1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ევროპელი გოლისტები, ატლანტისტები, დენიალისტები და პუტინისტები”-The Economist
“ევროპელი გოლისტები, ატლანტისტები, დენიალისტები და პუტინისტები”-The Economist

“ევროპელი გოლისტები, ატლანტისტები, დენიალისტები და პუტინისტები”-The Economist

182
0

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გაიცანით: ევროპელი გოლისტები, ატლანტისტები, დენიალისტები და პუტინისტები“. როგორც  პუბლიკაციაშია აღნიშნული, „თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებამ ძველი დავები გამოაცოცხლა იმაზე, თუ როგორი თავდაცვითი სტრატეგია სჭირდებათ ევროპელებს. შეიძლება გამოვყოთ ოთხი ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისი, რომლის წარმომადგენლები ერთმანეთს არ ეთანხმებიან“.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ქვეყანა საკუთარ თავს აშშ-ის მოკავშირედ თვლის, ამ დროს კი თვითონ აშშ-ს მისი ტერიტორიის ნაწილის ხელში ჩაგდება სურს და ამას პირდაპირ აცხადებს? რამდენად არის შესაძლებელი მოკავშირეების ერთმანეთთან მტრობა? თურმე ყველაფერი შეიძლება მოხდეს: 1968 წელს, ასეთი კითხვები ებადებოდა სენ-ჟერმენ-დე-პრეს (პარიზის გარეუბნის) ერთ-ერთ კაფეში მჯდარ ფილოსოფოსს, სიგარეტ „გიტანას“ კვამლში გახვეულს… [1966 წელს  საფრანგეთის ლიდერმა შარლ დე გოლმა თავის ამერიკელ კოლეგას ლინდონ ჯონსონს წერილი გაუგზავნა და თავისი ქვეყნის ნატოდან გასვლა გამოაცხადა. მომდევნო წელს კი საფრანგეთის ტერიტორიიდან აშშ-ის ჯარების ქვედანაყოფები გააძევა, ალიანსის შტაბ-ბინა კი პარიზიდან ბრიუსელში გადაატანინა – იმ მიზეზით, რომ ამერიკა საფრანგეთს – თავის ნატოელ მოკავშირეს – მტერივით ეპყრობა).

როგორც ბოლო მოვლენები გვაჩვენებს, ასეთი რამ დღესაც სრულიად რეალური შეიძლება იყოს. დონალდ ტრამპი არაერთხელ დაემუქრა დანიის სამეფოს მისი ავტონომიური ნაწილის – კუნძულ გრენლანდიის დაპყრობით და ეს ხდება იმ დროს, როცა ორივე სახელმწიფო ერთმანეთის მოკავშირეა ვაშინგტონის 1949 წლის ხელშეკრულების თანახმად, ნატოს (ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის) შექმნის თაობაზე.

თავდაპირველად ევროპელები საკუთარ თავს იმით არწმუნებდნენ, რომ თეთრ სახლში დაბრუნებული აშშ-ის პრეზიდენტის გეგმები გრენლანდიასთან მიმართებით მეტი არაფერია, თუ არა უბრალო ყბედობა, რომელსაც შეიძლება ყურადღება არ მიაქციო – ისევე როგორც მის ნათქვამს 2020 წელს, რომ კორონავირუსის („კოვიდ-19“) თავიდან აცილება თურმე ჩვეულებრივი მადეზინფიცირებელი ხსნარითაც შეიძლება.

დონალდ ტრამპის მკვეთრი სატელეფონო საუბრის შემდეგ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსონმა ევროპული ვიზიტები დაიწყო და შეეცადა პარიზის, ბერლინისა და ბრიუსელის მხარდაჭერა მოეპოვებინა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შესთავაზა გრენლანდიაზე ევროკავშირის ქვეყნების ერთობლივი ჯარები გადაესხათ – ისე, ყოველი შემთხვევისათვის. ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა, ფრანგი ფილოსოფოსის ჟან-პოლ სარტრის მგავსად, გაიხუმრა: „ისეთ მოკავშირეს, როგორიც დონალდ ტრამპია, მტერს არ ვუსურვებ“.

