1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინაში შექმნილი სიტუაციის ირგვლივ: რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკების დროს ევროპის აზრს მნიშვნელობა აღარ აქვს”-Berliner Zeitung
“უკრაინაში შექმნილი სიტუაციის ირგვლივ: რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკების დროს ევროპის აზრს მნიშვნელობა აღარ აქვს”-Berliner Zeitung

“უკრაინაში შექმნილი სიტუაციის ირგვლივ: რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკების დროს ევროპის აზრს მნიშვნელობა აღარ აქვს”-Berliner Zeitung

499
0

გერმანულ პოპულარულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყებულია სტატია სათაურით „უკრაინაში შექმნილი სიტუაციის ირგვლივ: რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკების დროს ევროპის აზრს მნიშვნელობა აღარ აქვს“ (ავტორი – ნიკოლას ბუტილინი). პუბლიკაციის ავტორი ნიკოლას ბუტილინი უკრაინის პრობლემებზე ავსტრიელ სამხედრო ექსპერტს მარკუს რეისნერს ესაუბრება.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

რამდენიმე კვირაში სამი წელი შესრულდება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. 1075 დღე-ღამის შემდეგ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ისე კარგად გამოიყურება. დონბასის ფრონტზე რუსეთის ჯარები წინ სულ უფრო აქტიურად მიიწევენ და სულ უფრო მეტ დასახლებულ პუნქტებს იკავებენ. ამასობაში კი უკრაინის არმიაში ფართოვდება დეზერტირობა, სამხედროვალდებული მოქალაქეები არმიაში გაწვევას ემალებიან, ფრონტზე ჯარისკაცების მწვავე დეფიციტია შექმნილი. ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უძლურია ამ მხრივ მდგომარეობა როგორმე გამოასწოროს. მოკლედ, თითქმის 1000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე უკრაინისთვის უკიდურესად არასასურველი ვითარებაა ჩამოყალიბებული.

მარკუს რეისნერი – ავსტრიის ფედერალური არმიის გენერალური შტაბის გადამდგარი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელიც აღიარებულ სამხედრო ექსპერტს წარმოადგენს, „ბერლინერ ცაიტუნგთან“ საუბრის დროს ყურადღებას ამახვილებს არასტაბილურ სიტუაციაზე და მუდმივად აანალიზებს ომის სხვადასხვა ასპექტებს – სტრატეგიულს, ოპერატიულს და ტაქტიკურს.

უკრაინის პრობლემები 

ამჟამად უკრაინისათვის სტრატეგიულ დონეზე გაურკვევლობა სუფევს. მიუხედავად იმისა, რომ თეთრ სახლსა და კრემლს შორის განხორციელებული სატელეფონო საუბარი ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მარკუს რეისნერი მაინც ეჭვობს, რომ „დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციებს ერთმანეთთან უკვე პირი აქვთ შეკრული“.

„ევროპას დღეს არავინ არაფერს არ ეკითხება, ბრიუსელის აზრს მნიშვნელობა არ აქვს“, – ამბობს ავსტრიელი სამხედრო ექსპერტი, რომლიც ეხება რა ევროპის სავარაუდო სამშვიდობო ინიციატივებს, იხსენებს პოლონეთისა და საფრანგეთის განზრახვებს, – „მაგრამ მე ვერ ვხედავ, თუ რა რეაგირება აქვთ ამერიკას და რუსეთს ვარშავისა და პარიზის განცხადებებზე“.

უკრაინა როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, დაინტერესებულია იმით, რომ რუსეთ-აშშ-ის სავარაუდო მოლაპარაკებაში ევროკავშირმაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ როგორც ჩანს, არც დონალდ ტრამპი და არც ვლადიმერ პუტინი ბრიუსელს არაფერს ეკითხებიან და შესაბამისად, ევროკავშირის პოზიციას ყურადღებას არ მიაქცევენ.

კიევისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ისრაელიდან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „პეტრიოტის“ 90 ცალი რაკეტის გადასროლა უკრაინაში, რომლებიც „ცაჰალმა“ (ისრაელის თავდაცვის ჯარებმა) თავისი შეიარაღებიდან გასულ წელს მოხსნა. „მაგრამ უკრაინა მუდმივად ითხოვს დამატებით რაკეტებს. ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მდგომარეობა და არმიის პირადი შემადგენლობის შევსება უკრაინის სტრატეგიული დონის პრობლემებს წარმოადგენს“, – ამბობს პოლკოვნიკი მარკუს რეისნერი „ბერლინერ ცაიტუნგთან“ საუბარში.

კიევის კიდევ ერთი პრობლემა იმით გამოიხატება, რომ უკრაინის არმიის პოზიციები ფრონტის ხაზზე ძალიან გაფანტული და დაშორიშორებულია. უკრაინას ჯარისკაცები არ ჰყოფნის. „უკრაინული ბატალიონები საშუალოდ 500 მებრძოლს უნდა ითვლიდნენ, მაგრამ ისინი ძალიან ხშირად მხოლოდ 35-40%-ით არიან დაკომპლექტებულნი“, – აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი. იგი თვლის, რომ ამჟამად ყველაზე მძიმე სიტუაციაა ქალაქების პოკროვსკისა და ველიკი ნოვოსელკის მიმართულებით, რომლებიც რუსეთის არმიას თითქმის ალყაში ჰყავს მოქცეული.

„მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი ნაკლებად აინტერესებს. რუსეთის არმიის ტაქტიკა და სტრატეგია უკრაინის არმიის დასუსტება-დაქანცვაში გამოიხატება. რუსეთს უკრაინასთან შედარებით ბევრად მეტი რესურსი აქვს – როგორც ცოცხალი ძალის მხრივ, ისე მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით. უკრაინა ძირითადად უცხოეთის დახმარებაზეა დამოკიდებული, რუსეთს კი თავისი სამრეწველო სიმძლავრეები აქვს. სამხედრო ქარხნები ურალში და ციმბირში სადღეღამისო მუშაობაზე არიან გადასულნი. ასე რომ, უკრაინისათვის რესურსების მობილიზება რთულ პრობლემას წარმოადგენს.

რატომ გარბიან უკრაინელები ფრონტიდან?

მარკუს რეისნერი ყურადღებას ამახვილებს უკრაინაში მიმდინარე დისკუსიაზე, რომელიც ჯარში გასაწვევი ასაკის შემცირებას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასაწყისში ეს თემა უარყოფილი იქნა და მას პროპაგანდისტული უწოდეს, დღეს ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ბევრი უკრაინელი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც გასაწვევი ასაკი აქვთ, ჯარში სამსახურს თავს არიდებენ. სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ვიდეოკადრები იმისა, თუ როგორ ხორციელდება რეიდები ახალგაზრდების დასაჭერად.

მარკუს რეისნერი დეზერტირთა დიდი რაოდენობის მიზეზებს შემდეგნაირად განმარტავს: „ჯერ ერთი, რომ გაწვეული ახალგაზრდების სამხედრო სწავლება დაჩქარებულად მიმდინარეობს და ისინი ფრონტზე მეტწილად ნაკლებად მომზადებულები მიჰყავთ. მეორე – წინა ხაზზე, როცა მძაფრი საარტილერიო სროლები და შეტევებია, ისინი შოკში ვარდებიან, ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებენ, დეპრესირებულები ხდებიან და სურთ, რაც შეიძლება სწრაფად დააღწიონ თავის ჯოჯოხეთურ სიტუაციას. მაგრამ ეს ხდება არა იმდენად შიშის გამო, არამედ უეცარი შოკის გამო. ჯარისკაცების მორალური სულისკვეთება ეცემა.

„შეიძლება დავასკვნათ, რომ ამჟამად უკრაინის არმიის მდგომარეობა ადრინდელზე  ბევრად უარესია. შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა სულ უფრო სერიოზული ხდება და კატასტროფულს უახლოვდება“, – ხაზს უსვამს მარკუს რეისნერი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: