
26 ქვეყანა მზად არის, გაგზავნოს უკრაინაში ძალები ან უზრუნველყოს დახმარება ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ 26 ქვეყანა მზად არის, გაგზავნოს უკრაინაში ძალები ან უზრუნველყოს დახმარება ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში.
ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის, ასევე ევროპელი ლიდერების და ვოლოდიმირ ზელენსკის დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაკრონმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო კონტინგენტი არ განთავსდება შეხების ხაზებზე.
მისი თქმით, ძალების განთავსების ზუსტი ზონა ამჟამად განისაზღვრება.
როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, „მსურველთა კოალიციის“ მიდგომა უსაფრთხოების გარანტიებისადმი ორი ელემენტისგან შედგება. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, საუბარია უკრაინის არმიის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა მან შეძლოს ნებისმიერი პოტენციური აგრესიის შეკავება.
„მეორე ელემენტი არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები. დღეს 26-მა ქვეყანამ ფორმალურად გამოხატა ინტერესი, ან გაგზავნოს უკრაინაში კონტინგენტი, ან უზრუნველყოს გარკვეული საშუალებები ამ კოალიციის მხარდასაჭერად ზღვასა და ჰაერში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – თქვა მაკრონმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამარჯვება უწოდა იმ ქვეყნების რაოდენობას, რომლებმაც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობის მზადყოფნა დაადასტურეს.
„ჩვენ გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერის იმედი. ამერიკის ზუსტი წვლილი უახლოეს დღეებში დაკონკრეტდება“, -აღნიშნა ზელენსკიმ.