რა თქმა უნდა, ომი აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის წარმოუდგენელი  პერსპექტივაა, მაგრამ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ ევროპაში ახალი ძალით დაიწყო დებატები თავდაცვის საკითხზე: როგორ შეიძლება ევროპამ თავი დაიცვას აშშ-ის დახმარების გარეშე? კონტინენტის „უსაფრთხოების არქიტექტურის“ გადახედვა, როგორ უყვართ ხოლმე ასეთი გამოთქმა ნატოს წარმომადგენლებს, დღის წესრიგში ჯერ კიდევ სამი წლის წინ დადგა, როცა რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდას ჯერ-ჯერობით ევროპული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შემუშავება არ მოჰყოლია.

იმის გასაგებად, თუ როგორი იქნება ევროპის მომავალი კურსი, უნდა გავეცნოთ ევროპელ გოლისტებს, ატლანტისტებს, დენიალისტებს (ანუ რეალობის უარმყოფლებს) და ბოლოს, პუტინისტებსაც.

გოლისტები, როგორც დასახელებიდან ჩანს, ფრანგი პრეზიდენტის – გულფიცხი შარლ დე გოლის – პოლიტიკური შთამომავლები არიან, რომლებისთვისაც ევროპის მიმართ ამერიკული მფარველობა საძულველია. დღეს ემანუელ მაკრონს სამხედრო ალიანსიდან გამოსვლა არ სურს, მაგრამ გავიხსენოთ, რომ სწორედ მან განაცხადა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ველი ვადის დროს – „ნატოს ტვინი მოკვდაო“, ამიტომაც ევროპამ „სტრატეგიულ ავტონომიას“ უნდა მიაღწიოს და რიგ საკითხებში დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოს, თუ მისი ინტერესები ოკეანისმიღმა მდებარე მოკავშირის ინტერესებს არ ეთანხმება. გოლისტების აზრით, ვინც არ უნდა მოვიდეს თეთრ სახლში, ამერიკას ევროპის ნაცვლად უკვე სხვა პრიორიტეტები აქვს – აზია – წყნარი ოკეანის რეგიონი. ევროპამ თავი უნდა დაიზღვიოს მოულოდნელობებისგან, ამიტომ, საკუთარი ავტონომიის უზრუნველსაყოფად, უნდა გაიზარდოს ევროპული სამხედრო ბიუჯეტები, მეტი ფული დაიხარჯოს ევროპული იარაღის წარმოებაზე. გოლისტები თვლიან, რომ უნდა შეიქმნას ევროპის ერთიანი არმია, თუმცა ეს იდეა ჯერ-ჯერობით ოცნების სფეროს განეკუთვნება.

ატალანტისტები ევროპულ ავტონომიურ მოქმედებას უგუნურობად თვლიან. პოლონეთი მთავარი მედროშეა კლუბისა „ნატო უპირველეს ყოვლისა“, რომელიც თავის რიგებში ჩრდილოეთი და ცენტრალური ევროპის ნატოელი წევრების უმრავლესობას აერთიანებს. ატლანტისტებისათვის უზენაესი პრიორიტეტია აშშ-სთან ურთიერთობის შენარჩუნება. ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ამერიკული იარაღის მიმზიდველობით. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ამას წინათ განაცხადა: „აშშ-სა და ევროპის ურთიერთდამოკიდებულება ერთგვარ გარიგებას ჰგავს: „თქვენ გვეხმარებით თავდაცვაში, ჩვენ კი თქვენს იარაღს ვყიდულობთ“. დონალდ ტრამპის მერკანტილური მიდგომა პრინციპით – „შენ  მე – მე შენ“ ამ სქემას არანაირად არ არღვევს, პირიქით, რაც მეტია სამხედრო ბიუჯეტი, მით უფრო მეტია შეკვეთები ავიაგამანადგურებელ F-35-ზე და სხვა ტექნიკაზე. ატლანტისტები აღიარებენ, რომ ურთიერთობა აშშ-ის არაპროგნოზირებად პრეზიდენტად იდეალური არ არის, მაგრამ, ამის მიუხედავად, უკეთესია, ვიდრე იმ ევროპელი მოკავშირეებთან დამოკიდებულება, რომლებიც სამხედრო უღონობას უჩივიან. იმ შემთხვევისათვის, თუ რუსეთის უეცრად სამხედრო მოქმედებას დაიწყებს ევროპაში მიმდინარე ათწლეულის ბოლოს, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტ-პროგნოზისტი წინასწარმეტყველებს, მანამდე ნატოს ბლოკი უნდა გაძლიერდეს და სრულყოფილი უნდა გახდეს და არა რაღაცით ჩანაცვლდეს. ევროპული იარაღის წარმოება და მისი ექსპორტი, რასაკვირველია, გრძელვადიან პერსპექტივაში შესაქებ იდეას წარმოადგენს, მაგრამ უახლოეს მომავალში მხოლოდ გერმანულ და ფრანგული სამხედრო კომპანიების იმედზე უნდა ვიყოთ, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის მოწოდება იმ დროს შეუძლიათ, როცა რუსები ბალტიისპირეთში შევლენ და დაიკავებენ. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, გასაგები მიზეზების გამო, მასთან თანამშრომლობის სქემა რთულია.

