1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კიევს ვაშინგტონის დახმარების შანსები შეიძლება შეუმცირდეს” – უცხოური პრესა
“კიევს ვაშინგტონის დახმარების შანსები შეიძლება შეუმცირდეს” – უცხოური პრესა

“კიევს ვაშინგტონის დახმარების შანსები შეიძლება შეუმცირდეს” – უცხოური პრესა

333
0

იაპონური ჟურნალი „შიუკან ჯენდაი“ (Shūkan Gendai – 週刊現代) აქვეყნებს სტატიას სათაურით „აშშ-ის არჩევნების მოახლოების ფონზე რუსეთ-უკრაინის ომი ცეცხლის შეწყვეტის სცენარს უახლოვდება: კიევს ვაშინგტონის დახმარების შანსები შეიძლება შეუმცირდეს“ (ავტორი – აკიო კავატო, საგარეო საქმეთა სამინისტროს ექს-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„უკრაინა შეავიწროებს რუსეთის არმიას თანამედროვე შეიარაღების წყალობით, რომელსაც კიევს დასავლეთი – ვაშინგტონი და ბრიუსელი აძლევს. ვლადიმერ პუტინის რეჟიმი სახელმწიფო გადატრიალებით დაემხობა“ – ეს ის მანტრებია, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ არსებობას აშშ-ში და ევროპაში, თუმცა მათ დასაბუთებულ აზრს ძნელად თუ ვუწოდებთ. ეს უფრო სასურველის სინამდვილედ წარმოჩენის მცდელობას წარმოადგენს.

სამი მიზეზი ცეცხლის შესაწყვეტად

რადგანაც უკრაინის ფრონტზე ამჟამად შექმნილი სიტუაცია რეალურად სამხედრო ჩიხში შედის, ამიტომ ორივე მხარეს უჩნდება ცეცხლის დროებითი შეწყვეტის აუცილებლობა.

ამისათვის სამი ძირითადი მიზეზი არსებობს:

პირველი – მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში არაერთგზის იქნა გაცხადებული, უკრაინის არმია კონტრშეტევას აპრილში ან მაისში დაიწყებსო, მხოლოდ ივნისის პირველ კვირაში გაჩნდა იმის ნიშნები, რომ კიევი რაღაც შეტევის მსგავსს ახორციელებს, თუმცა ცალკეული ოპერაციებით, თანაც ჯერ-ჯერობით რაიმე მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მიაღწია;

მეორე – აშშ-ში სულ უფრო ხშირად ისმის ხმები ცეცხლის შეწყვეტაზე, ხოლო ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს, სავარაუდოდ, მთლიანად უკრაინის კონფლიქტის შემდგომ უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება;

მესამე – აშშ-ში, ფაქტობრივად, უკვე დაიწყო საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია, რომლის ჩარჩოებში დემოკრატები, ალბათ, ომის ცეცხლს როგორღაც მიანავლებენ. მათ სამართლიანად ეშინიათ, რომ კიევისადმი სულ უფრო გაზრდილი დახმარების ფონზე დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებს წააგებს.

თავდაცვა თავდასხმაზე იოლია

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებისთანავე, 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის არმია ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებს. ზოგიერთი დაკავებული მიწებიდან მოსკოვმა უკან დაიხია (ხერსონი, ხარკოვის ოლქი, დონბასის ჩრდილოეთი ნაწილი) და, შესაბამისად, კიევმა გასული წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, ისინი უკან დაიბრუნა. მაგრამ სხვა ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, უკვე ქვეყნის შემადგენლობაში იურიდიულად შედიან და აქედან გამომდინარე, მოსკოვი მათ დასაცავად რესურსებს და ცოცხალ ძალას არ დაზოგავს.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, რუსეთი ამჟამად ძირითადად მხოლოდ თავდაცვაზეა გადასული და შეტევაზე ჯერ არ ფიქრობს, თუმცა ფრონტის ცალკეულ უბნებზე მცირე ლოკალურ შეტევებს მაინც ახორციელებს. როგორც ცნობილია, სამხედრო მეცნიერების თანახმად, თავდაცვა ყოველთვის უფრო შედარებით ადვილია, ვიდრე თავდასხმა. რუსები თხრიან სანგრებს, ტრანშეებს, აშენებენ ღრმად ეშელონირებულ თავდაცვის ზღუდეებს, ნაღმავენ გზებს და სხვადასხვა ობიექტებს. უკრაინის არმიას სრულიად უახლესი დასავლური ტანკებიც რომ ჰქონდეს, ასეთი მტკიცე თავდაცვის ზღუდის გარღვევა მაინც ძალიან გაუჭირდება.

რასაკვირველია, დასავლური იარაღი პანაცეა არ არის: ევროპული და ამერიკული მძიმე ტექნიკა – ტანკები და ჯავშანმანქანები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან თავიანთი საბრძოლო მონაცემებითა და დანიშნულებით. მათი უბრალო დაზიანება და მექანიზმის მოშლაც კი უკრაინელებისათვის ზარალს წარმოადგენს – კიევი იძულებული იქნება ტექნიკა გასარემონტებლად საზღვარგარეთ გაგზავნოს. გარდა ამისა, დასავლური ტანკები (რომლებიც კიევს 200 ცალი აღუთქვეს) უკრაინამ ერთად, ერთი მუშტის სახით უნდა გამოიყენოს, თორემ თუ ტანკებით კიევი დანაწილებულად ისარგებლებს, ეფექტი ისეთი არ იქნება, როგორიც საჭიროა.

