იქნება თუ არა რუსეთთან ომი? – The American Conservative
ამერიკული ჟურნალი The American Conservative თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით – „იქნება თუ არა რუსეთთან ომი?“, რომლის ავტორია პატრიკ ბიუკენენი, აშშ-ის სამი პრეზიდენტის – რიჩარდ ნიქსონის, ჯერალდ ფორდისა და რონალდ რეიგანის ყოფილი უფროსი მრჩეველი. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით.
„ნატოს მადრიდის სამიტზე ალიანსში, [შვედეთთან ერთად], ფინეთიც მიიწვიეს.
რას ნიშნავს ეს ჰელსინკისათვის?
თუ ვლადიმერ პუტინი დაარღვევს 1500 კილომეტრიან რუსეთ-ფინეთის საზღვარს, აშშ ფინეთს გვერდით დაუდგება და რუსეთს შეებრძოლება.
რას ნიშნავს აშშ-თვის ფინეთის ნატოში გაწევრიანება?
თუ ვლადიმერ პუტინი ფინეთს თავს დაესხმება, ამერიკას მოუწევს ომი გამოუცხადოს მსოფლიოში უდიდეს სახელმწიფოს, რომლის სამხედრო არსენალში 4,5 ათასიდან 6 ათასამდე ტაქტიკური და სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული რაკეტებია.
ცივი ომის დროინდელ აშშ-ის არცერთ პრეზიდენტს არ მოუვიდოდა თავში აზრად ასეთი ვალდებულების აღება – გარისკოს საკუთარი ქვეყნის არსებობით სადღაც შორს, ათასობით კმ-ზე მდებარე სახელმწიფოს ტერიტორიის გამო, რომელსაც აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესებისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
საბჭოთა კავშირისათვის ომის გამოცხადება ფინეთის დასაცავად – ასეთ ნაბიჯს ცივი ომის ეპოქაში გიჟობად ჩათვლიდნენ.
გავიხსენოთ:
ჰარი ტრუმენმა უარი განაცხადა ძალის გამოყენებაზე დასავლეთ ბერლინის სტალინური ბლოკადის გარღვევის მიზნით.
დუაიტ ეიზენჰაუერს არ დაიწყია ამერიკის ჯარების გადასროლა თავისუფლებისათვის მებრძოლი უნგრელების დასაცავად, რომლებიც 1956 წელს ბუდაპეშტში საბჭოთა ტანკების ქვეშ იღუპებოდნენ.
ლინდონ ჯონსონს არაფერი გაუკეთებია ჩეხი პატრიოტების დასაცავად, რომლებიც 1968 წელს ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარებმა დახოცეს.
რონალდ რეიგანმა, როცა პოლონეთში, მოსკოვის განკარგულებით, 1981 წელს, ლეხ ვალენსას მოძრაობა „სოლიდარნოსტი“ გაანადგურეს, გაბედული განცხადებები გააკეთა, მაგრამ პოლონელებს… ასლგადამღები აპარატურა გაუგზავნა.
ცივი ომის წლებში აშშ ყოველწლიურად იღებდა დეკლარაციებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის „დამონებული ხალხების“ მხარდასაჭერად. მაგრამ ვაშინგტონი ამ ქვეყნების გათავისუფლებას საბჭოური ჩაგვრისაგან არასოდეს არ განიხილავდა კრიტიკულად მნიშვნელოვან მიზნად, რისთვისაც საბჭოთა კავშირისათვის ომის გამოცხადება ღირდა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1949 წელს 12 სახელმწიფოს მიერ ნატოს შექმნიდან 40 წლის განმავლობაში ალიანსის დამატებით წევრებად მხოლოდ 4 ქვეყანა იქნა მიღებული: საბერძნეთი, თურქეთი, ესპანეთი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. დღეს კი მას შემდეგ, რაც მეხუთე მუხლის გარანტიებს 31-ე და 32-ე წევრები – ფინეთი და შვედეთი მიიღებენ, ნატო წევრთა რაოდენობა ორჯერ გაფართოვდება. და ეს მხოლოდ იმ მომენტიდან, რაც ცივი ომი დასრულდა.
ყველა სახელმწიფო, რომლებიც კი ოდესღაც ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედიოდნენ, – გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი – ახლა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შედიან, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს და რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული.
სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა – ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა – ისინიც ნატოს წევრები არიან.