გოლისტებიც და ატლანტისტებიც ერთმანეთს ეთანხმებიან იმაში, რომ თავდაცვაზე მეტი ფულის ხარჯვა სასარგებლოა. დონალდ ტრამპი ითხოვს, რომ ევროპელებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2% კი არ უნდა ხარჯონ, არამედ 5%. ალბათ, ნატოს უმაღლესი დონის სამიტზე, ივლისში, ისინი 3,5%-ზე მოილაპარაკებენ.

დენიალისტებისათვის – მესამე ევროპული ბანაკის წარმომადგენლებისათვის – ივლისის სამიტი შეიძლება უხერხულ მომენტად გადაიქცეს. რეალობის უარმყოფლების თავდაცვითი სტრატეგია იმით გამოიხატება, რომ ისინი სირაქლემასავით თავს ქვიშაში ჩაყოფენ. მაშ სხვა რით უნდა აიხნას ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ოთხი მსხვილი წევრიდან ორი ქვეყანა – იტალია და ესპანეთი – თავდაცვაზე თავიანთი მშპ-ის მხოლოდ 1,5-ზე ნაკლებ პროცენტს ხარჯავენ?

გოლისტები და ატლანტისტები გაღიზიანებულები არიან დენიალისტების პოლიტიკით, მაგრამ უარმყოფლების პოზიცია მაინც უკეთესია, ვიდრე პუტინისტებისა, რომლებიც ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერების ჯგუფს წარმოადგენს. ისინი მზად არიან ევროკავშირის ანტირუსული გეგმების ჩასაშლელად. ვიქტორ ორბანს, რობერტ ფიცოს და კიდევ რამდენიმე ლიდერს (რომლებსაც ავტორიტარული  გამოხტომები ახასიათებთ) სურთ მაგალითი რუსეთის პრეზიდენტისაგან აიღონ. ვიქტორ ორბანი და მისთანები თავს ტრამპისტებად თვლიან, მაგრამ ამით თავიანთ პუტინისტობას ნიღბავენ. ჯერ-ჯერობით ისინი მცირერიცხოვან ბანაკს წარმოადგენენ, მაგრამ ნელ-ნელა ფართოვდებიან. ყოველ მათგანს შეუძლია ძირი გამოუთხაროს ევროკავშირის გეგმებს, ანუ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებისთვისაც კონსენსუსი აუცილებელია.

ყოველი ქვეყნის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ყველა ოთხივე ტიპის პოლიტიკოსთა ფრაქციები არსებობენ (გერმანიის მიკუთვნება რომელიმე პოლიტიკური ბანაკისადმი ჯერ-ჯერობით ძნელია, რადგან იქ 23 თებერვლის შემდეგ ახალი კანცლერი იქნება). ევროპელებმა თავდაცვის საყოველთაო გეგმაზეც რომც მოილაპარაკონ, მათ მაინც მოუწევთ საკმაოდ რთული საკითხის გადაწყვეტა: გეგმა გეგმად, მაგრამ ვინ დააფინანსებს მის განხორციელებას? ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ფინანსების დეფიციტს განიცდის, შეიძლება დათანხმდეს სამხედრო ხარჯების ზრდაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსება კოლექტიური სესხის აღებით მოხდება, მაგრამ იმ ქვეყნებს, რომლებიც საგადასახადო-საბიუჯეტო ბალანსის გულმოდგინე დამცველები არიან, ასეთი იდეა არ მოეწონებათ. შესაბამისად, გაჩნდება უთანხმოების ახალი ტალღა, რომლის დარეგულირება უკვე მომდევნო სამიტებზე მოუწევთ.

მოამზადა სიმონ კილაძემ 

წყარო: