24 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მარში გაიმართება
24 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მარში გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში 19:00 საათზე დაიწყება, ისინი მარშით სოლიდარობას გამოუცხადებენ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ პირს.
„ „რუსული კანონის“ ინიცირებიდან დღემდე, შეთითხნილი ბრალდებით, პროტესტში მონაწილე 2 ასეულ ადამიანზე მეტი დააკავა პოლიციამ. ათეულობით ადამიანს მისდის საჯარიმო ქვითრები არჩადენილი სამართალდარღვევებისთვის. ასეულობით ადამიანს იბარებენ უსაფუძვლოდ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხად.
ათეულობით ადამიანი პოლიციამ სასტიკად ცემა, ზოგიერთი მათგანი დღემდე მკურნალობს.
ჩვენ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც: პოლიცია დაგვიცავს;
ხელისუფლების ხელში პოლიტიკური იარაღი არ იქნება;
პოლიციელების შვილები იამაყებენ მათი მშობლების საქციელით;
პოლიციელი დასაჭერად კრიმინალებს დასდევს და არა ლაღ, სამშობლოსთვის გულანთებულ, თავისუფლებისთვის მებრძოლ და განათლებულ ახალგაზრდებს.
არ გვინდა ჩვენი თანატოლები და მეგობრები სირცხვილით მალავდნენ, თუ რას საქმიანობენ მათი პოლიციელი მშობლები. მათი შვილებიც ხომ ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
დღეს კი, სამწუხაროდ, პოლიცია არა კანონს, არამედ შეთქმულების თეორიებით შეპყრობილ ივანიშვილს ემორჩილება და თავად იქცა მთავრ მოძალადედ. შინაგან საქმეთა მინისტრი, გომელაური ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველია და საქართველოს პოლიცია ივანიშვილის დაცვის პირად სამსახურად აქცია – ეს ნებისმიერ ქართველს შეურაცხყოფს.
ამიტომ, 2024 წლის 24 მაისს, 19 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და დავიძრათ მარშით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ, რათა სარკეში ჩავახედოთ და ვაჩვენოთ პოლიციელებს, როგორ გამოიყურებიან, როდესაც უსწორდებიან საქართველოს უკეთესი მომავლისათვის მებრძოლ დებს, ძმებსა და შვილებს.
ამ მარშით სოლიდარობა ვაჩვენოთ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ თანამებრძოლს.
კი ევროპას!
არა რუსულ კანონს!“, – აღნიშნულია განცხადებაში.