დასავლეთი კრიზისში. რუსეთის სიცოცხლისუნარიანობა

დღეისათვის, ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე ძირითადად პატური სიტუაციაა შექმნილი. უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგისათვის კიევს ჯერ არ მიუღწევია. რა ხდება ამ დროს უკრაინის ეკონომიკაში? ამ საკითხის მიმართაც დასავლეთში პოპულარული მანტრები არსებობს: „რაო, უკრაინაში სტაგნაცია არისო? არავითარ შემთხვევაში; რუსეთმა თითქმის ათასი ტანკი დაკარგა, ვერც ჭურვებს და ვერც რაკეტებს ვეღარ უშვებს საჭირო რაოდენობით; რუსი ახალგაზრდობა საზღვარგარეთ გარბის, ამიტომ კრემლს ცოცხალი ძალის რესურსები ფაქტობრივად აღარ აქვს“. ასეთი მსჯელობები ჩვენთანაც, იაპონიაში, ყველგან ისმის.

მაგრამ საინტერესო, იცით, რა არის? მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი რუსეთზე უკეთეს ტექნოლოგიებს და უფრო ძლიერ საწარმოო სიმძლავრეებს ფლობს, მაგრამ მაინც არ შეუძლია მოსკოვს კონკურენცია გაუწიოს სამხედრო რეზერვების შევსების საკითხში. ამ მხრივ დასავლეთის „ჩამორჩენილობა“ იმით არის განპირობებული, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-მა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა მკვეთრად შეამცირეს თავდაცვითი მრეწველობის დაფინანსება. შედეგმაც არ დააყოვნა…

ვინმემ თუ შეამჩნია ის ფაქტი, რომ უკრაინის არმიაში ახალგაზრდების წილი უფრო ნაკლებია, ვიდრე უფროსი ასაკის მქონე მამაკაცებისა. რა თქმა უნდა, არც რუსეთში არ არიან მობილიზაციით გახარებულები, ბევრმა არმიაში გაწვევას საზღვარგარეთ გაქცევა ამჯობინა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდა – დაკანონდა მაღალანაზღაურებადი კონტრაქტები, მაღალი ხელფასები, შემოღებული იქნა მნიშვნელოვანი სოციალური შეღავათები ჯარისკაცთა ოჯახებისათვის…

დასავლეთში ბევრი თვლის, რომ რუსეთის ეკონომიკა ეს-ესაა დაინგრევა, რადგან ევროპამ რუსულ ნავთობზე და გაზზე უარი თქვა და ენერგომატარებლებზე ფასები მცირდებაო. არ დავმალავ, რომ ადრე მეც ასე მეგონა, სტატიებიც კი დავწერე, მაგრამ თურმე ვცდებოდი. როგორც აღმოჩნდა, რუსეთში ვალუტის შედინება (ჩინური იუანების ჩათვლით) არ შეჩერებულა. მოსკოვი დღესაც აქტიურად ვაჭრობს ენერგორესურსებით ინდოეთთან და ჩინეთთან და მიუხედავად იმისა, რომ მათ შედარებით იაფად აძლევს, მაინც კარგ შემოსავალს იღებს. დიაც, რუსეთი უცხოური მაღალი ტექნოლოგიების გარკვეულ დეფიციტს განიცდის, აკლია სამხედრო ტექნიკისათვის აუცილებელი დასავლური ნახევარგამტარები, მაგრამ ბოლო დროს მათი ჩანაცვლება საკუთარი და ჩინური პროდუქციით ხდება…

სახელმწიფო გადატრიალება გამორიცხულია

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ზოგიერთები სერიოზულად ფიქრობენ – ვლადიმერ პუტინის დამხობა სახელმწიფო გადატრიალებით შეიძლებაო, ასეთი რამ საეჭვოა რომ მოხდეს. დიახ, რუსეთის თანამედროვე ისტორიაში იყო მსგავსი მაგალითი, როცა 1991 წლის დეკემბერში ბორის ელცინმა ტრიუკი ჩაატარა – მიხეილ გორბაჩოვი თანამდებობას ჩამოაცილა, დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა და რუსეთის პრეზიდენტი გახდა, მაგრამ იმ დროს, ამჟამინდელისაგან განსხვავებით, სხვა სიტუაცია იყო. 1991 წელს სახელმწიფოში სერიოზული განხეთქილება არსებობდა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრაბახა, სმის მოყვარული, მაგრამ იმავდროულად რუსული ფეთქებადი ხასიათით გამორჩეული ბორის ელცინისაკენ იხრებოდა, ვიდრე სუსტი, მაგრამ ინტელექტუალური მიხეილ გორბაჩოვისკენ. დღეს რუსეთში ბორის ელცინის მსგავსი ადამიანები აღარ არიან.

წყარო