1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „წყალში გადაყრილი ფული?“ – The Independent
„წყალში გადაყრილი ფული?“ – The Independent

„წყალში გადაყრილი ფული?“ – The Independent

214
0

ბრიტანული გაზეთი „ინდეფენდენთი“ (The Independent) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ყოველწლიურად რომში მდებარე ტრევის შადრევანში მილიონობით ევრო იყრება. რას ხმარდება „წყალში გადაყრილი ფული?“ (ავტორი – გულელმო მანჯაპანე, კორესპონდენტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ასეული წლების განმავლობაში, როცა რომში, ტრევის შადრევანთან მნახველები მიდიან, ლეგენდარული რიტუალის თანახმად, სურვილის ასრულების მიზნით, წყალში ფულს ყრიან.

მაგრამ ამ დროს ცოტა თუ ვინმე დაფიქრებულა იმაზე, თუ რამდენი გროვდება „წყალში გადაყრილი ფული“.
რამდენადაც მონეტები მნახველთა სურვილებს გამოხატავენ სიყვარულზე, ჯანმრთელობაზე ან მარადიულ ქალაქში ისევ დაბრუნებაზე, ისინი თავიანთი ნატვრით პრაქტიკულ დახმარებას უწევენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრებაში, ალბათ, არასოდეს არ შეხვდებიან.

რასაკვირველია, დროდადრო შადრევნის აუზის მონეტებისგან გაწმენდა ხდება და სანამ ფულს მსოფლიო კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასის“ (Caritas) რომის განყოფილებას ჩააბარებდნენ, მანამ მათ კარგად რეცხავენ და აშრობენ, შემდეგ თვლიან, ვედროებს ავსებენ და მიაქვთ. „კარიტასი“ ამ ხურდა ფულს იყენებს სურსათის შესასყიდად, უფასო სასადილოებისა და სხვადასხვა სოციალური პროექტების დასაფინანსებლად.

2023 წელს „კარიტასმა“ შადრევნის აუზიდან 1,4 მილიონი ევრო (ანუ 1,52 მილიონი დოლარი) შეკრიბა და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს კიდევ უფრო მეტს შეკრებს: რომს ხომ მნახველთა რაოდენობით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია – გასულ წელს იტალიის დედაქალაქი 21 მილიონმა ტურისტმა მოინახულა.

მონეტების ამოღება საკმაოდ მიმზიდველ სანახაობას წარმოადგენს – როცა ქალაქის კომუნალური სამსახურის თანამშრომლები, ბაროკოს სტილით აგებული შადრევანში წყალს წყვეტენ, აუზში ჩადიან და გრძელტარიანი ცოცხებით ფულის შეგროვებას იწყებენ.

შადრევანთან გაკეთებულია წარწერა, რომ ფული ქველმოქმედებაზე დაიხარჯება, რაც ტურისტებისათვის ძალზე სასიამოვნოა. ისინი ამ ღირსშესანიშნაობასთან პოზირებენ და ფოტოსურათებს იღებენ.

„მე ისეთი სურვილი ჩავიფიქრე, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია“, – ამბობს იულა კოული ბრაზილიიდან, როცა მონეტა გადააგდო, – „ჩემთვის ისიც სასიამოვნოა, რომ ეს მონეტა იქ არ დარჩება და გაჭირვებულ ადამიანებს მოხმარდება, მათი სურვილის შესრულებაში დაიხარჯება“.

დღისით და ღამით ადამიანთა ჯგუფები შადრევნის ირგვლივ იკრიბებიან. ლეგენდის თანახმად, თუ თქვენ აუზისაკენ ზურგით დადგებით და მონეტას მარჯვენა ხელით შადრევანში მარცხენა მხარზე გადაიგდებთ, რომში აუცილებლად დაბრუნებით. ტურისტები წყალში გადაყრის მონეტებს საკუთარ სურვილებსაც თან ატანენ.

„მე მონეტის გადაგდებისას სურვილი ჩავითქვი, რომ ჩემს სიყვარულს ვიპოვი და, რა თქმა უნდა, ისევ აქ დავბრუნდები“, – ამბობს ქეროლი ჩილედან.

ტრევის შადრევანი 1762 წელს არის აშენებული და რომის ცენტრს – პალაცო პოლის – ამშვენებს ტრიტონების ქანდაკებით, რომლებიც წყლის ღმერთის ოკეანიუსის ეტლში არიან შებმულნი, რაც წყლის „მოთვინიერების“ თემის ილუსტრირებას წარმოადგენს.

სწორედ აქ გადაიღო 1960 წელს იტალიელმა კინორეჟისორმა ფედერიკო ფელინიმ თავისი ცნობილი ფილმი „ტკბილი ცხოვრება“, სადაც მსახიობი ანიტა ექსბერგი შუაღამისას შედის შადრევანში და თან მარჩელო მასტროიანს იწვევს. ალბათ, ბევრს აქვს ნანახი კიდევ ერთი ფილმი „რომაული არდადეგები“, რომელშიც ტრევის შადრევანია ასახული.

დღეს შადრევანში შესვლა აკრძალულია და თუ ტურისტი წესს დაარღვევს, მას ჯარიმის გადახდა ემუქრება.

ფრანჩესკო პრისკოს, კომუნალური სამსახურის მენეჯერის თქმით, ფულს კვირაში ორჯერ ოთხი მუშა აგროვებს. თვეში ორჯერ შადრევანში წყალი იკეტება, ჩაყრილ მონეტებს აგროვებენ და აუზს ასუფთავებენ. „მონეტების შეგროვებისა და შადრევნის დასუფთავების ოპერაცია რაც შეიძლება სწრაფად ხორციელდება. ვცდილობთ, რომ მისი გაჩერება ხანმოკლე იყოს“, – განმარტავს მენეჯერი.

შადრევნის აუზიდან არამარტო მონეტები ამოაქვთ: არცთუ იშვიათად პოულობენ იუველურ სამკაულებს, მედლებს და თქვენ წარმოიდგინეთ, კბილის პროთეზებსა და კიდევ სხვა ნივთებს. მართალია, შადრევანთან არის წარწერა, რომ მონეტები არ მოიპარონ, მაგრამ ქურდობის მცდელობა ათეულობით წლებია გრძელდება – ზოგიერთები მაგნიტის გამოყენებით მონეტების შეგროვებას ცდილობენ.

რომის რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს „კარიტასის“ სუპერმარკეტი სახელწოდებით „ემპორიუმი“, სადაც გაჭირვებულ ადამიანებს სურსათი ურიგდებათ შესაბამისი ბარათების ან ჟეტონების წარდგენის შემდეგ.

„მე მჭედელი ვიყავი, მაგრამ შემდეგ სამუშაო დავკარგე, ხშირად ავად ვარ და ამიტომ სამსახურს ვერ ვპოულობ. საბედნიეროდ, არსებობს ასეთი ადგილები, როგორიც ეს სავაჭრო ცენტრია“, – მეუბნება დომენიკო.

„ემპორიუმის“ კიდევ ერთი მომხმარებელი, სახელად ლუიჯი, აღნიშნავს, რომ იგი მშენებელი იყო, მაგრამ შემდეგ უმუშევარი გახდა. მისი თქმით, „კარგია, რომ ასეთ სავაჭრო ცენტრებში გაჭირვებულებს კონკრეტულ დახმარებას უწევენ“.

ვბრუნდები შადრევანთან, სადაც ტურისტები ფულს ყრიან. „მე მითხრეს, რომ თუ ორ მონეტას გადავაგდებ, ჩემი ორი სურვილი ასრულდება. აი, სწორედ ამიტომაც ორი მონეტა გადავაგდე“, – მეუბნება ჩინელი ტურისტი იუ ტანი.

წყარო