“მზად არიან თუ არა საფრანგეთის არმიის ჯარისკაცები მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებისთვის?”-Le Journal du Dimanche
“მზად არიან თუ არა საფრანგეთის არმიის ჯარისკაცები მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებისთვის?” – ასეთი სათაური აქვს ფრანგულ ყოველკვირეულ გაზეთ „ლე ჟუღნალ დი დიმანშში“ (Le Journal du Dimanche) გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც საფრანგეთის არმიის ნაწილების უკრაინაში სავარაუდო გაგზავნას ეხება. პუბლიკაციის ავტორები – ანტუან ჟოფრეი და ნიკოლა კიუკო – წერენ, რომ ზოგიერთ ფრანგულ ქვედანაყოფებში ისეთი სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს, რომლებიც მაქსიმალურად უახლოვდება რუსეთ-უკრაინის ომის ეპიზოდებს, საწვრთნელი ადგილის ლანდშაფტი დონბასს ჰგავს და ა.შ.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
სავალდებულო ვაქცინაცია, წვრთნები ისეთ პირობებში, რომელიც სტეპურ რელიეფს ჰგავს და ხმები საარმიო ქვედანაყოფების უკრაინაში გადასროლის თაობაზე: საფრანგეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებისათვის არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა უკრაინის ომში გაგზავნის პერსპექტივა. ახალგაზრდა ოფიცრებს არცთუ სასიამოვნო წინათგრძნობა აქვთ.
“თუ ჩვენ იქ გაგვგზავნიან, ხორცსაკეპში მოვხვდებით…”
ალექსანდრემ სულ ორიოდე წლის წინ დაამთავრა საფრანგეთის ცნობილი და პრესტიჟული სამხედრო აკადემია, რომელიც პარიზის კვარტალ სენ-სირში მდებარეობს. გასულ კვირაში ქვეითი სახმელეთო ჯარების ახალგაზრდა ლეიტენანტს ტკიპური ენცეფალიტის აცრა გაუკეთეს – ეს ის ვაქცინაა, რომლითაც უკრაინასთან ახლოს, რუმინეთში მდებარე ფრანგულ სამხედრო ბაზებზე მომსახურე ჯარისკაცებს ცრიან. მართალია, იმ პოლკის მეთაურობა, რომელშიც ალექსანდრე ირიცხება, არაფერს არ ამბობს უკრაინაში გადასროლაზე, მაგრამ… თვითონ ლეიტენანტი სხვანაირად ფიქრობს:
„ჩვენი ქვედანაყოფის ოფიცრები ვთვლით, რომ აცრების ჩატარება და წვრთნების სპეციფიკური ხასიათი სწორედ იმის აშკარა ნიშნებია, რომ შეიძლება უკრაინაში წაგვიყვანონ. არ ვიცით, კონკრეტულად სად და რომელ ფრონტზე, როგორი მისიით, მაგრამ ეჭვი აღარ მეპარება იმაში, რომ თუ მართლაც იქ გაგვგზავნიან, დანაკარგები ძალიან დიდი იქნება“, – ამბობს 24 წლის ალექსანდრე.
“მე ჯარისკაცი ვარ და როცა მიბრძანებენ, ვიბრძოლებ…”
რამდენიმე კვირა გავიდა იმ დღიდან, როცა ერთი მხრივ, ემანუელ მაკრონს, ფრიდრიხ მერცს და კირ სტარმერს, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის ხელმძღვანელობას შორის მკვეთრი განცხადებების გაცვლა მოხდა რუსეთ-უკრაინის ომში ნატოელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის თაობაზე. შესაბამისად, ფრანგი ჯარისკაცების გონებაში სულ უფრო მკაფიოდ იხატება სამხედრო ჩარევის შესაძლებლობა.
რესპუბლიკის პრეზიდენტმა მონ-ვალერონში „მსურველთა კოალიციის“ შტაბი დააფუძნა, ანუ იმ სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების ალიანსი, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, უკრაინის არმიის მხარდამჭერ ოპერაციებს განახორციელებენ – ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის გარანტორების როლს შეასრულებენ (რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება).
კოლექტიური ძალების ასეთი პერსპექტივა კაპრალ ლუისათვის დამამშვიდებელია – მას სამი წელი დარჩა თადარიგში გასვლამდე: „რა თქმა უნდა, თუ ფრანგი ჯარისკაცები სხვა ქვეყნების სამხედროებთან იქნებიან გაერთიანებულები, ეს უფრო უკეთესია. აბა, სად მარტო ბრძოლა და სად ყველასთან ერთად“, – აცხადებს ლუი. თუმცა იგი შიშობს, რომ საფრანგეთი არმიის ქვედანაყოფები მხოლოდ მას შემდეგ გაიგზავნებიან უკრაინაში, როცა „რუსები ფრონტს საბოლოოდ გაარღვევენ“. მართალია, ლუი წესით მალე სამხედრო კარიერას დაამთავრებს, მაგრამ თუ მას უბრძანებენ, „სიცოცხლეს გარისკავს“: „მე ჯარისკაცი ვარ და კონტრაქტს ხელი მოვაწერე. თუ საჭირო გახდება ამის გაკეთება, უკან არ დავიხევ”.
“რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა? მე ამაზე ხელი არ მომიწერია…”
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ფრანგი სამხედროები უკრაინის ფრონტის მსგავს პირობებში იმყოფებიან. სანგრები, დრონები, რადიოელექტრონული ბრძოლა, შეტევების იმიტაცია… წვრთნების პოლიგონზე ხშირად არიან უკრაინელებიც, რომლებიც ფრანგებს გამოცდილებას უზიარებენ. „ჩვენ თავდაპირველად ძალიან გაგვიკვირდა ქერათმიანი ბიჭების გამოჩენა, რომლებმაც ფრანგულად ერთი სიტყვის თქმაც კი არ შეეძლოთ“, – ამბობს შარლ-ანრი, ფრანგი საზღვაო ქვეითი, რომელიც შერბურის სამხედრო-საზღვაო ბაზაში მსახურობს.
თუმცა ბევრს ეჭვი ეპარება, რომ ფრანგები მზად არიან უმაღლესი დონის აქტიურობის მქონე კონფლიქტში მონაწილეობისათვის. „ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ფრონტული მოვლენების ვიდეოჩანაწერებს, როცა დრონები ცას ფარავენ, როცა ლოჯისტიკური დერეფნები ყოველთვის ცეცხლშია გახვეული და განუწყვეტლივ იბომბებიან. ცხადია, ჩვენი არმია „სირცხვილით არ გაწითლდება“, არც ჩვვენ არ გვაკლია გაბედულება, მაგრამ თანამედროვე ომში… მე დარწმუნებული არა ვარ, რომ ბოლომდე მზად ვართ იმისათვის, რაც წინ გველოდება“, – განმარტავს საზღვაო ქვეითი.
ევროპული სამხედრო კონტინგენტის უკრაინაში განთავსება, საერთო აზრით, პარიზს და ბრიუსელს ძალიან ძვირი დაუჯდებათ, ცოცხალი ძალის მსხვერპლის გათვალისწინებით. გარდა ამისა, ბევრს კითხვა ებადება კონფლიქტში ჩარევის მოტივებს შესახებ: „მშვიდობის დაცვა „ცისფერჩაფხუტიანების“ მსგავსად? კი, ბატონო, რატომაც არა… მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა? ღმერთო, დაგვიფარე… მე ამაზე ხელი ნამდვილად არ მომიწერია“, – აცხადებს ალექსანდრე.