27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით
27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 29-30 დეკემბერს კი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმია ნავარაუდევი.
„27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.
29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში – ზვავსაშიშროება”, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.