1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აზერბაიჯანი – კავკასიის ომისა და მშვიდობის გასაღები – რას წერს უცხოური პრესა
აზერბაიჯანი – კავკასიის ომისა და მშვიდობის გასაღები – რას წერს უცხოური პრესა

აზერბაიჯანი – კავკასიის ომისა და მშვიდობის გასაღები – რას წერს უცხოური პრესა

410
0

საუდის არაბეთის გაზეთი „აშ-შარკ ალ აუსატი“ (الشرق الأوسط – იბეჭდება როგორც ერ-რიადში, ასევე ლონდონში და მსოფლიოს რიგ ქალაქებში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „აზერბაიჯანი – კავკასიის ომისა და მშვიდობის გასაღები“ (ავტორი – შაუკი არ-რაიესი), რომელშიც სამხრეთ კავკასიაში შექმნილი მდგომარეობა, კერძოდ, აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობა არის განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, სომხეთში თითქმის 100 ათასამდე ყარაბაღელი სომეხის მიგრირება განხორციელდა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხედრო მოსამსახურეების წინაშე გამოსვლისას პირდაპირ განაცხადა, რომ სომხეთს აზერბაიჯანის ისტორიული მიწა-წყალი აქვს დაკავებული და რომ აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გააგრძელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ზანგეზურის  დერეფნის (იგულისხმება ნახიჩევან-ბაქოს ერთმანეთთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი, რომლის მცირე მონაკვეთი მეგრის რაიონში სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის) აუცილებლად განახორციელებს.

ეს განცხადებები, აგრეთვე ის სწრაფი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციები, რომელთა მოწმე სამხრეთი კავკასია ბოლო წლებში გახდა, აჩვენებს, თუ რატომ არის ახალი ომი თითქმის გარდაუვალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ანალიტიკოსების საერთო აზრით, კავკასიაში ყოველი მცირე დაპირისპირებაც კი შეიძლება სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდოს – ამ რეგიონში უამრავი „გაყინული“ და „მთვლემარე“ კონფლიქტი არსებობს. მით უმეტეს, რომ კავკასიაში თავიანთი გავლენის განმტკიცებას ცდილობენ როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული სახელმწიფოები და ისინიც, რომლებიც შავ და კასპიის ზღვებს შორის მოქცეული ტერიტორიიდან შორს მდებარეობენ.

სამხრეთ კავკასიის წარსულიდან: ომები და ზავები

საკმარისია უბრალოდ თვალი გადავავლოთ რეგიონის ისტორიას, რომ სიტუაციის სირთულე გავაცნობიერთ. კავკასიური ეთნიკური და რელიგიური სიჭრელე იმ ფაქტორებს წარმოადგენენ, რომლებსაც, გარკვეული დროის დადგომისას,  შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში დენთის კასრთან მიტანილი პატრუქის როლი შეასრულონ.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარ ომებში თითქმის 40 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონამდე მცხოვრები იძულებითი მიგრანტი გახდა. კავკასიაში ერთმანეთში არიან შერეულნი ისეთი კულტურები და ხალხები, რომლებიც 50 ენაზე ლაპარაკობენ და სამ აბრაამისეულ რელიგიას (იუდაიზმს, ქრისტიანობას და ისლამს) მისდევენ. ეს ხალხები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ გვერდი-გვერდ, მათ ურთიერთობაში ერთმანეთს ცვლიდნენ ომები და ზავები, შფოთიანობა და მშვიდობა, მაგრამ განსაკუთრებით სისხლისმღვრელი გახდა მეოცე საუკუნის მიწურული, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა.

ერევანი სომხეთის დედაქალაქია, სადაც ამჟამად მხოლოდ სომეხი ქრისტიანები ცხოვრობენ. მე-19 საუკუნეში კი ერევნის მოსახლეობის უმეტესობას აზერბაიჯანელები („თათრები“) შეადგენდნენ. ბაქოში, აზერბაიჯანის დრევანდელ დედაქალაქში, მე-20 საუკუნის დასაწყისში მოსახლეობის ნახევარი ეროვნებით რუსი იყო, სომხები კი – მესამედი. თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, იმ დროისთვის ბევრი სომეხი ცხოვრობდა, მოსახლეობის თითქმის 40%. დღეს აზერბაიჯანელები ირანის მოსახლეობის 18%-ს შეადგენენ – ისინი სისტემატიურ რეპრესიებს განიცდიან თეირანისაგან, რაც აზერბაიჯანისა და ირანს შორის დაძაბულობას ქმნის – 2023 წელს ორ მეზობელს შორის მცირე ხნით ურთიერთობაც კი გაწყდა.

მთიანი „შავი ბაღის“ კრიზისი

თვით დასახელება „მთიანი ყარაბაღი“ (ანუ მთიანი შავი ბაღი) კარგად მიანიშნებს იმას, რომ ამ რეგიონს რთული ისტორია აქვს. აქ, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხრეთში, ერთმანეთს ცვლიან ნაყოფიერი და თბილი დაბლობ-ვაკეები და ცივი მაღალი მწვერვალები. გვიანი შუა საუკუნეებიდან დაწყებული, ყარაბაღი ერთგვარი ავტონომიით სარგებლობდა: მას მართავდნენ სომხური და აზერბაიჯანული დინასტიები, რომლებიც, თავის მხრივ, ემორჩილებოდნენ ჯერ სპარსეთის შაჰებს, შემდეგ კი რუსეთის იმპერატორებს. მიუხედვად იმისა, რომ 1921 წლისათვის ყარაბაღის მოსახლეობის უმრავლესობას სომხები შეადგენდნენ, საბჭოთა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ეს რეგიონი აზერბაიჯანის სსრ-ს მიაკუთვნა.

დღეს სამხრეთ კავკასიაში, სამხედრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს აზერბაიჯანი წარმოადგენს, რომელსაც აქვს ნავთობი და სხვა მნიშვნელოვანი მინერალური რესურსები. ილჰამ ალიევის რეჟიმს, რომელიც აზერბაიჯანს „რკინის ხელით“ მართავს, უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო კავშირები აქვს როგორც თურქეთთან, ასევე ისრაელთან და აშშ-სთან. ბაქომ მოახერხა და ფართო სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა ევროკავშირთანაც.

„მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი

ბოლო მოვლენები აჩვენებს, რომ აზერბაიანი თავის ეკონომიკურ ინტერესებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე სომხეთის გეოგრაფიულ ამბიციებს და აზერბაიჯანელების მდგომარეობას ირანში.

„მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, რომელიც სომხეთის ხელისუფლების მიერ არის შემუშავებული, უკვე რამდენიმე თვეა რეგიონის სახელმწიფოების ლიდერებს მაგიდაზე უდევთ და „მწვანე შუქს“ ელოდება საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობის აღსადგენად.

„აშკარაა, რომ ჩვენი რეგიონი – სამხრეთი კავკასია – მშვიდობის დამყარებას საჭიროებს. და რას ნიშნავს მშვიდობა? ეს არის ისეთი მდგომარეობა, როცა ქვეყნები ღია საზღვრებით ცხოვრობენ, როცა ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ადამიანური ურთიერთობებით, როცა არსებობს სურვილი და გამოცდილება იმისა, რომ პრობლემები დიპლომატიური გზით და დიალოგით მოგვარდეს. აი, ასეთია ნამდვილი მშვიდობა. შესაბამისად, ეს ყველაფერი – ღია საზღვრები, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირები –  გზების გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმ ნიკოლ ფაშინიანმა  თბილისში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის წარდგენისას.

პროექტი მიმართულია გადასასვლელების გახსნისათვის როგორც სომხეთ-თურქეთის, ასევე სომხეთ-აზერბიჯანის საზღვრებზე, მასში გათვალისწინებულია სამი ახალი დამატებითი საკონტროლო-გამსვლელი პუნქტის შექმნაც სომხეთ-საქართველოს საზღვარზე. ასევე იგეგმება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა თურქეთთან, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროიდან არსებობდა და შემდეგ საბჭოთა ეპოქაშიც მოქმედებდა (გიუმრი-ყარსის რკინიგზა), ახალი გზების მშენებლობა (ირანის თავრიზიდან თბილისამდე და ბაქოდან ერევნამდე და ყარსამდე). ამით გაიოლდება ინდოეთის ოკეანის (სპარსეთის ყურის), კასპიის, შავ და ხმელთაშუა ზღვების ნავსადგურების ერთმანეთთან კავშირი.

ამ პროექტით დაინტერესებულია რეგიონის ყველა ქვეყანა, განსაკუთრებით კი თურქეთი და ირანი, რომლებიც მეზობლებთან თავიანთი პროდუქციის ექსპორტს ესწრაფვიან. პროექტის რეალიზება დამოკიდებულია მტკიცე მშვიდობის დამყარებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მშვიდობის გასაღები კი ბაქოს ხელშია: აზერბაიჯანს არა მარტო სამხედრო უპირატება აქვს, არამედ დარწმუნებულიც არის, რომ რეგიონული და უცხო სახელმწიფოები თითსაც ვერ გაანძრევენ და ერთ სიტყვასაც ვერ იტყვიან ბაქოს წინააღმდეგ, თუ აზერბაიჯანი ახალ სამხედრო ნაბიჯებს გადადგამს თავისი გაცხადებული მიზნის განსახორციელებლად.

გარდა ამისა, თურქეთი, რომელსაც აზერბაიჯანთან კულტურული და ენობრივი ახლო კავშირები აქვს, ბაქოს თანხმობის გარეშე, სომხეთთან ურთიერთობის არანაირ ნორმალიზებას არ დათანხმდება.

კრემლი: უპირატესობა აზერბაიჯანს

რუსეთის ინტერესები კი, თავის მხრივ, იცვლება: კრემლი მეტად აღარ არის მზად იმისათვის მზად, რომ აზერბაიჯანთან არსებული თავისი ურთიერთობები სომხეთთან ურთიერთობებს შეწიროს, რაზედაც ყარაბაღის ბოლო ომის შედეგები მოწმობს. აზერბაიჯანმა არამარტო უბრალოდ გაიმარჯვა, არამედ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია სრულად დაიბრუნა და აკონტროლებს. განაწყენებული სომხეთი რუსეთისაგან დისტანცირდება, მაგრამ შორს ვერ მიდის.

წყარო