“როგორ მართავს ჯო ბაიდენი აშშ-ის ორ ყველაზე რთულ მოკავშირეს – უკრაინას და ისრაელს” -The New York Times
ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) 5 მაისის ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით: „როგორ მართავს ჯო ბაიდენი აშშ-ის ორ ყველაზე რთულ მოკავშირეს – უკრაინას და ისრაელს“ (ავტორი – დევიდ სანგერი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკმაოდ კარგად აჩვენა თავისი მძიმე მდგომარეობა ორი მიმართულებით: როგორი ძნელია სწორი მიდგომის პოვნა ამერიკის ურთულეს მოკავშირეებთან – უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რომელთა ქვეყნებს, როგორც ჯო ბაიდენმა დაიფიცა, „იმდენხანს დაიცავდა, რამდენ ხანსაც საჭირო იქნებოდა“.
იმ კონფლიქტებს, რომლებშიც ვოლოდიმირ ზელენსკი და ბენიამინ ნეთანიაჰუ არიან ჩაბმულნი, საერთო მხოლოდ ის აქვთ, რომ ისინი ხალხებს შორის ურთიერთწყენის საფუძველზე გაჩნდნენ და მათ ფესვები წარსულში აქვთ გადგმული. სამწუხაროდ, ისე დაემთხვა, რომ ორივე დღეს კრიტიკულ გადამწყვეტ მომენტამდე მივიდნენ. ამასთან, აშკარა გახდა, თუ რამდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან სამი ქვეყნის ინტერესები (აშშ, უკრაინა, ისრაელი), არაფერი რომ არ ვთქვათ მათ ლიდერებზე, რომელთა ხელისუფლება, სხვადასხვა მიზეზების გამო, გარკვეულწილად შესუსტებულია (აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, ისრაელში კოალიციური მთავრობა მყიფეა, უკრაინაში პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა, მაგრამ ომის გამო გაუგრძელდა).
პრობლემა იმითაც უფრო მძიმდება, რომ ვაშინგტონში არ აქვთ წარმოდგენილი ერთიანად, თუ როგორი შეიძლება იყოს მისაღები ფინალი უკრაინაში და ღაზაში. კიევი მთელი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ უკრაინამ სრულიად უნდა გაიმარჯვოს და რუსეთი უნდა დამარცხდეს, უნდა გათავისუფლდეს ყოველი მტკაველი მიწა, რომელიც კრემლს აქვს დაპყრობილი. ისრაელს კვლავ მიზნად აქვს დასახული „ჰამასის“ „ტოტალური განადგურება“ იმ გარანტიით, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრის ტრაგედია არასოდეს აღარ განმეორდება.
მაგრამ უკრაინისა და ისრაელის სურვილები არარეალისტურია: რუსეთი სანქციებმა ისე ვერ დაასუსტა, როგორსაც დასავლეთი ელოდა, კრემლი ძლიერდება. „ჰამასის“ სრული განადგურების მოწოდებები კი სამუდამო ომს ნიშნავს (ისრაელის ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ ომი ღაზას სექტორში წლის ბოლომდე გაგრძელდება და შეიძლება მომავალ წელსაც). ჯო ბაიდენი ცდილობს სიტუაცია ანტიკრიზისულად მართოს და უარესი თავიდან აიცილოს. იგი გაურბის პასუხს კითხვაზე, რით შეიძლება დასრულდეს საბოლოოდ ეს ომები.
„არც უკრაინა და არც ისრაელი ჩვენი მოკავშირეები არ არიან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე“, – ამბობს დევიდ აარონ მილერი, კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, – ჩვენ მათთან ისეთი შეთანხმებები არ გვაქვს დადებული, როგორებიც გვაქვს, მაგალითად, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან ან ფილიპინებთან… მაგრამ ჩვენ მაინც ვართ დაინტერესებული იმით, რომ ეს ომები მომდევნო ნაკლებად ძალადობრივ ეტაპზე გადავიყვანოთ და ჩამოვაყალიბოთ ხედვა, თუ როგორ უნდა იქნენ ისინი შეწყვეტილი“.
ორივე შემთხვევაში ჯო ბაიდენმა უკვე გადადგა ნაბიჯები და მსხვილი ფსონები დადო: გასულ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინას აძლევს იმის ნებას, რომ ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორია დაიბომბოს, მაგრამ შეზღუდულად, მხოლოდ ფრონტის პირა რეგიონებში. ეს პირველი მსგავსი განცხადებაა აშშ-ის პრეზიდენტისაგან 27-თვიანი რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში. ჯო ბაიდენი იძულებული გახდა რეაგირება მოეხდინა ვოლოდიმირ ზელენსკის მუდმივ თხოვნებზე, რაც ზეწოლაში გადაიზარდა.
