1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველომ რეკორდულად დაბალ დროში შეძლო, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ფისკალური პარამეტრების სრულად აღდგენა” – ფინანსთა მინისტრი
“საქართველომ რეკორდულად დაბალ დროში შეძლო, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ფისკალური პარამეტრების სრულად აღდგენა” – ფინანსთა მინისტრი

“საქართველომ რეკორდულად დაბალ დროში შეძლო, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ფისკალური პარამეტრების სრულად აღდგენა” – ფინანსთა მინისტრი

176
0

საქართველომ რეკორდულად დაბალ დროში შეძლო, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ფისკალური პარამეტრების სრულად აღდგენა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას აღნიშნა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში საქართველო იყო ფისკალური დისციპლინით გამორჩეული ქვეყანა და ვალი ნარჩუნდებოდა უსაფრთხო დონეზე.

„სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ პანდემიის გამოწვევისთვის გვეპასუხა შესაბამისი ფისკალური ხარჯებით და ეს ყველაფერი ისე მოვახერხეთ, რომ ხელი არ შეგვეშალა პოსტ-კრიზისული აღდგენისათვის. ჩვენ რეკორდულად დაბალ დროში შევძელით, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ფისკალური პარამეტრების სრულად აღდგენა. მთავრობის ვალის დონე, რომელიც 2020 წელს 60-პროცენტიან ნიშნულს გადასცდა, 2024 წლისთვის 38%-მდე მცირდება. ეს არის 3 წლის განმავლობაში ვალის დონის 20 პროცენტული პუნქტით შემცირება, რაც ნამდვილად იშვიათი გამონაკლისია მსოფლიოში. ჩვენ ვაჩვენეთ ფისკალური კონსოლიდაციის ის იშვიათი მაგალითი, როდესაც 2 წელიწადში სრულად აღდგა ვალი უსაფრთხო დონეზე (40%-ზე დაბალ ნიშნულზე), და ამავდროულად, ხელი არ შეგვიშლია ეკონომიკური ზრდისთვის. მეტიც, გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანა ერთგული რჩება ვალის პორტფელის დივერსიფიკაციის მიზნის.

„საშუალოვადიან პერიოდში მიზნად ვისახავთ ვალის დოლარიზაცია 65 პროცენტს ქვემოთ შევამციროთ, რაც განსაზღვრულია, ასევე, საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიის შესაბამისად. ჩვენ უკვე შევძელით ეს მაჩვენებელი 80 პროცენტიდან 72 პროცენტამდე ჩამოგვეყვანა და ამ პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ. ამავდროულად, გავაგრძელებთ ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრის განვითარებას. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გავზარდეთ გამოშვებები და გაიზარდა ბაზრის ლიკვიდურობაც. საშუალოვადიან პერიოდში ჩვენი მიზანია, საქართველოს ვალის პორტფელი მოვამზადოთ საერთაშორისო ინდექსებისათვის“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის თქმით, პოზიტიური ეკონომიკური პარამეტრების მიუხედავად, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ფისკალური კონსოლიდაცია იმისათვის, რომ ერთი მხრივ მთავრობის ვალი შევინარჩუნოთ უსაფრთხო დონეზე და ამავდროულად, შესაძლებელი იყოს რესურსების მობილიზება მომდევნო წლებში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

მისი თქმით, 2024 წელს დეფიციტის მაჩვენებელი განსაზღვრულია მშპ-ის 2,5%-ის ოდენობით და სწორედ ამ დეფიციტის მიხედვით არის დათვლილი ნაერთი ბიუჯეტის საფინანსო რესურსი. ბიუჯეტის მთავარ წყაროს საგადასახადო შემოსავლები წარმოადგენს, თუმცა გადასახადების გარდა, 2024 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია გრანტები – 361 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები – 1 მილიარდ 920 მილიონი ლარი; პრივატიზაცია – 350 მილიონი ლარი; სესხების დაბრუნება – 270 მილიონი ლარი.

გარდა ამისა, როგორც მინისტრმა განმარტა, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მოცულობა მიმდინარე წლის გეგმურ მაჩვენებელთან შედარებით, 2 მილიარდ 532 მილიონი ლარით იზრდება და 21 მილიარდ 942 მილიონ ლარს შეადგენს.

მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საგადასახადო ადმინისტრირებაში თანამედროვე ტექნოლოგიების და მიდგომების დანერგვამ, შესაძლებელი გახადა 2020 წელთან შედარებით გაორმაგებულიყო საგადასახადო შემოსავლების მოცულობა და 11 მილიარდიდან 22 მილიარდამდე გაზრდილიყო.

აღსანიშნავია, რომ დღგ-ის დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში გრძელდება და მომდევნო წელს დაბრუნებული თანხა 2,5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საგადასახადო შემოსავლები სახეების მიხედვით შემდეგია: საშემოსავლო გადასახადი – 6 მილიარდ 885 მილიონი ლარი; მოგების გადასახადის სახით, დაგეგმილია 2 მილიარდ 583 მილიონი ლარი, სადაც ასახულია, როგორც საფინანსო სექტორის განახლებული მაჩვენებლების შესაბამისად პროგნოზირებული თანხა, ასევე, პარლამენტში ინიცირებული სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის შედეგად მისაღები დამატებითი შემოსავლებიც; დღგ-ის სახით მისაღები შემოსავლები აღემატება 9 მილიარდ 121 მილიონ ლარს; აქციზის სახით პროგნოზირებულია 2 მილიარდ 365 მილიონ ლარზე მეტი; ქონების გადასახადის პროგნოზი შეადგენს 650 მილიონ ლარს; იმპორტისა და სხვა გადასახადების სახით, ჯამურად, დაგეგმილია 337 მილიონ ლარზე მეტის მიღება.