ლიეტუვამ, რომლის მოსახლეობა რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, ამას წინათ ნაწილობრივი ბლოკადა გამოუცხადა რუსულ ტვირთებს, რომლებიც მისი ტერიტორიის გავლით, ტრანზიტით იგზავნება კალინინგრადში. როცა მოსკოვმა უკმაყოფილება გამოხატა, ლიეტუვამ ამაყად გაახსენა, რომ მის უკან ნატო დგას.
გეოპოლიტიკური სიბრძნე გვასწავლის, რომ დიდმა ქვეყნებმა ნება არ უნდა მისცეს პატარა ქვეყნებს, რომ მათ ისინი დიდ ომებში ჩაითრიონ.
1914 წელს კაიზერის გერმანიამ ავსტრიას „კარტ-ბლანში“ მისცა იმისათვის, რომ სერბეთი დაესაჯა ერც-ჰერცოგ ფრანც ფერდინანდის – ავსტრიის ტახტის მემკვიდრის მკვლელობისათვის. ვენამ ისარგებლა და პირველი მსოფლიო ომის დაიწყო.
1939 წლის მარტში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ნევილ ჩემბერლენმა პოლონეთს სამხედრო გარანტიები მისცა: თუ გერმანია მას თავს დაესხმებოდა, დიდი ბრიტანეთი პოლონეთის მხარეს იომებდა. ამ დაპირებამ პოლონელები დააიმედა და მათ უარყვეს ადოლფ ჰიტლერის მოთხოვნა – მოლაპარაკება დაეწყოთ ქალაქ დანციგის (გდანსკის) სტატუსზე, რომელიც გერმანიას 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციის დადგენილებით დაატოვებინეს და პოლონეთს მისცეს. 1939 წლის პირველ სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, დიდმა ბრიტანეთმა კი გერმანიას ომი გამოუცხადა. დაიწყო ექვსწლიანი მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც დიდი ბრიტანეთი ძალიან დააზარალა.
პოლონეთი ბედი კი… 1945 წელს იალტის კონფერენციაზე გადაწყდა, როცა უინსტონ ჩერჩილი დათანხმდა საბჭოთა ჯარების მიერ დაკავებული ქვეყანა იოსებ სტალინის ხელისუფლების ქვეშ დარჩენილიყო.
ვლადიმერ პუტინი – რუსი ნაციონალისტია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდეს უბედურებად თვლის. მაგრამ მხოლოდ ის არ არის პასუხისმგებელი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კოშმარულ ურთიერთობაზე.
ჩვენ, ამერიკელებმა შევასრულეთ წამყვანი როლი იმ პროცესში, რომელიც ახლა მეორე ცივი ომის ფორმას იღებს – უფრო სახიფათოსი, ვიდრე პირველი იყო.
ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, როცა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია დაიშალა, ხოლო საბჭოთა კავშირი – 15 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ჩვენ ნატოში, რომელიც სსრკ-ის (ჩათვალე – რუსეთის) შესაკავებლად იყო შექმნილი, მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა „შევტენეთ“.
2008 წელს ნეოკონსერვატორებმა საქართველოს [სეპარატისტულ] „სამხრეთ ოსეთზე“ შეტევისაკენ უბიძგეს, რამაც ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის შეჭრა და ქართული არმიის მარცხი გამოიწვია.
2014 წელს ნეოკონსერვატორებმა უკრაინელები კანონიერად არჩეული, თუმცა პრორუსული რეჟიმის დამხობისაკენ უბიძგეს. როცა ეს მოხდა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ყირიმი წაართვა სევასტოპოლითურთ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარ სამხედრო ბაზას წარმოადგენდა.
2022 წელს მოსკოვმა ამერიკას სთხოვა, რომ უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გარანტორი ყოფილიყო და კიევი ნატოში არ მიეწვია. ჩვენ კრემლს უარი ვუთხარით. ვლადიმერ პუტინმა ომი დაიწყო. თუ რუსები თვლიან, რომ დასავლეთმა მათი ქვეყანა „კედელთან მიაყენა“, განა ჩვენ რაიმეში შეგვიძლია მათი დადანაშაულება?
როგორც ჩანს, ამერიკელები აბუჩად იგდებენ მოსკოვის მკაცრ გაფრთხილებებს, რომ მოსკოვი უმალ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ვიდრე უკრაინასთან ომში მარცხს აღიარებს – რუსები არ შეურიგდებიან თავიანთი ქვეყნის დამცირებას, ალყაში მოქცევას და იზოლაციას.
განა ბრძნული მოქმედებაა ის, როცა ასეთ გაფრთხილებებს ყურადღებას არ მიქცევს და „იარაღის ჟღარუნად“ ჩათვლი?