც ადგილობრივი მაწანწალა ძაღლები საძოვარზე მყოფ საქონელს უყეფდნენ.

ანაკლიაში ვესაუბრე ორ ხანდაზმულ მეგრელ ქალბატონს, რომლებსაც ყოფილი კინოთეატრის შენობაში ერთს მაღაზია ჰქონდა, მეორეს კი სასტუმრო. ორივეს  ახლობლები რუსეთში ჰყავდათ („მოსკოვში ხალხი მდიდრულად ცხოვრობს!“). 84 წლის ქალბატონები ევროკავშირთან ინტეგრაციის მომხრენი არიან („ჩვენ ევროპაში ყოფნა გვინდა“), მაგრამ ევროპის თხოვნით რუსეთის საწინააღმდეგოდ ომში ჩაბმა მათთვის მიუღებელია: „განა ჩვენ რუსეთს რაიმეს ვუზამთ? ომში ხომ ისევ ჩვენი ჯარისკაცები დაიღუპებიან“.

ანაკლიაში მდებარე ინდურ საკურორტო სპა-სასტუმროში Pratap’s Signature Beachside Resort & Spa კარგად დავნაყრდი და მომეცა შემთხვევა მცირე ხნით მზარეულ ქალებს შესვენების დროს გავსაუბრებოდი. ისინი რუსეთთან ომის მიმართ შიშს გამოხატავდნენ. ერთ-ერთი ქალბატონი პარიზში იყო სამუშაოდ წასული, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ახლა ინდოელი ინვესტორის წყალობით, ინდურ სასტუმროში მუშაობს.

ზუგდიდში, პროევროპულ დემონსტრაციაზე…

სამეგრელოს მთავარ ქალაქ ზუგდიდში კი ანაკლიისაგან განსხვავებული სურათია შექმნილი: საშაურმის მფლობელი ბიზნესმენი, მეგრელი ქალბატონი, რომელიც მოსკოვშია გაზრდილი, რუსულ ყაიდაზე ლაპარაკობდა („უკრაინელებზე თავხედი ხალხი არ არსებობს!“), ხოლო მის კოლეგას, რომელიც აფხაზეთიდან იძულებით იყო გამოდევნილი, ანტირუსული განწყობა ჰქონდა („რუსები ოკუპანტები არიან!“). ისინი დაეთანხმნენ იმ აზრს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს საზღვარგარეთ ბევრად მეტი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე თავის დროზე ქართველებს ჰქონდათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 51% მიიღო. ადგილობრივი საკრებულოს შენობის წინ ოპოზიციის დემონსტრაცია მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეები საქართველოს მთავრობის მიერ ანტიევროპულ კურსს აპროტესტებდნენ. წვიმის გამო მომიტინგეთა რაოდენობა 30 ადამიანს არ აჭარბებდა, იმდენივე იყვნენ პოლიციელებიც. გავესაუბრე ახალგაზრდა წყვილს. მათ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ კამპანიამ სავარაუდო ომის შესახებ მოსახლეობაზე გარკვეული გავლენა მოახდინა. „თუმცა ობიექტურად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი სიცრუეა“, – განაცხადა ცოლმა. ქმარმა დუმილი ამჯობინა.

გვიან საღამოს ადგილობრივ სქაი-ბარში შევედი. ხუთი გოგონა ადგილობრივ ენაზე ლაპარაკობდა, მაგრამ როგორც კი სიგარეტის მოსაწევად გარეთ გავიდნენ და იტალიურ მუსიკაზე ხელიხელჩაკიდებულებმა ცეკვა დაიწყეს, ერთ-ერთის ტელეფონმა როცა დარეკა, მან რუსულ ენაზე ჰკითხა: „რა გინდა?“. ცოტა ხნის შემდეგ კი საუბარი იტალიურ ენაზე დაასრულა: „არივედერჩი“ (შეხვედრამდე), – თქვა და ტელეფონი მაგიდაზე დააგდო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: