1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჯო ბაიდენი ევროპელი ლიდერებისათვის, ნატოსა და უკრაინის საკითხებში, ერთგვარ დამრიგებელს წარმოადგენდა- რა ხდება დღეს?”-The New York Times
“ჯო ბაიდენი ევროპელი ლიდერებისათვის, ნატოსა და უკრაინის საკითხებში, ერთგვარ დამრიგებელს წარმოადგენდა- რა ხდება დღეს?”-The New York Times

“ჯო ბაიდენი ევროპელი ლიდერებისათვის, ნატოსა და უკრაინის საკითხებში, ერთგვარ დამრიგებელს წარმოადგენდა- რა ხდება დღეს?”-The New York Times

276
0

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ჯო ბაიდენი ევროპელი ლიდერებისათვის, ნატოსა და უკრაინის საკითხებში, ერთგვარ დამრიგებელს წარმოადგენდა. რა ხდება დღეს?“ (ავტორი – მატინა სტევის-გრიდნეფი). მასში განხილულია აშშ-სა და ევროპის სამომავლო ურთიერთდამოკიდებულების საკითხები, დემოკრატთა საარჩევნო კამპანიაში მომხდარი ცვლილებების ფონზე, რომელიც ჯო ბაიდენის კამალა ჰარისით ჩანაცვლებაში გამოიხატა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროპელი ლიდერებისათვის ჯო ბაიდენი ერთგვარ საყრდენს წარმოადგენდა. მართლაცდა, აშშ-ის პრეზიდენტმა ბოლო ათწლეულის ყველაზე უმძიმეს პერიოდში ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერები, შეიძლება ითქვას, ზურგზე მოკიდებულებივით ატარა.

როცა რუსეთმა თავისი არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანა 2022 წლის თებერვალში, ჯო ბაიდენი მათთვის ერთგვარი მოძღვრის როლის შემსრულებელი იყო, რომელმაც ისინი კიევის ირგვლივ დარაზმა და რუსეთის აგრესიაზე ერთიანი პასუხის ჩამოყალიბებაში დაეხმარა.
ჯო ბაიდენმა მოუწოდა ევროპელ კოლეგებს დაუყოვნებლივ შემოეღოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო მისმა ადმინისტრაციამ მათ საექსპერტო შეფასება მიაწოდა, თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი აშშ-ის მსგავსად. ჯო ბაიდენმა უბიძგა ევროპელ ლიდერებს იმისკენ, რომ თავდაცვის საკითხში ერთობლივად ემოქმედათ და ნატოში თავიანთი წვლილი გაეფართოებინათ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერები დაარწმუნა, რომ გაეზიარებინათ მისი რიტორიკა დემოკრატიის დაცვის აუცილებლობაზე სულ უფრო მზარდი საფრთხის ფონზე.
ევროპელი ლიდერებისათვის, რომლებიც რუსეთს მთელი კონტინენტის უსაფრთხოების მიმართ რეალურ გამოწვევად და აგრესორად თვლიან (რომელიც მუდმივად მზადაა უკრაინის შთანთქმისათვის), ჯო ბაიდენი ნამდვილი დამრიგებელი და მისაბაძი პიროვნება იყო, თუმცა თავისი მინუსებით და არასახარბიელო მოქმედებით: ევროპელებზე ჯოზეფ ბაიდენმა განსაკუთრებით ცუდი შთაბეჭდილება დატოვა დონალდ ტრამპთან დებატების დროს.
შესაბამისად, ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ, რომ იგი მეორე ვადით არჩევნებისთვის ბრძოლაზე უარს ამბობს, ევროპელმა ლიდერებმა, ალბათ, მეტ-ნაკლებად შვებით ამოისუნთქეს: იქნებ დემოკრატიული პარტიამ ისეთი კანდიდატი წამოაყენოს, რომელიც რესპუბლიკურ ტანდემს (დონალდ ტრამპის და ჯეიმს ვენსის სახით) დაამარცხებს და არ დაუშვებს მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემის მსხვრევას და აშშ-ის უარს ევროპის დაცვაში ტრადიციული როლის შესრულებაზე.
მაგრამ მათ ისიც იციან, რომ ჯო ბაიდენი ერთ-ერთი „უკანასკნელი მოჰიკანიც“ იყო – ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც – როგორც საგარეო პოლიტიკურ წრეებში ამბობენ ხოლმე – – ატლანტიზმისა და ტრანსატლანტიზმის იდეების მტკიცე ერთგულებას ამჟღავნებდა. იგი დარწმუნებულია, რომ ატლანტის ოკეანის ორივე ნაპირი – აშშ და ევროპა – ერთმანეთთან ღრმა და განუწყვეტელ კავშირში არიან.
„ევროპაში არსებობს მტკიცე გაგება იმისა, რომ ჯო ბაიდენი მტკიცე და ტრადიციული ტიპის ატლანტისტების უკანასკნელი წარმომადგენელია (ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1970-იანი წლებიდან) და რომ აშშ-ის პოლიტიკაში ასეთი ტიპაჟი სულ უფრო იშვიათად გვხვდება“, – ამბობს კამილ გრანდი, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე, ამჟამად კი საერთაშორისო საქმეთა ევროპული საბჭოს თავდაცვითი ინიციატივების ხელმძღვანელი, – „ამერიკაში თაობათა ცვლა ევროპელებისთვის სრულიად გასაგებია. მათი უმრავლესობა ამ გარდაუვალობას აცნობიერებს, მაგრამ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე თავიანთი მომავალი ვერ წარმოუდგენიათ“, – დონალდ ტრამპმა და ჯეიმს დევიდ ვენსმა განაცხადეს, რომ მათ განზრახული აქვთ როგორც აშშ-სა და ნატოს ურთიერთობის, ასევე ალიანსში ამერიკის წვლილის გადასინჯვა: თუ ორივე მიაღწევენ მიზანს – გახდებიან პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ზე დაყრდნობილი ევროპული უსაფრთხოების ერა სრულიად შესაძლებელია დასრულდეს.

უფრო მეტიც – დონალდ ტრამპმა ისიც რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურს სწრაფად დაამთავროს რუსეთ-უკრაინის ომი, რომელსაც, დიდი ალბათობით, რუსეთისადმი უკრაინის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის გადაცემა მოჰყვება.

ამრიგად, ევროპა ძალიან რთული დილემის წინაშე დგება: მას შეუძლია შეასრულოს დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული პირობები სამშვიდობო შეთანხმების დადების მიზნით და უარი თქვას უკრაინისადმი მხარდაჭერაზე რუსეთის წინააღმდეგ. ან შეუძლია დღევანდელი კურსი გააგრძელოს აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე და უკრაინის ომის მთელი ხარჯები საკუთარ თავზე აიღოს. თანაც არავინ არაფერი არ იცის, ეყოფა თუ არა ევროპას ნება და რესურსები კიევის დასახმარებლად.
უკრაინელები შეშფოთებით უმზერენ უკვე მომხდარ და მიმდინარე მოვლენებს. „ბოლო წლის განმავლობაში, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ვაშინგტონის პოლიტიკა უკრაინის მიმართ შესამჩნევად შეიცვალა და კიევის მთავარ ევროპელ მეგობრებს იმედები გაუცრუა“, – ამბობს კამილ გრანდი და იქვე აღნიშნავს: „ევროპის მიმართ აშშ-ის ვალდებულების გასაუქმებლად ნიადაგი გარკვეულწილად უკვე მომზადებულია“.
„პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ძალიან ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა ნატოში უკრაინის გაწევრიანების თვალსაზრისით. იგი ამითაც აღიზიანებდა ალიანსის ევროპელ წევრებს – კიევის მთავარ მეგობრებს (ვარშავას, რიგას, ვილნიუსს, ტალინს და სხვებს) გავიხსენოთ: უკრაინისათვის გარკვეული ტიპის ამერიკული შეიარაღება რომ მიწოდებულიყო, ევროპას დიდი ძალისხმევა დაჭირდა და ევროპელები ხშირად ინიციატივას საკუთარ თავზე იღებდნენ“, – ამბობს კამილ გრანდი.

ალექსანდრე კრაევი, რომელიც კიევის კვლევითი ჯგუფის „უკრაინული პრიზმის“ ჩრდილოამერიკული პროგრამის ხელმძღვანელია, თვლის, რომ აშშ-ი საპრეზიდენტო რბოლის პერიპეტიები ქვეყანას „პოლიტიკური ბრძოლის გაჭიანურებულ პერიოდს უმზადებს, რომელიც მომავალ პრეზიდენტს, ალბათ აიძულებს, რომ თუნდაც ის დემოკრატი იყოს, ყურადღების კონცენტრირება საშინაო პრობლემებზე მოახდინოს და საგარეო პოლიტიკა (ანუ უკრაინის პრობლემატიკაც) უკანა პლანზე გადაიტანოს“.
„ამერიკა საკუთარი პრობლემების გადაწყვეტით იქნება დაკავებული“, – დარწმუნებულია ალექსანდრე კრაევი.
მაგრამ, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შიშით, უიმედო რეიტინგის მქონე ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას საარჩევნო რბოლიდან გასვლის თაობაზე და მის ნაცვლად კამალა ჰარისის წამოყენებას ევროპელები შვებით შეხვდნენ.

„ისეთ ეტაპზე, როცა ევროპელთა უმრავლესობა შეშფოთებულია დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვებით, კამალა ჰარისის კანდიდატურა ევროპამ დადებითად მიიღო – იქნებ მან მაინც შეძლოს დემოკრატების ტრადიციული წარმატებების აღდგენა და მათი შანსების ამაღლება არჩევნებში. გარდა ამისამ კამალა ჰარისის საგარეო პოლიტიკურ გუნდში სწორედაც ატლანტისტები ჭარბობენ“, – ამბობს იან ლესერი, ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი, ამჟამად კი გერმანული მარშალის ფონდის ბრიუსელის ფილიალის ხელმძღვანელი.
„ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ევროპული ქვეყნების ლიდერები ვაშინგტონისაგან განსაზღვრულ და პროგნოზირებად ნაბიჯებს ელოდებიან ვაჭრობისა და თავდაცვის საკითხებში, – აღნიშნავს იან ლესერი, – მხოლოდ ამგვარი გადაწყვეტილებების შემდეგ დაიჯერებს ბრიუსელი, რომ აშშ მემკვიდრეობითობას გააგრძელებს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო