
“ევრობარომეტრის” კვლევის თანახმად, 2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული, გამოკითხულთა 51% კი ეროვნულ მთავრობას ენდობა
“ევრობარომეტრი” კვლევის თანახმად, 2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული. ანგარიშის თანახმად, საქართველოში ევროკავშირს გამოკითხულთა 49% ენდობა.
“ევრობარომეტრის” კვლევა საქართველოში 2025 წლის 27 მარტიდან 15 აპრილამდე ჩატარდა, რა დროსაც 1011 რესპონდენტი გამოიკითხა.
სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 37 % მიდრეკილია ევროკავშირისადმი უნდობლობისკენ, 14%-ის პასუხია “არ ვიცი”.
გამოკითხულთა 43% ევროკავშირის მიმართ დადებითად არის განწყობილი, 38% – ნეიტრალურად, 18% – ნეგატიურად, 1%-ს კი არ აქვს პასუხი კითხვაზე.
გამოკითხვის თანახმად, საქართველოში შემოდგომას ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, 9%-ით შემცირებულია იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყნის წევრობა ევროკავშირში კარგია. ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენს. რესპონდენტთა 7% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობა ცუდია, 28% კი ფიქრობს, რომ ეს არც კარგია, არც ცუდი. გამოკითხულთა 75% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობისგან სარგებელს მიიღებს, ეს მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით, 7%-ით არის შემცირებული.
სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში გამოკითხულთა 51% ენდობა ეროვნულ მთავრობას, 44% კი არ ენდობა. ასევე, რესპონდენტთა 48% ენდობა ეროვნულ პარლამენტს, არ ენდობა 45%.
ქვეყნის ეკონომიკაში ვითარებას ნეგატიურად აფასებს გამოკითხვის მონაწილეთა 40%, 56% კი მიიჩნევს, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება ცუდია. საცხოვრებელ ხარჯებსა და მზარდ ფასებს ქვეყნის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს რესპონდენტთა 33%, 19% კი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ეკონომიკურ სიტუაციას ასახელებს. 24% ფიქრობს, რომ ეს უმუშევრობაა.
“ევრობარომეტრი” არის საზოგადოებრივი აზრის კვლევების სერია, რომელიც ევროკომისიისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების დაკვეთით 1974 წლიდან რეგულარულად ტარდება.