პრეზიდენტის თანაშემწეების თქმით, ჯო ბაიდენს თავისი გადაწყვეტილება არ შეუცვლია („ბირთვული ომის პროვოცირება არ უნდა მოხდეს’), არამედ მცირე გამონაკლისი გააკეთა ესკალაციის დაუშვებლობიდან. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს გამონაკლისი შეიძლება კიდევ განმეორდეს: როგორც ენტონი ბლინკენმა თქვა კიევიდან დაბრუნების შემდეგ, ამერიკული სტრატეგია შეიძლება ბრძოლის ველზე შექმნილი სიტუაციის და მიხედვით შეიცვალოს.
ჯო ბაიდენის მრჩევლები კერძო საუბრების დროს ამბობენ, რომ აშშ-ისა და უკრაინის პრიორიტეტები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ამჟამად ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან დასაკარგავი აღარაფერი არ აქვს და სიტუაციას განუსაზღვრელად ამწვავებს, ჯო ბაიდენი კი თავს იკავებს – თეთრ სახლში მაინც ფიქრობენ, რომ ვლადიმერ პუტინი თავის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს უკრაინის ბრძოლაში გამოიყენებს და შეეცდება მსოფლიო დაარწმუნოს, რომ თუ კიევი გააგრძელებს ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას, კრემლი უკრაინას თავისი ყველაზე ძლიერი იარაღით მოაშთობს. რა თქმა უნდა, თავის მხრივ უკრაინა დარწმუნებულია, რომ ამერიკის შიშით რუსეთი ბირთვულ იარაღს ვერ გამოიყენებს და რომ ბირთვული საფრთხე გამოგონილია.
მეორე დღეს იმ გადაწყვეტილებიდან, როცა ჯო ბაიდენმა უკრაინას ამერიკული იარაღის შეზღუდული გამოყენების ნება დართო რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად, მან ასევე გადადგა ნაბიჯი ბენიამინ ნეთანიაჰუზე ზეგავლენის მოსახდენად, ვისთანაც ბოლო დროს ურთიერთობა ძალიან გაუარესდა. ჯო ბაიდენის გეგმა სამი ეტაპისაგან შედგება:
პირველი ფაზა – ცეცხლის შეწყვეტა ექვსი თვით.
ისრაელის ჯარები ღაზას დასახლებული პუნქტებიდან გადიან. „ჰამასი“ ათავისუფლებს ებრაელ მძევლებს ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ. პალესტინელი დევნილები ღაზას სექტორში თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს უბრუნდებიან. ფართოვდება ჰუმანიტარული დახმარება. მსოფლიო პალესტინელ დევნილებს ათასობით დროებით საცხოვრებელ კომპაქტურ ბინას აწვდის. გრძელდება მოლაპარაკება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის. წარმატებების შემთხვევაში მხარეები მეორე ეტაპზე გადადიან.
მეორე ფაზა – ხდება ყველა დარჩენილი ებრაელი მძევლის, აგრეთვე ტყვე სამხედრო მოსამსახურეების (განსაკუთრებით ქალების) გათავისუფლება. ისრაელის ჯარების სრულად გადიან ღაზას სექტორის ტერიტორიიდან. ცეცხლის ექვსთვიანი შეწყვეტა თანდათანობით გადადის სამხედრო მოქმედების შეწყვეტაში.
მესამე ფაზა – დაღუპული ებრაელი მძევლების ნეშთების დაბრუნება. ღაზა სექტორის რეკონსტრუქციის რეალიზების დაწყება აშშ-სა და მსოფლიო საზოგადოების მონაწილეობით.
ჯო ბაიდენმა იცის, რომ თუ ისრაელის სამშვიდობო გეგმა არ გაამართლებს, მას თავის პარტიაში პრობლემები შეექმნება, რაც არასასურველია პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. მაგრამ რადგანაც ჯო ბაიდენი ისრაელის მტკიცე მოკავშირეა ბოლო 50 წლის განმავლობაში, მას ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ საქმე აუცილებლად ექნება გოლდა მეირის მსგავს პიროვნებასთან.
პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ მას არ შეუძლია დაემუქროს ისრაელის დღევანდელ მთავრობას, მაგრამ არც მისი მიტოვების უფლება არ აქვს.
მოამზადა სიმონ კილაძემ