“საქართველო არჩევნების შემდეგ: ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, პრეზიდენტი იქნება”-უცხოური პრესა
გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “საქართველო არჩევნების შემდეგ: ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, პრეზიდენტი იქნება” (ავტორი – ნიკოლას ბუტილინი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
საქართველოს მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევად ყოფილი ფეხბურთელისა და პარლამენტის ამჟამინდელი წევრის მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა წამოაყენა.
ანტიდასავლელი კანდიდატი
ამრიგად, 53 წლის ანტიდასავლელი პოლიტიკოსი და ხისტი კურსის გამტარებელი პიროვნება, სავარაუდოდ, პოსტსაბჭოთა კავკასიური ქვეყნის მორიგი პრეზიდენტი გახდება. „დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ დამაარსებელმა და საპატიო თავმჯდომარემ.
მისი თქმით, „პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის თავის ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში.
მიხეილ ყაველაშვილს მინდა, ვუსურვო წარმატებული საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე”.
ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი ამჟამინდელი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმას ნიშნავს, რომელსაც მთავრობაში სძულთ.
არჩევნები – დეკემბერში
დღეისათვის საქართველოს პრეზიდენტი პოსტი დაკავებული აქვს ქალს, რომელსაც პროევროპული ორიენტაციის ერთგულია. სალომე ზურაბიშვილმა, ისევე როგორც ქართულმა ოპოზიციამ, არ აღიარა 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მანიპულირება მოახდინა და სხვა პარტიებზე მეტი ხმები კანონდარღვევებით მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წელია ღიად კონფლიქტობს მმართველ პარტიასთან და აქტიურად მხარს უჭერს სხვადასხვა ოპოზიციურ ორგანიზაციებს. ევროკავშირში „მთავრობის დაუკითხავად“ განხორციელებული ვიზიტის გამო მმართველი პარტია მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას ცდილობს, თუმცა პრეზიდენტს ისედაც მალე შეუწყდება უფლებამოსილება – დეკემბრის შუა რიცხვებში.
„ქართული ოცნების“ კრიტიკოსები მმართველ პარტიას სულ უფრო მზარდ ავტორიტარიზმში და მოსკოვთან მეგობრული კურსის გატარებაში ადანაშაულებენ, განსაკუთრებით ე.წ. უცხოური აგენტობის“ კანონის მიღების შემდეგ. თავის მხრივ, როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს, კავკასიურ სახელმწიფოში „რადიკალიზაცია და პოლარიზაცია უცხოეთიდან იკვებება“.
საქართველო 2023 წლის დეკემბრიდან ოფიციალურად ითვლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატად, თუმცა ბრიუსელმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ევროპულ ბლოკში გაწევრიანების პროცესი ანტიდემოკრატიული და პრორუსული კანონების მიღების გამო შეაჩერა.
მოამზადა სიმონ კილაძემ