2024 წლის ივნისში უკვე გვქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე – ანიტა ჰიპერი
ევროკომისია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მედიაში გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ 2024 წლის ივნისში მათ უკვე ჰქონდთა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე
“ჩვენ ვხედავთ ფაქტებიდან ყურადღების გადატანის მორიგ მცდელობას. ამ დროისთვის უკვე მიჩვეულები ვართ საინფორმაციო პროპაგანდას ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ, მოდით ფაქტებს სიცხადე შევძინოთ – უკვე 2024 წლის ივნისში ჩვენ გვქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე და რომელიც ასრულებდა პირველ გამოსაფხიზლებელ მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მათ შეეცალათ აღებული კურსი. ჩვენ ვხედავთ იმავე „ქართული ოცნების” ხელისუფლებას, პარლამენტის უმრავლესობას იგივე პარტია წარმოადგენს და იმის ნაცვლად, რომ შეცვლილიყო დემოკრატიისთვის მსგავსი დესტრუქციული ქმედებები, ჩვენ მხოლოდ ვხედავთ, რამდენად მწვავდება ეს ქმედებები ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, ჟურნალისტების დაპატიმრებითა და მშვიდობიანი პროტესტანტებზე თავდასხმით. ჩვენ გვქონდა ევროკომისიის დასკვნა 2024 წლის ივნისში, ეს, ასევე, გვქონდა ოქტომბერში, დეკემბერში და ამ კვირას გაფართოების ანგარიშით კვლავ ვიხილეთ, რომ ამ ქმედებების შედეგი არის ის, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელადაა”, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2″-მა დღეს გაავრცელა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის 5 ნოემბრის წერილიდან ირკვევა, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს, ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე აღარ დააყენებდა საკითხს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შესახებ, თუმცა, შემოთავაზების შემთხვევაში, წინადადებას დათანხმდებოდა, 2024 წლის 28 ნოემბერს გააკეთა.