1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “აფხაზებს რუსეთთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების დამტკიცება არ სურთ, რუსეთი კი საპასუხოდ დონორობას წყვეტს” -Der Standard
“აფხაზებს რუსეთთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების დამტკიცება არ სურთ, რუსეთი კი საპასუხოდ დონორობას წყვეტს” -Der Standard

“აფხაზებს რუსეთთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების დამტკიცება არ სურთ, რუსეთი კი საპასუხოდ დონორობას წყვეტს” -Der Standard

941
0

ავსტრიულ გაზეთ „სტანდარდში“ (Der Standard) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აფხაზებს რუსეთთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების დამტკიცება არ სურთ, რუსეთი კი საპასუხოდ დონორობას წყვეტს“ (ავტორი – ჯონ ანგერერი). პუბლიკაციაში განხილულია აფხაზეთში – საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში – მომხდარი მოვლენები. მასში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მსოფლიო მას საქართველოს ნაწილად თვლის.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ამას წინათ არეულობები მოხდა აფხაზეთში, შავიზღვისპირა სეპარატისტულ „რესპუბლიკაში“, რომელიც სინამდვილეში საქართველოს სახელმწიფოს ნაწილს წარმოადგენს. რუსეთმა აფხაზეთის ოკუპირება 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან მომხდარი ე.წ. ხუთდღიანი ომის დროს განახორციელა და იმავე ხანებში ოკუპირებული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. მას შემდეგ აფხაზეთი რუსეთის კმაყოფაზე იმყოფება, რუსეთი ურიცხავს ბიუჯეტში ფულს, იქ არის დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზა, თუმცა, ამის მიუხედავად, მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა სეპარატისტულ რეგიონს საქართველოს შემადგენლობაში თვლის.

მანდარინის რევოლუცია?

აფხაზეთში უწესრიგობებიც ხდება ხოლმე. ამას წინათ მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, საპროტესტო აქციები დაიწყო და პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი პარლამენტში მაინც შეიჭრნენ. გაჩნდა ტერმინი – „მანდარინის რევოლუცია“, რომელიც ტრადიციულ აფხაზურ საექსპორტო პროდუქტთან არის დაკავშირებული. აფხაზური მანდარინი ძირითადად რუსეთში იყიდება – უკვე მრავალი წელია რუსები ამ სუბტროპიკულ ხილს საახალწლოდ მიირთმევენ ხოლმე.

„მანდარინის რევოლუცია“ ერთგვარ ფერად რევოლუციას წარმოადგენს – მაგრამ არა ისეთს, რომელიც თავის დროზე უკრაინაში მოხდა, როცა პროევროპულად განწყობილმა დემონსტრანტებმა პრორუსული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნიდან გააძევეს. აფხაზეთში საქმე ეხება ეკონომიკურ ინტერესებს. უფრო ზუსტად კი ინვესტიციებს სხვადასხვა დარგებში, მათ შორის, ტურიზმშიც.

რა სურთ აფხაზებს?

აფხაზთა პროტესტები მიმართული იყო იმ შეთანხმების წინააღმდეგ, რომელიც ნებას მისცემდა რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე. დღემდე მათთვის აფხაზეთში ამგვარი საქმიანობა აკრძალულია. შავი ზღვის ნაპირზე უამრავი კურორტი არსებობს, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან არის ცნობილი და იქ ბევრი რუსი ტურისტი ისვენებდა. ამჟამად რუს ინვესტორებს ამ კურორტების აღორძინება სურთ, მაგრამ რადგანაც აფხაზური კანონები ამის ნებას არ იძლევიან, ინფრასტრუქტურა ნგრევას აგრძელებს. აფხაზები ფულის მიღების წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ ოპოზიცია შიშობს, რომ მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმებით, შეძლებული რუსები მთელ მიწებს შეისყიდიან, უძრავ-მოძრავ ქონებას, მათ შორის ტურიზმის სფეროშიც, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები კი შეიზღუდება – ისინი ვერ გაუძლებენ კონკურენციას.

აფხაზეთის როგორც პოპულარული რეგიონის საკურორტო ინფრასტრუქტურა აღდგენას მოითხოვს. მოსახლეობას ბევრი ფულის გამომუშავება შეუძლია, მაგალითად, სასტუმროების მშენებლობაში, თუმცა მიწის გაყიდვა აკრძალულია. საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება პარლამენტში უნდა მომხდარიყო, მაგრამ საპროტესტო აქციების შედეგად მისი განხილვა გადაიდო. პრეზიდენტი ასლან ბჟანია და პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი პოსტებიდან  გადადგნენ.

მაგრამ განა ამჟამად აფხაზეთში სიწყნარე სუფევს? სულაც არა, იმიტომ, რომ მოსკოვმა, რადგანაც შეთანხმების რატიფიცირება არ მოხდა, აფხაზეთს დახმარება შეუწყვიტა. როგორც ადგილობრივი ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, მოსკოვი უარს ამბობს ფულის ჩარიცხვაზე სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის, მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის, პოლიციისათვის…

 „ჩვენი აფხაზი მეგობრები“

რამდენიმე დღის წინათ აფხაზეთის მთავრობის დროებითმა მეთაურმა რუსეთის პრემიერ-მინისტრს სერგეი მიშუსტინს თხოვნით მიმართა, რომ გადაწყდეს სახელფასო და სოციალური გადარიცხვების საკითხი აფხაზეთის ბიუჯეტში. „ჩვენ ამ საკითხზე აფხაზ ძმებთან დისკუსიას გავაგრძელებთ“, – თქვა კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა. სავარაუდოდ, საკითხის განხილვა, დიდი ალბათობით, საინვესტიციო ხელშეკრულების „დამოკლეს მახვილის“ ქვეშ განხორციელდება.

აფხაზეთს არ აქვს არამხოლოდ რუსული ფული, არამედ რუსული ელექტროენერგიაც. რუსეთმა შეწყვიტა აფხაზეთის მომარაგება ელექტროდენით – „რესპუბლიკა“ ჩაბნელდა… ცხადია, აფხაზებს აქვთ ჰიდროელექტროსადგურები, მაგრამ მათი სიმძლავრე არასაკმარისია, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. დამატებითი ელექტროენერგიით აფხაზეთს რუსეთი ამარაგებდა შეღავათიანად, ახლა კი სოხუმს მნიშვნელოვანი თანხის გადახდა მოუწევს, რაც მას  არ აქვს. შედეგი – ელექტროდენის მწვავე დეფიციტი. ელექტროენერგია მოსახლეობას დღეში მხოლოდ ორჯერ მიეწოდება ორ-ორი საათით.

აფხაზეთის მომავალი მთავრობა რთული არჩევანის წინაშე დადგება – დათანხმდეს თუ არა რუსი ინვესტორებისათვის მომგებიანი ხელშეკრულების რატიფიკაციას თუ მოსკოვური ფულების გარეშე დარჩეს? ახალი არჩევნები 15 თებერვალს უნდა გაიმართოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: