1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თინა ხიდაშელის ორგანიზაცია ტაივანიდანაც იღებს დაფინანსებას, დიახ, ტაივანი არის დემოკრატიის კუნძული ჩინეთში, ამას მთელი მსოფლიო უყურებს – დავით უსუფაშვილი
თინა ხიდაშელის ორგანიზაცია ტაივანიდანაც იღებს დაფინანსებას, დიახ, ტაივანი არის დემოკრატიის კუნძული ჩინეთში, ამას მთელი მსოფლიო უყურებს – დავით უსუფაშვილი

თინა ხიდაშელის ორგანიზაცია ტაივანიდანაც იღებს დაფინანსებას, დიახ, ტაივანი არის დემოკრატიის კუნძული ჩინეთში, ამას მთელი მსოფლიო უყურებს – დავით უსუფაშვილი

135
0

„ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, თინა ხიდაშელის ორგანიზაცია დაფინანსებას იღებს აშშ-დან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, შვეიცარიიდან და ტაივანიდან.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, თინა ხიდაშელი შვიდი წელია, რაც „სამოქალაქო იდეასთან“ ერთად აქტიურობს და ძალიან ბევრი ნამუშევარი აქვს იმ თემაზე, რაც ახლა ხელისუფლებისთვის ძალიან მწვავეა.

„ეს ორგანიზაცია ყოველ წელს ანგარიშებს დებს იმის თაობაზე, რომ ეჭვია თაღლითობის, კორუფციის და საქმე უხარისხოდ კეთდება. ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კი, ეს ასეა და ამ ორგანიზაციას ხელშეკრულება შეუწყვიტეს. ახლა დაიწყო იმ წყაროების დისკრედიტაციის მცდელობა, ვინც ამაზე შვიდი წელია, საუბრობს. ყველას ვურჩევ, ვინც მართლა დაინტერესებულია კორუფციასთან ბრძოლით, სწორედ ამ ორგანიზაციის ანგარიშებით დაინტერესდეს, სადაც ბევრ საყურადღებოს ნახავს. რაც შეეხება დაფინანსებას, ამ ორგანიზაციასთან მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა მაქვს. ორგანიზაცია დახმარებას იღებს აშშ-დან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, შვეიცარიიდან, ტაივანიდან ერთ-ერთ კონფერენციაზე ტაივანელი მონაწილეების მგზავრობა დაფინანსდა. ეს იყო გასულ ოქტომბერს, ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო. მთელი პარლამენტი მიწვეული იყო, უმრავლესობიდან იქ მისვლისთვის დრო ვერავინ გამონახა. ტაივანიდან მხოლოდ ეს დაფინანსდა, დანარჩენი, ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებიდან ფინანსდება დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა ხელისუფლების წარმომადგენლებს სერიოზული დისკომფორტი შეექმნათ და მათი სპეკულაციები არის სრულიად ამაზრზენი.

„ხელისუფლებამ ჩინეთთან სტრატეგიულ შეთანხმებას ხელი მოაწერა, სადაც საქართველოს ოკუპაციის აღნიშვნა არ გახსენებია და ვიღაცას უნდა, რომ სრულიად უსუსური არგუმენტები დააკავშიროს ერთმანეთთან. დიახ, ტაივანი არის დემოკრატიის კუნძული ჩინეთში. ამას მთელი მსოფლიო უყურებს. ორი კვირის წინ კონკურენტული არჩევნები ჩატარდა და ასეთი ევროპის დემოკრატიებში იშვიათად ტარდება იმისგან განსხვავებით, რაც პეკინში ხდება. ხელისუფლებას დიდი ხნის გამოკვეთილი ტენდენცია აქვს, რომ ავტორიტარული რეჟიმების მხარდაჭერა გამოხატოს და არა დემოკრატიული პროცესების. ტაივანი თავად ჩინეთის მიერ არის აღიარებული, როგორც სერიოზული ავტონომიის მქონე თვითმმართველი ერთეული თავისი პრეზიდენტით და პარლამენტით. ეს არის ის, რაც საქართველომ უნდა აღიაროს, დანარჩენი ქვეყნების შიდა საქმეებია. ასეთი მდარე სპეკულაციებით დროს რატომ კარგავენ? ტაივანიდან კონფერენციის დაფინანსება ოთხი თვის წინ მოხდა. „სამოქალაქო იდეა“ ჩინური კომპანიებისა და ჩინური გავლენების თემაზე შვიდი წელია, მუშაობს. როგორ შეიძლება, ერთმანეთთან დაკავშირდეს? ვინც ჩინეთის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს, ტაივანთან ურთიერთობა აკრძალული აქვს ან ტაივანში ჩასვლა ეკრძალება? ტაივანის ხსენება ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავს?“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ტაივანში ორი კვირის წინ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც დამკვირვებლებიც და გამშუქებლებიც ჰყავდა.

„ჩინური კანონის შესაბამისად, ტაივანში პროცესები მიდის, როგორც ეს ბავარიაში გერმანიის ტერიტორიაზე მიდის ან სიცილიაში, იტალიის ტერიტორიაზე. ტაივანში ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც მსოფლიო პროცესებში ჩართული არიან. ტაივანი სოფელი ხომ არ გგონიათ? ჩინელებთან გვაქვს ურთიერთობა, ვიეტნამელებთან, ტაივანში მცხოვრებ ხალხთან. ტაივანში არის ორგანიზაციები, რომელთაც მსოფლიოსთან აქვთ ურთიერთობა. რაც ხდება, „ქართული ოცნების“ უსუსური პროპაგანდაა. რატომ? ცოტა ხანში ნახავთ, რადგან ვიღაცებს ანტიკორუფციული თემებიდან ძალიან სერიოზული პრობლემები უკვე შეექმნათ და მეტი შეექმნებათ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. „მისი ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, საინტერესოა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ ხედავს ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას?“